ავერსი ქობულეთის ხანდაზმულთა ასოციაციას დაეხმარა

ავერსი ქობულეთის ხანდაზმულთა ასოციაციას დაეხმარა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" წლებია ზრუნავს ხანდაზმულებსა და ბავშვებზე, საჭირო მედიკამენტებით ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, მხარში უდგას თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს. ერთ-ერთი ასეთი ასოციაცია, რომელსაც ფონდი "ავერსი" საჭირო მედიკამენტებით მუდმივად ამარაგებს, გახლავთ "ღირსეული სიბერე“. მას ფონდმა წლეულსაც გაუწია დახმარება და ივნისის თვეში სოციალურად დაუცველი 25 ხანდაზმულისთვის საჭირო მედიკამენტები გადასცა.
ასოციაცია "ღირსეული სიბერის" რესურს ცენტრის დირექტორმა ნანა კალანდაძემ აღნიშნა, რომ ქველმოქმედება და თანადგომა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ესოდენ სჭირდება ფონდ "ავერსისთვის" ყოველდღიური საქმიანობაა:
– "ავერსთან" რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ... ყოველწლიურად, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, გვაქვს შესაძლებლობა პირველადი დახმარების მედიკამენტები მივიღოთ და ხანდაზმულ ადამიანებს გავუნაწილოთ. უნდა აღვნიშნო, რომ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" გარდა ასეთ დახმარებას არავინ გვიწევს, თუმცა ჩვენ თხოვნით არა ერთი კომპანიას მივმართეთ.
კერძო სექტორი ჩართული უნდა იყოს საქველმოქმედო საქმიანობაში, ისინი მაგალითად უნდა იქცნენ საზოგადოებისთვის, რათა ადამიანები უფრო სოლიდარულები გახდნენ სოციალურად დაუცველთა და ხანდაზმულთა მიმართ. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სწორედ ასეთი მაგალითია საზოგადოებისთვის. ეს ფონდი უამრავი მოხუცის, მარტოხელა და დაუცველი ადამიანის იმედი და საყრდენია.
– ქალბატონო ნანა, თქვენი ორგანიზაციის შესახებ მოგვიყევით...
– ქალებმა, რომლებმაც გამოიარეს მეორე მსოფლიო ომი, კომუნისტური რეპრესიები, სამოქალაქო და სეპარატისტული ომები დააარსეს ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია "ღირსეული სიბერე". ეს ორგანიზაცია ქობულეთში 2009 წელს დარეგისტრირდა.
ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომლებიც ხანდაზმულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას, მათი უფლებების დაცვას, ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, ხანდაზმულთა რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.
500-მდე ბენეფიციარი გვყავს, მათ შორის 120 სოციალურად დაუცველია. 78 კი – მარტოხელა მოხუცი.
სიბერე ადამიანის ცხოვრების თანმდევი ეტაპია. ყველა ასაკს თავისებური სილამაზე და ხიბლი აქვს. სიბერე ალამაზებს ადამიანს სიბრძნით, სიმშვიდით და ბავშვური გულუბრყვილობით. ხანდაზმულ ასაკში ადამიანები ფლობენ სიღრმისეულ ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ ცხოვრებაგამოვლილ ადამიანებს კაცობრიობის ისტორიაში ბევრი მიღწევა ეკუთნით. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულები საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველ ფენას განეკუთვნებიან – ბევრი მათგანისათვის უზრუნველყოფილი და ღირსეული სიბერე აუხდენელი ოცნებაა. მოხუცებმა განვლეს ცხოვრების გრძელი და რთული გზა, თავიანთ ქვეყანას, ოჯახებს ყველაზე საუკეთესო წლები მიუძღვნეს და ჩვენი სურვილია, რომ მრავალი ხანდაზმული ადამიანისთვის დარჩენილი ცხოვრება იყოს არა სიცოცხლის დასასრულის მოლოდინი, არამედ სრულფასოვანი ცხოვრების კანონზომიერი ეტაპი. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათზე და ჩვენი თანადგომით, სითბოთი ვაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანნი და საჭირონი არიან ისინი საზოგადოებისათვის".
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ხანდაზმულთა მიმართ სწორედ ასეთი თანადგომითა და მზრუნველობით გამოირჩევა – მათ მუდმივად ამარაგებს საჭირო მედიკამენტებით.
ფონდი "ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას.

გააზიარე: