საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მცხეთა-მთიანეთში დევნილთა დასახლების მცირეწლოვან ბინადრებს სიურპრიზი მოუწყო – 3 ნოემბერს წილკნისა და ფრეზეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მედიკამენტები, ტკბილეული, სხეულის ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები მიიღეს საჩუქრად.

– ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას განსაკუთრებით სჭირდება ჩვენი თანადგომა. შევეცადეთ, პატარებისთვის შეძლებისდაგვარად გაგველამაზებინა ეს დღე, საზოგადოებისთვის კი კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად ქცეული ადამიანები და, მით უფრო, მცირეწლოვანი ბავშვები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, – აღნიშნა ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის გამართულ აქციას პედიატრებიც შეუერთდნენ, რომლებმაც პატარებს სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა ია დავითაიამ საუბრისას გვითხრა, რომ დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პატარებისთვის სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
– ამ დასახლებაშიც, ისევე როგორც ყველგან, არიან ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა აქვთ, ამიტომ ექიმის დახმარება მათთვის მუდამ დროული და აქტუალურია. ვესაუბრები დედებსაც და დაავადებათა პრევენციის გზებსა და საშუალებებს ვაცნობ, ვურჩევ, როგორ დაიცვან თავიანთი პატარები გახშირებული ავადმყოფობისგან.
აქციას შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებმაც დევნილ პატარებს ფერადი ფანქრები, სახატავი რვეულები, სათამაშოები და წიგნები გადასცეს. სტუდია "ჭინჭრაქას" პატარა მსახიობებმა ბავშვებისთვის კონცერტი გამართეს.
აქციაში ჩართვის სურვილი გამოთქვა ესტონეთში ქართული სათვისტომო ორგანიზაციის "ქართული სახლის" წარმომადგენელმა ნატო წერეთელმაც:
– ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ჩემი ვიზიტი ამ აქციას დაემთხვა და შესაძლებლობა მომეცა, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პატარებისთვის პირადად გადამეცა საჩუქრები – ილუსტრირებული წიგნები და სათამაშოები, რომლებიც, იმედი მაქვს, ბავშვებს ნამდვილად გაახარებს და ცხოვრებას უფრო მეტად გაუფერადებს.
ბერლინის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელმა სილვა ქემერტელიძემ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს აქცია კიდევ ერთი კეთილი საქმეა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანადგომით განხორციელდა.
მცხეთა-მთიანეთის დევნილთა დასახლების ბავშვებს ფონდმა "ავერსმა" ნამდვილი ზეიმი მოუწყო.

გააზიარე: