საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სპორტის გულშემატკივარია

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" წარმატებულ პარასპორტსმენს აკაკი ჯინჭარაძეს საჩუქრად აქტიური (სპორტული) ეტლი გადასცა. აკაკი ჩემპიონატისთვის ემზადება და "ავერსის" ეს საჩუქარი მისთვის დიდი სტიმული გახლდათ.
– უნგრეთის ტურნირზე წოლჭიმის სახეობაში ვასპარეზობდი და 140 კილო ჩავთვალე. ამჟამად დუბაიში სალიცენზიო ტურნირზე მივემგზავრებით. შემდეგ კი, ასპარეზობა მალაიზიაში მოგვიწევს. აქამდე ყველა შეჯიბრზე პასიური ეტლით მიწევდა წასვლა, ეს დისკომფორტს და დიდი დაბრკოლებებს მიქმნიდა. უხერხულიც კი იყო ასეთი ეტლით სპორტულ ჩემპიონატზე წარდგენა. ფონდმა "ავერსმა" სპორტული ეტლი შემიძინა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ეს ფონდი სპორტის დიდი გულშემატკივარია, ამიტომ მისი თანადგომა და მხარდაჭერა მოულოდნელი არც იყო. მინდა მადლიერება გამოვხატო საქველმოქმედო ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ თანადგომისთვის და ქართული სპორტის ქომაგობისთვის – აღნიშნა აკაკი ჯინჭარაძემ.
ინფორმაციისთვის:
პარაოლიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა და სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პირველი პარაოლიმპიური თამაშები რომში 1960 წელს გაიმართა, ხოლო 1988 წლიდან ის ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ წელს იგივე ქალაქებში და სპორტულ არენებზე ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე 20 სპორტულ სახეობებში მონაწილეობა 164 ქვეყნის და 4237-მა ათლეტმა მიიღო. დამყარდა 251 მსოფლიო რეკორდი.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტს საფუძველი 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩაეყარა, თუმცა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაარსდა.
პირველად პარაოლიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში იასპარეზა. მაშინ ძალოსანმა იაგო გორგოძემ წოლჭიმში მერვე ადგილი აიღო. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი ამჟამად, რიო დე ჟანეიროს 2016 პარაოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებს სპორტსმენებს სპორტის შემდეგ სახეობებში: ცურვა, ფარიკაობა, წოლჭიმი, მშვილდოსნობა, სპორტული ცეკვა, სროლა, პარაკანოე და ველოსპორტი.
წოლჭიმის სახეობაში აკაკი ჯინჭარაძე ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სპორტსმენია და მას წარმატებებს ვუსურვებთ.

გააზიარე: