საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შობა-ახალი წლის დღესასწაულს ტრადიციულად, აქციებით, საჩუქრებითა და უამრავი სიახლით აღნიშნავს. წლეულსაც ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგნელებს არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიიწვია რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლზე -"საშობაო სიმღერა".
როგორც საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, ფონდი "ავერსი" ორიგინალური სიურპრიზებით მუდამ გამოირჩევა:
- ყოველწლიურად ვცდილობთ შობა-ახალ წელს ბავშვებს ლამაზი დღესასწაული მოვუწყოთ, ტრადიციას არც წლეულს ვუღალატეთ და საახალწლო ღონისძიებაზე ბევრი პატარა დავპატიჟეთ. მოვიწვიეთ მრავალშვილიანი ოჯახები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, უმწეო და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, სხვადასხვა ეთნოსის ბავშვები და მათ ეს დღე გავულამაზეთ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების გმირები გააცოცხლეს და ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. "ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს, ყველა პატარას კი - ნატვრების ახდენას და ბედნიერ ბავშვობას.
სპექტაკლზე მოწვეულ სტუმრებს შორის "საქართველოს ქალთა საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილიც გახლდათ. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა:
- ფონდის დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს და ფონდ "ავერსთან" ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი ორგანიზაცია, აკადემიკოს მზექალა შანიძის თავმჯდომარეობით უკვე 70 წელს ითვლის და საკმაოდ მასშტაბურია - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს, საზღვარგარეთ 14 ქვეყნის წარმომადგენლობა აქვს და ჩვენთან 18 ეთნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა ამ ორგანიზაციის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბატონი პაატას მსგავსი სიკეთით სავსე ადამიანები. სწორედ ბატონ პაატას ვუმადლით იმ ჰუმანიტარული აქციების უწყვეტობას, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ექიმების მობილურ ჯგუფთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში და რომლის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ვუტარებთ მოსახლეობას. მსგავსი ტიპის აქციას თვეში ორჯერ მაინც ვატარებთ და ყოველ ჯერზე ფონდი "ავერსი" 2000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტებით უზრუნველგვყოფს. ამ წამლებს ჩვენ საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ვურიგებთ. მედიკამენტების ღირებულებას შეგნებულად ვასახელებ, რადგან ასეთი დახმარების გაწევა დღეს არ არის იოლი საქმე.
აქციის ყველა მონაწილე უდიდეს მადლიერებას გამოხატავს ხოლმე ბატონი პაატას მიმართ. ჩვენი ორგანიზაციაც მადლობას უხდის ამ კეთილ ადამიანს, რომელიც ასე ზრუნავს როგორც მათ ჯანმრთელობაზე, ისე სულიერ მდგომარეობაზე, კულტურულ და მორალურ ზრდაზე... დღევანდელი დღეც ამის დასტური გახლავთ - ჩვენი ბენეფიციარები დღეს ამ არაჩვეულებრივ სპექტაკლზე დაპატიჟეს და პატარებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. მადლიერება მინდა გამოვხატო ფონდის ხელმძღვანელის - ქალბატონი ქეთევან ნემსაძის და თანამშრომლების მიმართ. ისინი გამორჩეულად გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანები არიან.
ქალბატონი მაია კვეზერელი-კოპაძე საერთაშორისო ასოციაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარე გახლავთ. ეს ორგანიზაციაც ფონდ "ავერსის" პარტნიორია და მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
- ფონდი "ავერსი" ჩვენს ორგანიზაციას დახმარებას სისტემატურად უწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონებში გავდივართ ექიმების მობილურ ბრიგადასთან ერთად და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვებს ვუტარებთ. ჩვენი განაცხადის საფუძველზე "ავერსი" მედიკამენტებით გვამარაგებს. ფონდის მიერ გამოყოფილი წამლები აქციის მონაწილეთათვის უდიდესი საჩუქარია. ბოლოს ლენტეხში გახლდით, ახლა კი ხარაგაულში, გურჯაანსა და სიღნაღში მოუთმენლად გველოდებიან.
დღევანდელ საღამოს რაც შეეხება, უნდა აღვნიშნო, რომ არც ასეთი სიურპრიზები და სადღესასწაულო ღონისძიებები არის ავერსისთვის უცხო რამ. დიდი მადლობა ამისთვის ფონდის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს. ჩვენს ორგანიზაციას 30 მოსაწვევი ერგო. გადავეცით იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს... ახლა ველოდები ტურაბელიძეების ოჯახს. ორივე ძმა ეტლით მოსარგებლეა. ორივე არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის, მათთვის ამ სპექტაკლზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. აქ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვია, ბევრიც - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. მათთვის ბილეთის შეძენა, როგორი ფასდაკლებაც არ უნდა იყოს, რთულია. უღრმესი მადლობა ბატონ პაატას ასეთი ჩანაფიქრისთვის და საჩუქრისთვის - აღნიშნა ქალბატონმა მაიამ.
ქალბატონი ლამარა ღონღაძე ექიმი გახლავთ. სპექტაკლზე ექვს შვილიშვილთან ერთად მოვიდა:
- ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ. ფონდი "ავერსი" უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს და დღევანდელი საღამო შესანიშნავი საშობაო საჩუქარია ყველა პატარისთვის. "ავერსი" სიკეთის კეთებასაც საოცრად ლამაზად ახერხებს. ეს ნიჭი და ღვთის მადლია.
საქველმოქმედო ფონდმა ბავშვებს შესანიშნავი საშობაო საჩუქარი უძღვნა.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.