უკვე ტრადიციად ქცეულ აქციას საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა" არც წელს უღალატა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის „მშობლების თანადგომის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ფონდმა ბავშვებს საჩუქრად პირველადი მოხმარების მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ტკბილეული გადასცა. კავშირ „მშობლების თანადგომის“ დამფუძნებლის, გამგეობის თავმჯდომარის ნათია კიკვაძის თქმით, ეს დახმარება პატარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის.
- ჩვენი კავშირისა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება და უდიდესი მადლიერების გრძნობით მინდა ვთქვა, რომ "მშობელთა თანადგომის" ბენეფიციარებს "ავერსი" მუდმივად მხარში უდგას. ამისთვის მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს. მისი თანადგომა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ საჭიროა კერძო სექტორის წარმომადგენელთა დახმარება ამ კატეგორიის ადამიანებისათვის. მით უფრო რომ ჩვენი დღის ცენტრს უამრავი პრობლემა აქვს. დღემდე გადაუჭრელია ფართის საკითხი.
კავშირის 30 ბენეფიციარი უკვე თითქმის წელიწადნახევარია ელოდება ცენტრის ისევ ამოქმედებას, რომელიც 2008 წლიდან 2014 წლამდე უწყვეტად ფუნქციონირებდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მათთვის ესოდენ საჭირო „დღის ცენტრის“ სერვისს აწვდიდა.
ფართი, სადაც დღის ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა, ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის ნოემბერში ქ. თბილისში თევდორე მღვდლის ქ. #46-ში ფართი გადმოგვცა, სადაც ჩვენი კავშირი დღემდეა განთავსებული. მაგრამ, იმის გამო, რომ ფართის ფლობის საბუთი არ გვაქვს, ვერც ლიცენზიის მიღებას და ვერც დღის ცენტრის ამოქმედებას ვახერხებთ.
კომუნალური გადასახადები ისევ ძველი მფლობელის სახელზეა რაც გადახდასთან დაკავშირებით პრობლემას გვიქმნის და ამჟამადაც წყლისა და დენის მოწოდება შეწყვეტილია. შენობაში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, არ გვაქვს გათბობა. ეს ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუმცა დონორები ვერაფრით გვეხმარებიან, რადგან ისევ და ისევ - ფართის მფლობელები არ ვართ...
სამწუხაროდ, ამ ყველაფრით, პირველ რიგში, ზარალდებიან ჩვენი აღსაზრდელები და მათი ოჯახები. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გარდა, არავითარი დამატებითი სახსრები, ან სხვა რაიმე მატერიალური დახმარება საჭირო აღარ არის. აუცილებელია მხოლოდ ფართის ფლობის უფლების საბუთი.
მოხარულნი ვართ, რომ არსებობენ ადამიანები, ვისგანაც ამგვარ გულგრილ დამოკიდებულებას არასოდეს ვგრძნობთ, ეს სიტყვები, პირველ რიგში, საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" ეხება.
დიდი მადლობა "ავერსის" მთელ კოლექტივს ასეთი გულისხმიერებისა და თანადგომისთვის. მინდა გისურვოთ წარმატებები, ყოველთვის გქონდეთ სურვილი და საშუალება, რომ ასეთი სასიკეთო საქმეები აკეთოთ. იმედია ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და ჩვენი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.