ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში ფესტივალი “გზა მომავლისკენ” გაიმართა, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ. ფონდმა ფესტივალის თითოეულ მონაწილეს სასაჩუქრე ნაკრები - მოვლისა და ჰიგიენური საშუალებები, ასევე ტკბილეული გადასცა.
5 ივნისს თბილისის “კავკასიურ სახლში” ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
- “კონცერტი ბავშვთა დაცვის დღეს ეძღვნება. საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღესაც 1 ივნისს აღვნიშნავთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ შესანიშნავ დღესასწაულებს ცოტა მოგვიანებით ვზეიმობთ.
ეს მეთოთხმეტე ფესტივალია, რომელიც ჩვენი ინიციატივით აღინიშნება. ღონისძიებას ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ. მოვიწვიეთ ანსამბლები და უნიჭიერესი ბავშვები თბილისის მასშტაბით, რომლებმაც დღევანდელი დღე მართლაც დაუვიწყარი გახადეს - აღნიშნა ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ, ქალბატონმა დალილა გოროშიძემ. მისივე თქმით, ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდისა და მასთან არსებული სამუსიკო სტუდია “მომავალი ვარსკვლავები”-ს წამოწყება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა:
- იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც შევძლებთ ასეთი ფესტივალების ორგანიზებას და კვლავ გავახარებთ ჩვენს ბავშვებს - ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც მსგავსი საღამო იმართება, სხვადასხვა კულტურის და ეროვნების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები მყარდება და ამ ყველაფერს საქველმოქმედო ფონდის დახმარებითა და მხარში დგომით ვაღწევთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ “ავერსს” რომელმაც არაჩვეულებრივი საჩუქრებით დააჯილდოვა ფესტივალის მონაწილენი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ფონდი "ავერსი" პირველი და ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც ჩვენს წამოწყებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩვენ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები დავისახეთ მიზნად და კვლავ ფონდ “ავერსის” იმედი გვაქვს. ამ იმედს მაძლევს ის კეთილგანწყობა და სითბო, რომელსაც საქველმოქმედო ფონდ `ავერსისგან~ ყოველთვის ვგრძნობთ”
- აღნიშნა ქალბატონმა დალილა გოროშიძემ.
აზერბაიჯანული ანსამბლი "ჯეირანი" ფესტივალის მონაწილე გახლდათ. როგორც აზერბაიჯანელი მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის თავმჯდომარემ ჯეირან კურბანოვამ აღნიშნა, ეს ანსამბლი ფესტივალში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს:
- "ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების შესანიშნავი საშუალებაა, ასეთი კონცერტების დამსახურებით ისინი მეტად ინტეგრირდებიან საზოგადოებაში. მიხარია, რომ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" წელსაც, ტრადიციულად მხარში გვიდგას და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ალამაზებს - ასეთი გულისხმიერება დღეს ძალზედ იშვიათია.
ბავშვებს უდიდეს სიხარულს ანიჭებს "ავერსის" საჩუქრები, ყურადღება და მზრუნველობა. მადლიერების გამოსახატად სიტყვებიც არ მყოფნის"...
საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცა მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, ასევე ტკბილეული:
- “ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნულ უმცირესობათა მხარდაჭერა და მათ შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება ძალზედ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ფონდ “ავერსს” თავისი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ეროვნების მოზარდთა დამეგობრებაში. ეს ფესტივალი ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო და იმედი მაქვს, დიდხანს ემახსოვრებათ”.
“ავერსი” ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.