საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უსინათლოთა ორგანიზაციებს დაეხმარა

"ქველმოქმედება მადლია, რომელიც უკან ლოცვად გვიბრუნდება – გაჭირვებული ადამიანების მიერ აღვლენილი ეს ლოცვა ცხოვრების ყველაზე მძიმე ჟამს გაგვინათებს გზას". მამა ანთიმოზი
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უამრავ პროექტს ახორციელებს, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს, უნარშეზღუდულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მოხუცებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა ყოფით პრობლემას უმსუბუქებს. ფონდი წლებია მედიკამენტებით უზრუნველყოფს უსინათლოთა ორგანიზაციებს. ოქტომბრის პირველ რიცხვებში "ავერსმა" ორ ასეთ ორგანიზაციას – აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ "ჰერას" და "საქართველოს უსინათლოთა უფლებების დაცვის საზოგადოებას" მათთვის საჭირო მედიკამენტები გადასცა. აქციის შესახებ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელს ქეთევან ნემსაძეს ვესაუბრეთ:
– "მოგეხსენებათ, მძიმეა ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანის ბედი, მაგრამ ორმაგად მძიმეა ისეთი ადამიანის ხვედრი, ვისაც არ ესმის, ვერ ხედავს, ვერ მეტყველებს და თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობს. ასეთი ადამიანები საქართველოში მრავლად არიან და ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაციაში ხვდებიან. ზოგი თვითონ, ზოგი კი ამ ორგანიზაციების დახმარებით მოგვმართავს საქველმოქმედო ფონდ "ავერსს", რათა სამედიცინო დახმარება გავუწიოთ, მედიკამენტებით უზრუნველვყოთ, მაგალითად აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი "ჰერა", საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი, საქართველოს უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაცია... ასეთ ორგანიზაციებს განსაკუთრებული გულისყურით ვეპყრობით და ვცდილობთ, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგეთ. ფონდ "ავერსის" დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ჩვენთან შემოსულ წერილებს პირადად, გულისყურით ეცნობა და უყურადღებოდ არც ერთ მათგანს არ ტოვებს.
ოქტომბრის თვეც საკმაოდ დატვირთული გახლდათ მსგავსი ტიპის აქციებით და ჩვენმა ფონდმა კიდევ მრავალ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება".
ვესტუმრეთ უსინათლოთა იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც "ავერსისგან" მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. "ჰერა" და უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაცია ავლაბარში, გურჯაანის ქუჩაზე ერთ შენობაში არიან განთავსებულნი. ნაგებობა ავარიულია და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ფართი ასოციაციებს მფლობელობაში არ გადაეცათ, აქ საკმაოდ მძიმე პირობებია შექმნილი, თუმცა ფართით მოსარგებლეებს მისი შეკეთების არც შესაძლებლობა აქვთ და არც იურიდიული უფლება. ჩვენ ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ უსინათლოთა პრობლემებსა და "ავერსის" საქველმოქმედო აქციის მნიშვნელობაზე.

* * *
ხვიჩა გუნია აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის "ჰერას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ვიცე-თავმჯდომარე გახლავთ. ორგანიზაცია 2000 წელს 17 ივლისს ჩამოყალიბდა და მისი მისია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უსინათლოების, მცირემხედველების, ყრუების, სმენადაქვეითებულების მოძიება და ორგანიზაციაში გაწევრიანება გახლდათ.
კავშირში საქართველოს მასშტაბით 800-მდე ბენეფიციარი გაერთიანდა. როგორც ბატონმა ხვიჩამ აღნიშნა, "ჰერა" ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელშიც მცირეწლოვნებიც არიან აღრიცხულნი. ასევე უარით ვერ ისტუმრებდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და მათაც, ისევე როგორც დევნილებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდნენ. ორგანიზაციას დღეს საქართველოს მასშტაბით კიდევ ორი ფილიალი აქვს – სამეგრელოსა და იმერეთში. კახეთის რეგიონს კი ცენტრალური ფილიალი უწევს დახმარებას.
– ჩვენს კავშირში 100-მდე ტოტალურად უსინათლოა გაწევრიანებული. ვცდილობთ ომის ვეტერანებსა და ინვალიდებსაც ჯეროვანი ყურადღება მივაქციოთ. ჩვენი ძირითადი სტაფიც ომის ვეტერანებითა და უნარშეზღუდული ადამიანებით გახლავთ დაკომპლექტებული.
ორგანიზაცია დროთა განმავლობაში გაიზარდა და პროექტების შედგენა დავიწყეთ. დაიგეგმა უნარშეზღუდულთათვის პროფესიული გადამზადების კურსი. ტრენინგები ჩავუტარეთ კონფლიქტოლოგიაში, მცირე ბიზნესისა და იურიდიულ საკითხებში. უსინათლოები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლნენ, 7-მა ტოტალურად უსინათლომ მასაჟის შემსწავლელი კურსები გაიარა, აიღო სერტიფიკატი და მუშაობაც დაიწყო... ზოგმა მათგანმა ბუღალტერიის კურსი გაიარა და ოჯახის წევრებს მცირე ბიზნესის წარმოებაში ეხმარებოდა... შემოსავლის წყარო გაუჩნდათ.
კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი – ვიფიქრეთ, რომ უსინათლოებსა და სმენადაქვეითებულებს ინფორმაციასა და ლიტერატურაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონოდათ, რომ თავი საზოგადოებისგან გარიყულად არ ეგრძნოთ და ჩართული ყოფილიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – თანამედროვე ლიტერატურა რომ წაეკითხათ, მოესმინათ. უნგრეთის დონორმა ორგანიზაციამ საჩუქრად ხმის ჩამწერი სტუდია გადმოგვცა. 2006 წლიდან სტუდიამ ფუნქციონირება დაიწყო – მხატვრული, სამედიცინო, პოპულარული და პროფესიული ლიტერატურის ჩაწერა აუდიო წიგნების სახით ხდებოდა.
თავიდან ჩვენს პროდუქციას რეგიონების ბიბლიოთეკებს, უსინათლოთა სკოლას უფასოდ ვურიგებდით, თუმცა ახლა ბაზარზე გავედით და აუდიო-სტუდია "ჰერას" ინტელექტუალურ პროდუქტს – აუდიო წიგნებს რეალიზაციასაც ვუკეთებთ.
შთამბეჭდავი არქივი გვაქვს. აუდიო წიგნების გაყიდვის შედეგად ისევ უსინათლოთა დასაქმება ხდება. ტენდერებშიც მივიღეთ მონაწილეობა და პროფესიული აუდიო წიგნები გამოვუშვით სტუდენტებისთვის. ძირითადი ხმა ნუგზარ ყურაშვილს ეკუთვნის, მას თან აქვს დართული დესკრიპტორი, რაც ილუსტრაციების აუდიო აღწერასა და განმარტებას გულისხმობს. მასალა ასევე ითარგმნება რუსულ და ინგლისურ ენაზეც.
ჩვენი კავშირის დამსახურებაა ასევე საქართველოში აუდიო წიგნების პირველი ინტერნეტ ბიბლიოთეკის შექმნაც. ყრუებისთვის და სმენადაქვეითებულებისთვის ვიდეო კომიქსებიც შევქმენით – სადაც ტექსტი ჟესტური ენით გახლავთ ახსნილი ან სუბტიტრებით თანდართული.
ჩვენი კავშირი ცდილობს ასევე დონორი ორგანიზაციების მოძიებას და მათი მხარდაჭერით უნარშეზღუდული, სოციალურად დაუცველი, უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანების დახმარებას. პირველად საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" დავუკავშირდით. 2004 წლიდან ვთანამშრომლობთ ამ ფონდთან. დავდეთ ხელშეკრულება, რომლის თანახმად "ავერსი" მედიკამენტებით მუდმივად უზრუნველგვყოფს. ჩვენ კი ამ მედიკამენტებს ბავშვებს, მოხუცებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადავცემთ. მადლობელი ვართ ამგვარი ურთიერთობებისთვის. თითზე ჩამოსათვლელია ორგანიზაციები, რომლებიც ასე უანგაროდ თესავენ სიკეთეს და ძალზედ სასიამოვნოა ასეთი კეთილსინდისიერი, გულისხმიერი ადამიანების მხარდაჭერა.
* * *
საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება 1926 წლიდან არსებობდა და მისი სარეზერვო ფონდი ორას მილიონიან ქონებას ითვლიდა. ორგანიზაცია უამრავ უსინათლოს ეხმარებოდა, თუმცა 90-იან წლებში მისი ფინანსები სრულიად განიავდა. ამ ორგანიზაციის წევრთა უფლებების აღსადგენად 2006 წელს საქართველოს უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაცია დაფუძნდა. სწორედ ამ ორგანიზაციის ძალისხმევით 2001 წელს სახელმწიფომAშიდა ვალად აღიარა მრავალწლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციის ქონების ნაწილი. უსინათლოთა ორგანიზაციის მფლობელობაში მყოფი საწარმოებისა და ფართების დაბრუნების მიზნით ასოციაციამ საქმე აღძრა პროკურატურაში, საჩივარი შეიტანა სასამართლოში, თუმცა დღემდე სანუგეშო არსაიდან არაფერი ისმისო, აცხადებს ასოციაციის დამფუძნებელი ვალერი ოზმანოვი.
– ჩვენი ორგანიზაციის მიზანი, უსინათლოთა უფლებების დაცვის გარდა, მათი მატერიალური მხარდაჭერაც გახლავთ. შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვეხმარებით ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ესაჭიროება.
ჩვენს ორგანიზაციას რეგიონებიდანაც ეხმიანებიან, ზოგი ხელჯოხს გვთხოვს, ზოგი – სახურავის შეკეთებას. ჩვენი ძალებით ყველას დახმარებას ვცდილობთ, თუმცა ასეთი ადამიანები ბევრია, ყველას ვერ გავწვდებით... ვუკავშირდებით დონორ ორგანიზაციებს და მათთან ერთად უამრავ კეთილ საქმეს ვაკეთებთ. საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მედიკამენტები გადმოგვცა, ამ საჩუქარს ყველაზე გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ უსინათლოებს გადავცემთ. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ ფონდის მიმართ. ის მართლაც უდიდეს სიკეთეს თესავს ამ ქვეყანაზე.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მართლაც უამრავ ადამიანს უწევს დახმარებას და მისი შემწეობით უსინათლოები, ყრუ-მუნჯები, სოციალურად დაუცველი ადამიანები მუდმივად სარგებლობენ.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

გააზიარე: