საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ორგანიზაცია "ქალთა საბჭოს" წარმომადგენლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა
და ღვაწლმოსილ ქალბატონებს საშობაო საჩუქრები გადასცა.
აქციის შესახებ საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან გაბრუაშვილს ვესაუბრეთ:
- საქართველოს ქალთა საბჭო 1945 წელს აკადემიკოსმა ქალბატონმა ნინო ჯავახიშვილმა დააარსა. ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს ქალბატონი მზექალა შანიძეა. საბჭოს მიზანი და ამოცანა გახლავთ ქალთა როლის ამაღლება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ასევე, მათი უფლებების დაცვა, სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებზე ზრუნვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მატერიალური და მორალური თანადგომა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
ჩვენი მიზანია მარტოხელა დედების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ქალებისა და მოზარდების უფლებების დაცვა; ქველმოქმედება; კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოჯახების სამედიცინო გამოკვლევა და დახმარება... რა თქმა უნდა, ამ ამოცანების შესრულება რთული იქნებოდა, რომ არა ისეთი ქველმოქმედი ადამიანების თანადგომა, როგორიც ბატონი პაატა კურტანიძეა. ამ აქციების ორგანიზებაში აქტიურ დახმარებას გვიწევს საქველმოქმედო ფონდი'"ავერსი". მისი თანადგომით და დახმარებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით კი, საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო გამოკვლევებს ვატარებთ და აქციის მონაწილეებს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველვყოფთ. ბოლო წლის განმავლობაში 14 სოფლის მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და თითოეულ პაციენტს პირველადი მოხმარების მედიკამენტები სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით. სულ, ამ აქციების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1800 ადამიანი გაისინჯა.
ამ თანადგომისთვის ფონდი'"ავერსი" მოსახლეობის დიდ მადლობას და პატივისცემას იმსახურებს.
"ქალთა საბჭო" დიდ მადლობას უხდის ფონდის დამაარსებელს ბატონ პაატა კურტანიძეს თანადგომისა და გაწეული დახმარებისათვის. მადლობას ვუხდით ფონდის ხელმძღვანელს ქეთევან ნემსაძეს და მთელს მის გუნდს, ვინც დიდი გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით გვიწილადებს სითბოსა და სიყვარულს... მართლაც დიდ პატივისცემას იმსახურებს "ავერსის" მთელი კოლექტივი, რადგან სამწუხაროდ, იშვიათობაა კერძო სექტორის მხრიდან ასეთი თანადგომა და კეთილი საქმის მსახურება...
მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმ ყურადღებისა და დაფასებისთვის, რაც ფონდის მხრიდან ყოველთვის იგრძნობა. ახალი წელიც გამორჩეულად, ლამაზად და "ავერსისთვის" დამახასიათებელი გულუხვობით მოგვილოცეს... ქალთა საბჭოს ღვაწლმოსილ ქალბატონებს საჩუქრები გადმოგვცეს.
ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, აკადემიკოს მზექალა შანიძის და საბჭოს წევრი ქალბატონების ინიციატივით საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს, მრავალშვილიანი ოჯახის მამას, ქველმოქმედსა და მეცენატს ბატონ პაატა კურტანიძეს ხალხისთვის გაწეული დახმარებისთვის საქართველოს ქალთა საბჭოს მედლით ვაჯილდოებთ.
მადლიერების სიგელს გადავცემთ, ასევე, საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს _ ქეთევან ნემსაძესა და თეონა ქობალიას.
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემა აღნიშნა, რომ მათთვის მადლობის სიგელები ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი სიურპრიზი აღმოჩნდა:
- საქართველოს ქალთა საბჭო უკვე ექვს ათეულ წელიწადზე მეტია დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უდედმამო ბავშვებს, მარტოხელა ქალებს - ეს ორგანიზაცია ბევრ საინტერესო სოციალურ პროექტს ახორციელებს, რაშიც ჩვენი ფონდი მას მხარში უდგას. ამასთან, "ქალთა საბჭო" ღვაწლმოსილ ქალბატონებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, "ფონდმა ავერსმა" გადაწყვიტა, რომ მათთვის შობა-ახალი წელი განსაკუთრებულად მიგველოცა და მათ მიმართ ჩვენი თანადგომა და პატივისცემა გამოგვეხატა. "ფონდი ავერსი" ულოცავს "ქალთა საბჭოს" შობა-ახალ წელს და უსურვებს წინსვლას, წარმატებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.