ოლიმპიურ კომიტეტსა და “ავერსს” შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

ოლიმპიურ კომიტეტსა და “ავერსს” შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

“ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს მის განვითარებაში - უკვე მეშვიდე წელიწადია, რაც მისი ინიციატივით მოქმედებს პროექტი, რომლის თანახმად, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე “ავერსის” კლინიკა ზრუნავს. უფასო კონსულტაციასა და გამოკვლევასთან ერთად მათ ექიმის გამოწერილი მედიკამენტებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ. ამ პირობით “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2009 წლის 19 თებერვალს პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება.

შეთანხმება წლეულსაც განახლდა. “ავერსის კლინიკაში” მის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, საქველმოქმედო ფონდ ”ავერსის” დირექტორი ქეთევან ნემსაძე და ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები - ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა პროექტის ფარგლებში დღემდე ისარგებლეს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით.
როგორც “ავერსის” დამფუძნებელმა აღნიშნა, ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად: 
- 2009 წელს დაწყებული ტრადიცია გრძელდება. სასიხარულოა, რომ გვაქვს საშუალება, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იშრომეს, იღვაწეს იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა სპორტსმენებიც ასევე გაუთქვამენ სახელს. ქართველ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატებებს ვუსურვებთ.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი მართლაც წარმატებული პროექტია:
- საქველმოქმედო ფონდ “ავერსთან” და “ავერსის კლინიკასთან” ჩვენი თანამშრომლობა უკვე მეშვიდე წელია გრძელდება. 
გასულ წელს საქართველომ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა და ამ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენმა "ავერსის კლინიკის" სამედიცინო კვლევებითა და კონსულტაციებით, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი მომსახურებით ისარგებლა. სამწუხაროდ, ჩვენს 6 სპორტსმენს, ახლახან, დოპინგის მიღების გამო პრობლემები შეექმნა. ეს ყოველივე მხოლოდ არაინფორმირებულობის გამო მოხდა. სპორტსმენებს უნდა უკეთ განვუმარტოთ, კონკრეტულად რომელი მედიკამენტების მიღებაა დაუშვებელი. ასევე, კიდევ ერთ პრევენციულ ღონისძიებას უნდა მივმართოთ: დოპინგზე ანალიზები ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ უნდა ჩატარდეს. 
ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ, რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვა სამედიცინო პროცედურები სჭირდებათ. ბატონი პაატას ხელშეწყობით, ყოველივე ამას სპორტსმენები უფასოდ იღებენ. ეს მართლაც დიდი საქმეა - ქართულ სპორტს დიდი გულშემატკივარი ჰყავს. მადლობა ბატონ პაატას ამ თანადგომისთვის.
ჟურნალი “ავერსი” საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ ქეთევან ნემსაძესაც გაესაუბრა:
- “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი წარმატებული აღმოჩნდა და ის კვლავ გრძელდება. საქველმოქმედო ფონდ "ავერსისთვის" უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გამარჯვებებს მომავალ ოლიმპიადებზე. 
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში სპორტსმენთა რეაბილიტაციისთვის საგანგებო ცენტრი არ არსებობს და უკვე წლებია, სპორტსმენთა ჯანმრთელობაზე მხოლოდ “ავერსი” ზრუნავს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა ვახტანგ ლაგიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მემორანდუმი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტსა და საქველმოქმედო ფონდ “ავერსს” შორის გაფორმდა, დიდი სტიმულია მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენებისთვის:
- ეს პროექტი მართლაც ეროვნულ, მამულიშვილურ საქმეს ემსახურება. "ავერსი" საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ პაატას. მის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი. ჩვეულებრივი სიტყვებით მადლიერებას ვერც გამოვხატავ. 
მშვილდოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქეთევან ლოსაბერიძემ კი გვითხრა, რომ 2010 წელს "ავერსის კლინიკაში" მას სიცოცხლე მეორედ აჩუქეს:
- გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. კვირა დღე იყო, თუმცა კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობდა... სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასოდ მივიღე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სიცოცხლე მაჩუქეს. სასიამოვნოა, რომ "ავერსი" ზრუნავს როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან სპორტსმენებზე, რადგან "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა". მოხარული ვიქნები, თუ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც მიბაძავენ ბატონი პაატას ამ კეთილ წამოწყებას და დაეხმარებიან არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მრავლად არიან. 
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.

გააზიარე: