1990 წელს გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ამით მთელს მსოფლიოს ხანშიშესული ადამიანების დაფასებისკენ, პატივისცემისკენ, თანადგომისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას ჩვენი ქვეყანა 2003 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 1 ოქტომბერს საქართველოშიც აღნიშნავენ.
წლეულს "საქართველოს პენსიონერთა კავშირისა" და "საქართველოს წითელი ჯვრის" ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ღონისძიების საპატიო სტუმარი გახლდათ. ის უკვე წლებია ზრუნავს საქართველოს პენსიონერთა კავშირის წევრებსა და იმ ხანდაზმულ მოსახლეობაზე, ვისაც ყურადღება და მზრუნველობა განსაკუთრებით სჭირდებათ. ფონდმა პენსიონერთა კავშირს მათთვის საჭირო მედიკამენტები გადასცა და პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
საქართველოს პენსიონერთა კავშირის დამფუძნებელს, ბატონ ადერკინ კოპლატაძეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ფონდ "ავერსის" თანადგომასა და ხანდაზმული მოსახლეობის პრობლემებზე ვესაუბრეთ:
- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მისი პიროვნული უნარები და შესაძლებლობები - ფიზიკური, სულიერი, სოციალური რესურსები სუსტდება და მოდის სიბერე... და მათ განსაკუთრებული თანადგომა, ყურადღება და პატივისცემა სჭირდებათ.
1 ოქტომბრის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებაც და აღნიშვნაც სასიხარულო ფაქტია - ჩავატარეთ კონცერტი, სადაც ბევრმა ცნობილმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. მე, როგორც საქართველოს პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარე, თავად უხუცესი ადამიანი, რომელსაც დეკემბერში 96 წელი შემისრულდება, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ეს იდეა გაუჩნდა და რეალურად განახორციელა. ვფიქრობ, ეს არის უაღრესად კეთილშობილური და ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციად მკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში.
- დღეს საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა 800 000-ზე მეტია. სამწუხაროდ, უმრავლესობა ცხოვრების გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მათი ფინანსური და სოციალური მდგომარეობა საკმაოდ რთულია...
- მართლაც, უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოში მცხოვრები პენსიონერების პრობლემა არ გახლავთ - ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოუგვარებელი და არადამაკმაყოფილებელია. ამ მდგომარეობამ განაპირობა 2002 წლის აპრილში, მადრიდში, გაეროს მეორე მსოფლიო ასამბლეაზე სპეციალური დოკუმენტის მიღება, რომელიც მოხუცებულთა უფლებების დაცვის, მათი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების სტრატეგიულ გეგმას ითვალისწინებდა.
მოგვიანებით, 2010 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააარსა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვის გაძლიერება, შესაძლო პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის საუკეთესო გზების ძიება გახლავთ. ხანდაზმულთა საკითხებზე აქტიურად მუშაობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიაც და სხვა არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში.
ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა. ასეთ ვითარებაში, დღეს საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ის ორგანიზაციები, რომლებიც ხანდაზმულთა უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იბრძვიან. ამ კეთილშობილ და საპატიო საქმეს საქართველოს პენსიონერთა კავშირი 2000 წლიდან ემსახურება და შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეულ რეალურ დახმარებას უწევს პენსიონერთა საკმაოდ დიდ არმიას. თუმცა ეს ბევრი არ არის იმ საჭიროებებთან შედარებით, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ. დღეს თუ ყველა მოვინდომებთ - სახელმწიფოც და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც - პენსიონერთა ყოფა საგრძნობლად შემსუბუქდება.
და მაინც, ჩვენი ძალისხმევა არ იქნებოდა შედეგიანი, რომ არა ქველმოქმედი ორგანიზაციები, ფონდები და კეთილი ადამიანები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანადგომა. ფონდი პერიოდულად ყველა საჭირო და აუცილებელი მედიკამენტით სრულიად უსასყიდლოდ გვამარაგებს. მერწმუნეთ, ამგვარი მხარდაჭერა უამრავი ხანდაზმული ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების, გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსია.
ამიტომ განსაკუთრებით მისასალმებელია და სასიხარულო ყველა ის მოვლენა, რომელიც პენსიონერთა მიმართ თუნდაც მცირეოდენ ყურადღებასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს იწვევს უდიდესი მადლიერების გრძნობას ყველა იმ პირის, ორგანიზაციისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც არ ივიწყებენ ხანდაზმულ ადამიანებს.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უერთდება საყოველთაო ზეიმს და კიდევ ერთხელ გულითადად ულოცავს მსოფლიოს ყველა ხანდაზმულსა და საქართველოს ყველა პენსიონერს ამ მნიშვნელოვან დღეს.
ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ.