რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ოფისში 13 წლის გოგონა მოვიდა და ბარათი დატოვა - მარიამ ვასაძე მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილია. მან "ავერსის" დამფუძნებელს საშობაო ნატვრის ახდენა სთხოვა:
- დედა დარდობდა, სუფრას ოჯახი ერთად არასოდეს ვუსხდებოდითო - დიდი მაგიდა და იმდენი სკამი, რომ ყველა მოვთავსებულიყავით, არ გვქონდა. სამი წლის წინ ბატონ პაატას საშობაოდ ნაძვის ხე ვთხოვე და ეს ნატვრა ამიხდინა, ვიფიქრე, იქნებ არც ამ თხოვნაზე მითხრას უარი-თქო და არც შევმცდარვარ - მაგიდა და სკამები გვაჩუქა - გვითხრა მარიამმა.
როგორც აღმოჩნდა, პატარა გოგონამ საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" თხოვნით მშობლების უკითხავად მიმართა. საჩუქარი ოჯახის ყველა წევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
მაკა ხოხონაშვილი მრავალშვილიანი დედაა და როგორც გვითხრა, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მის ოჯახს მუდმივად ეხმარება:
- "ავერსს" ჩვენი არც ერთი თხოვნა უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მეცხრე ბავშვს რომ ველოდებოდით, ძვირადღირებული ანალიზები დამჭირდა. ყველაფერი "ავერსმა" დააფინანსა. სრულიად უსასყიდლოდ, უანგაროდ დამეხმარნენ. ყოველი ბავშვის შეძენაზე კი მოვლისა და ჰიგიენური საშუალებებით, პამპერსებითა და უამრავი საჭირო ატრიბუტიკით გვეხმარებიან. ახლაც, საშობაოდ დიდი მაგიდა და თორმეტი სკამი გვიყიდეს. ესეც საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარია. ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს პატარებს როგორ გაუხარდათ! ახალ წელს ყველა ერთად შემოვუსხდებით სუფრას. ბატონი პაატა საოცრად დიდსულოვანი, კეთილი ადამიანია. მის იმედად ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია და მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ".
"ავერსის" დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ექვსი შვილის მამაა და, როგორც თავად აღნიშნა, მას კარგად ესმის, მრავალშვილიანობა რა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მისი ინიციატივით ყოველი ოჯახი სადაც მეხუთე და მომდევნო ბავშვი იბადება "ავერსის" თანადგომას და დახმარებას იღებს.
მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების მუდმივმოქმედი პროექტი 2005 წლიდან მოქმედებს. დღემდე დახმარება 3000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პროექტის ფარგლებში გაცემულია 1 700 000 ლარზე მეტი.
პროექტი მუდმივმოქმედია და კვლავაც გაგრძელდება.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას, გამრავლებას და სულიერ სიმშვიდეს!