თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი 1980 წელს, პერსონალური პენსიონერებისთვის დაარსდა. დღეს აქ 68 ბენეფიციარი – 33 ქალი და 35 მამაკაცი ბინადრობს.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" თავშესაფარს დახმარებას 2014 წლიდან უწევს – ყოველთვიურად მოხუცებს 2-3 ათასი ლარის ღირებულების მათთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. 21 ივნისს მორიგი ასეთი აქცია გაიმართა – პანსიონის ხანდაზმულ ბინადრებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
პანსიონატს 2013 წლიდან ქალბატონი დარეჯან თომაძე ხელმძღვანელობს. აქციის და "ავერსის" თანადგომის შესახებ მან საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:
– თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მიზანი მოხუცებისთვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ბენეფიციარების გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას, სოციალურ დაცვას, სამედიცინო რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.
პანსიონატის ძირითადი ფუნქციებია ხანდაზმულთა სადღეღამისო მომსახურება, სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების ორგანიზებაც. გართობისა და დასვენებისთვის ჩვენს მოხუცებს შესაბამის პირობებს ვუქმნით, ამასთან ვცდილობთ მათი სოციალური ქსელის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, ხელს ვუწყობთ მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაა. ჩვენს პანსიონატში ყველა ბენეფიციარი სხვადასხვა აქტივობით გახლავთ დაკავებული.
ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენი საქმიანობა ძალზედ რთული იქნებოდა, რომ არა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დახმარება. ის უკვე წლებია ზრუნავს ჩვენს ხანდაზმულ ბინადრებზე და იმედი გვაქვს ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან "ავერსის" კოლექტივის დევიზია: "აკეთე საქმე და დაეხმარე გაჭირვებულს".
წლების მანძილზე დიდი სურვილი მქონდა მადლიერება გამომეხატა "ავერსის" დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მიმართ. ყველა ჩემს სატელევიზიო გამოსვლებსა თუ პრესაში, კითხვაზე ვინ უფრო მეტად ეხმარება თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს, ჩამონათვალში პირველს ყოველთვის "ავერსს" ვასახელებ. და მართლაც, რომ არა თქვენი უანგარო დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ხანდაზმულისთვის წამალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
დიდი მადლობა ჩემი 68 მოხუცისა და ჩემი კოლექტივის სახელით, რადგან თქვენს მიერ ყოველთვიური დახმარება გვიმსუბუქებს პრობლემებს – აღნიშნა ქალბატონმა დარეჯანმა.
სიბერე ადამიანის ცხოვრების კანონზომიერი ეტაპია, თუმცა დღეს ბევრი მოხუცისთვის ღირსეული სიბერე აუხდენელი ოცნებაა. ყველაზე დიდი ტრაგედია კი მოხუცთათვის მაინც მარტოობა, ურთიერთობის ნაკლებობა და შიშია, რომ ერთ დღესაც საზოგადოებისთვის უსარგებლონი იქნებიან.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ამ ადამიანებს მზრუნველობას, სითბოს და ყურადღებას უნაწილებს, ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ღირსეულ სიბერეზე.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.