საქველმოქმედო ფონდ

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელშეწყობით ქართველი მოსწავლეები ოლიმპიადაზე წარსდგნენ

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უკვე წლებია ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. სკოლა არაერთხელ წარსდგა ამ ასპარეზობებზე და შესანიშნავი შედეგებითაც დაბრუნდა.
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერასა და საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე ქართველი მოსწავლეების წარმატებების შესახებ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი გენადი მარგველაშვილი გვესაუბრება:
- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 1974 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე აქ მრავალ წარმატებულ პროექტს თუ იდეას დაედო საფუძველი.
რაც შეეხება ოლიმპიადებს: ტრადიციულად, საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებისთვის დგება ეროვნული ნაკრებები მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის საგნებში, აქედან პირველ სამ საგანში სკოლას ჰყავს სამ ათეულზე მეტი გამარჯვებული სხვადასხვა წლებში...
ეროვნულ ნაკრებში მოხვედრილ მოსწავლეს სრულად აფინანსებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგრამ არსებობს სხვა ოლიმპიადებიც, რომლებიც ამოცანების სირთულითა და პრესტიჟულობით არაფრით ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულებს. ერთ-ერთი ასეთია, გამოჩენილი ყაზახი მათემატიკოსის ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა, რომელიც წელს უკვე მეთორმეტედ ჩატარდა ქალაქ ალმატიში (ყაზახები ამ ქალაქს სამხრეთ დედაქალაქს უწოდებენ, უწინ ის მართლაც დედაქალაქი იყო, ჩვენ კი ალმა-ატას ვუწოდებდით).
სკოლათა შორის ოლიმპიადა, როგორც წესი იანვრის მეორე დეკადაში იმართება. წელს ის 13-19 იანვარს ჩატარდა. თითოეული სკოლიდან 7 მონაწილე ასპარეზობს. აქედან სამი - მათემატიკის, 2 - ფიზიკის, 2 კი - ინფორმატიკის კონკურსზე. სამივე საგანში რეიტინგები იკრიბება და სკოლის საერთო რეიტინგი ჯამდება. მონაწილის კონკურსგარეშე წაყვანაც შეიძლება, ჩვენ წლეულს 3 მონაწილე ინფორმატიკაში, ხოლო 2 - მათემატიკაში გვყავდა.
წლევანდელი წელი ხვავრიელი გამოდგა მედლების მხრივ - 4 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ: გიორგი ბაღდავაძე, ლაშა ბუხნიკაშვილი და ბაკურ ცუცხაშვილი ინფორმატიკის კონკურსის მედალოსნები არიან. გვანცა ცუცხაშვილი კი - მათემატიკის.
გუნდის წევრებმა - ელენე კრავიშვილმა და მარიამ ბაღიშვილმა ფიზიკის ასპარეზობაში მონაწილეობისთვის სიგელები დაიმსახურეს. ალექსანდრე ონიანს კი მათემატიკის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე სიგელი გადაეცა. ის ჯერ მხოლოდ მე-7 კლასელია და ეს გამოცდილება მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
წლევანდელი ოლიმპიადა გუნდების სიმრავლით გამორჩეული იყო: რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის, ჩეხეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, მონღოლეთის, ინდოეთის, ინდონეზიისა და ყაზახეთის - სულ 19 ქვეყნის 64 გუნდი ასპარეზობდა.
გრან-პრის მფლობელი მოსკოვის 1329-ე სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ბულგარეთის უნივერსიტეტთან არსებული სკოლის გუნდი გავიდა, მესამეზე _ ბელორუსიის. საქართველოს გუნდებიდან ყველაზე ყოჩაღად კომაროვის სახელობის სკოლის გუნდი გამოვიდა. მათ 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სკოლას საპატიო სიგელიც გადაეცა.
ჩვენი სკოლა ამ ოლიმპიადაზე ზედიზედ მეხუთედ მოხვდა, უკვე დაგვიგროვდა 10 მედალი: 1 - ოქროს, 1 - ვერცხლის და 8 - ბრინჯაოს. ამასთან, 2013 წელს ჩვენც ვიყავით საპატიო სიგელის მფლობელები.
საქართველოს მხრიდან ოლიმპიადაში მონაწილეობდა თბილისის ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლისა და დემირელის კოლეჯის გუნდები, რომლებმაც ასევე 4-4 მედალი აიღეს. ასე რომ, საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს თავი არ შეურცხვენია. ჯამში 17 მედალი დავიმსახურეთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პროექტის დაფინანსება ნაწილობრივ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შეძლო, მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ქალაქ ქუთაისის მერიამაც. ამის გამო დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ. რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდ "ავერსს", ის ჩვენი დიდი გულშემატკივარია და სწორედ მისი თანადგომით გახდა შესაძლებელი ამ პროექტში ჩვენი მონაწილეობა. "ავერსის" მხრიდან ასეთი თანადგომა პირველი არ არის. რად ღირს მარტო ნორჩ ნატურალისტთა საერთაშორისო ოლიმპიადის დაფინანსება, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა და საიდანაც ჩვენმა გუნდმა ოქროს მედლები ჩამოიტანა. ძნელია სიტყვების მოძებნა მადლიერების გამოსახატად, ასეთი ქველმოქმედება მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ.

გააზიარე: