ფონდ

ფონდ "ავერსის" თანადგომით ხონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და საერთაშორისო ასოციაციამ - "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია 24 მარტს ხონის რაიონში გამართეს.  უფასო სამედიცინო  კვლევები და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები  450-მდე ადამიანს ჩაუტარდა. ამასთან, აქციის თითოეულ მონაწილეს, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა. 

აქცია ხონის რაიონში დასახლებული ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის დაიგეგმა, თუმცა, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიღების მსურველნი ადგილობრივი მოსახლეობიდანაც მრავლად აღმოჩნდნენ. აქციის ორგანიზატორებმა  დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს სრული სერვისი შესთავაზეს და გული არავის დაწყვიტეს. 

აქციის შესახებ გვესაუბრა საერთაშორისო ასოციაციის - "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე:

- "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ხელშეკრულება 2016 წელს გავაფორმეთ და ჩვენი თანადგომა შევთავაზეთ აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და დიდი სამამულო ომის  ვეტერანებს. მათი უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში კომპაქტურად არის დასახლებული, ბევრია ლტოლვილიც.

24 მარტს ჩვენი აქცია ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს დაემთხვა, თუმცა ექიმების მობილიზება მოვახდინეთ და 11 სპეციალისტისგან შემდგარი ბრიგადით ხონს ვესტუმრეთ. ამ რაიონში ბევრი ვეტერანი ცხოვრობს, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, აქციის შესახებ ინფორმაცია მეზობელ რაიონებშიც გავრცელდა და უფასო სამედიცინო კონსულტაციისა და მედიკამენტების მიღების მსურველები  ვანის, თერჯოლისა და სამტრედიის რაიონებიდანაც ჩამოვიდნენ. ამასთან, აქცია ვეტერანებისთვის დაიგეგმა, თუმცა მასში  მონაწილეობის მიღების მსურველი  ადგილობრივი მოსახლეობიდანაც ბევრი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმები უარით ვერავის გაისტუმრებდნენ... 

აქციაში მონაწილეობდა 11 ექიმი-სპეციალისტი, მათ შორის: კარდიოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,  ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი, ნევროლოგი... სრული დატვირთვით მუშაობდა ლაბორატორია, ტარდებოდა კარდიო-კვლევები და დოპლეროსკოპია. მიკრო-ავტობუსი, რომელიც მობილური სამედიცინო აპარატურით გახლდათ აღჭურვილი ამ კვლევების სრულფასოვნად ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევდა...

მოსახლეობას, ასევე, ჩაუტარდა პაპ-ტესტები და პროსტატის პათოლოგიების პროფილაქტიკური კვლევები...

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ამ აქციის მხარდასაჭერად  ფართო სპექტრის მედიკამენტები გადმოგვცა - ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, კარდიოლოგიური, წნევის მარეგულირებელი,  გაციებისა და სეზონური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო მალამოები, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...

მედიკამენტები ჯერ ჩვენს ოფისში დავახარისხეთ, შემდეგ გავუნაწილეთ ექიმ-სპეციალისტებს, რომლებსაც პროფილისა და დანიშნულების მიხედვით უნდა გადაეცათ პაციენტებისთვის.  ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

ფონდ "ავერსთან" ჩვენი ურთიერთობა წლებს ითვლის. არ მახსოვს შემთხვევა, რომ ასეთი აქცია დაგვეგეგმა და "ავერსისგან" სათანადო მხარდაჭერა არ მიგვეღო. ჩვენი ორგანიზაცია პროფესიონალ ექიმებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს და მოსახლეობას, რომლისთვისაც სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება არ გახლავთ ხელმისაწვდომი, საქველმოქმედო აქციებს - უფასო კვლევებსა და კონსულტაციებს სთავაზობს. "ავერსის" თანადგომით აქციის ყოველ მონაწილეს საჭირო მედიკამენტებითაც უზრუნველვყოფთ.

ასეთი პროფილის აქციები გვქონდა ლენტეხისა და თუშეთის რაიონებში, ომის პერიოდში საზღვრისპირა სოფლებში ჩავდიოდით, ერგნეთშიც გახლდით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი პირველი ასეთი აქცია 2016 წლის 17 დეკემბერს საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში ჩავატარეთ.

2017 წლის თებერვალში და ივნისში ორჯერ ვესტუმრეთ ვაზიანში კომპაქტურად დასახლებულ ვეტერანებს. იმავე წლის ივლისში მსგავსი აქცია ხარაგაულის რაიონის მოსახლეობისთვის ჩატარდა.

2017 წლის ოქტომბერში წყალტუბოში გახლდით... ყოველი ასეთი აქცია ფონდ "ავერსის" ხელშეწყობით იმართება.

ყველგან გვხვდებიან ძალიან დათრგუნული ადამიანები, რომლებსაც ომმა და გაჭირვებამ უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დაუტოვათ. ბევრს შეერყა ჯანმრთელობა, დაენგრა ფსიქიკა, უმრავლესობა  შრომისუუნარო გახდა.  ეს ადამიანები, რომლებიც ყოველი ჩვენგანისგან დაფასებას და პატივისცემას იმსახურებენ, დღეს უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან.

სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ფონდ "ავერსის" თანადგომა და  მედიკამენტებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ - წამლების გარეშე, ჩვენი ქველმოქმედება მხოლოდ სანახევრო სიკეთე იქნებოდა...

მადლიერება მინდა გამოვხატო ფონდ "ავერსის" დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მიმართ. ეს ადამიანი უდიდეს საქმეს ემსახურება - ქველმოქმედებას ეწევა.

ფონდ "ავერსთან" ვუშუამდგომლეთ სასულიერო სემინარიას, რომლის სამედიცინო კაბინეტიც, ასევე, ფონდის მიერ მოწოდებული მედიკამენტებით შეივსო. აქ საერთო საცხოვრებელში 60-მდე სტუდენტი ცხოვრობს და საჭიროების შემთხვევაში მათ  წამლებით დაეხმარებიან. 

ბატონი პაატა ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელიც ქვეყანას გაჭირვების ჟამს დაუდგა გვერდში. იმედია, ჩვენი ურთიერთობა ფონდ "ავერსთან" და მის შესანიშნავ თანამშრომლებთან კვლავ გაგრძელდება... კიდევ ბევრ რაიონს მოვივლით და გაჭირვებულ ხალხს პატარა შვებას მაინც მოვგვრით" - აღნიშნა ქალბატონმა მაიამ.

თავად საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" 1992 წელს შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციას  მრავალფეროვანი პროექტები აქვს. დახმარებას უწევენ ომში მარჩენალდაკარგულ და მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, ხანდაზმულ  მოხუცებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან სოციალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.  სისტემატურად ეხმარებიან  ხანდაზმულთა და მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს...

საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ამერიკელი დონორების მხარდაჭერით  2010 წლიდან ახორციელებს ეტლით მოსარგებლეთა უზრუნველყოფის პროგრამას. ახალი, ყველგანმავალი და სპორტული  მოდელები  ხონის სამედიცინო აქციის პარალელურად გადასცეს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 22 ადამიანს.

როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, მოთხოვნა  ეტლებზე  გახშირებული თანდაყოლილი დაავადებების, ტრავმებისა და სხვადასხვა პათოლოგიების ფონზე ყოველწლიურად მატულობს და მათთვის დონორი ორგანიზაციებისა და ქველმოქმედი ადამიანების თანადგომა,  მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთი იმედია.  

გააზიარე: