“ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში _ უკვე მეექვსე წელიწადია, რაც მისი ინიციატივით მოქმედებს პროექტი, რომლის თანახმად ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე “ავერსის” კლინიკა ზრუნავს, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ _ ამ პირობით 2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება.
წლეულსაც, “ავერსის” კლინიკაში მემორანდუმის შეთანხმება განახლდა. ბრიფინგს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი; ვიცე-პრეზიდენტები; “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; “ავერსის” კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე, საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დირექტორი ქეთევან ნემსაძე და ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები _ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა პროექტის ფარგლებში 650929.9 ლარის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს და 253684.08 ლარის ღირებულების მედიკამენტები მიიღეს.
როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად:
_ "ღმერთის წყალობით შეგვიძლია რაღაც წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის განვითარებაში. 2009 წელს დაწყებული ტრადიცია კვლავაც გრძელდება. სასიხარულოა, რომ გვაქვს საშუალება, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე იშრომეს, იღვაწეს, იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა სპორტსმენებიც ასევე გაუთქვამენ სახელს. ქართველ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატებებს ვუსურვებთ".
ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბატონ პაატას სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი და მედალი გადაეცა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი მართლაც წარმატებული პროექტია:
_ ჩვენი თანამშრომლობა საქველმოქმედო ფონდ "ავერსთან" და "ავერსის კლინიკასთან" უკვე მეექვსე წელია გრძელდება. ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. ბატონი პაატას ხელშეწყობით ყოველივე ამას სპორტსმენები უსასყიდლოდ იღებენ. ეს მართლაც დიდი საქმეა _ ქართულ სპორტს დიდი გულშემატკივარი ჰყავს. მადლობა ბატონ პაატას ამ თანადგომისთვის. მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე ვეცდებით კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ _ აღნიშნა ბატონმა ლერიმ.
“ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებულ მემორანდუმში მონაწილეობა:
_ "თანამედროვე სპორტში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება. სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო სამსახურის გამართული მუშაობაც. ჩვენთვის პატივია, რომ ადამიანებს, ვისაც უზარმაზარი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ვეხმარებით და ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ჩვენს კლინიკას ამ ადამიანების წარმატებებეში თავისი წვლილი შეაქვს".
ვესაუბრეთ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელს ქეთევან ნემსაძეს:
_ საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოსაჩენად საქართველოს მდიდარი კულტურა აქვს, თუმცა ჩვენი ქვეყანა სპორტმა არანაკლებ პოპულარული გახადა. ჩვენს ქვეყანაში 34 ოლიმპიური ჩემპიონია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს დიდი შედეგი გახლავთ. ამ გამარჯვებებს, სამწუხაროდ, ხშირად ფიზიკური ტრავმები სდევს ხოლმე. სპორტსმენების სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა მათი წარმატების პირდაპირპროპორციულია. მემორანდუმი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტსა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" შორის გაფორმდა სპორტსმენებისთვის დიდი სტიმულია. ეს პროექტი მართლაც ეროვნულია და მამულიშვილურ საქმეს ემსახურება. ამ გენიალურმა პროექტმა იმდენად გაამართლა, რომ ტრადიციად იქცა და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებზე ზრუნვა "ავერსისთვის" პრიორიტეტი გახდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში სპეციალური ცენტრი სპორტსმენთა რეაბილიტაციისთვის არ არსებობს და უკვე წლებია სპორტსმენების ჯანმრთელობაზე მხოლოდ "ავერსი" ზრუნავს:
_ სპორტსმენებს, სპეციფიური ტრავმები აქვთ ხოლმე და მათთვის სპეციალისტის მომსახურება აუცილებელია. "ავერსი" უკვე მრავალი წელია არა მარტო მომქედ, არამედ ვეტერან ოლიმპიურ ჩერმპიონებს ემსახურება და ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსის" დამფუძნებელს.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ წლების წინ მიღებული ტრავმების გამო ქრონიკული დაავადება აქვს და ხშირად სარგებლობს "ავერსის კლინიკის" მომსახურებით:
_ ალბათ, "კმაყოფილი" ის სიტყვა არ არის, რომელიც ამ პროექტის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას გამოხატავს. აღფრთოვანებული ვარ ბატონი პაატას მამულიშვილობით. უდიდეს პატივისცემას გამოვთქვამ მის მიმართ. მას ახლა უკვე ბრწყინვალედ ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის გახლავთ ნამდვილი ერისშვილი, ადამინი, რომელმაც დააფასა საქართველოსთვის დაღვრილი ჩვენი ოფლი, ჩვეულებრივი სიტყვებით ჩემს მადლიერებას ვერ გამოვხატავ. ღმერთმა დალოცოს პაატა კურტანიძე და მთელი "ავერსი". კლინიკაში მუშაობენ უბრწყინვალესი პროფესიონალები. ყველას გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა და თითოეულს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო.
“ავერსი” საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უსურვებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.