გასულ წელს, 20 ოქტომბერს ქალბატონ ლია ცინდელიანს სამი ვაჟი შეეძინა გიორგი, ნიკოლოზი და გაბრიელი. პაწიებს უკვე წელიწადი შეუსრულდათ და ამ ხნის მანძილზე სამი ტყუპის დედას საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" პერიოდულად ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით ეხმარება. დეკემბრის თვეში ფონდმა მას მორიგი საჩუქარი _ პამპერსები, შამპუნები, ბადუზანები, სველი ხელსახოცები და ბავშვთა მოვლის სრული კომპლექტი გადასცა.
_ ბატონ პაატას, როგორც მრავალშვილიან მამას პატივს ვცემდი. ამავდროულად, მას ვიცნობდი, როგორც უდიდეს ქველმოქმედს და მეცენატს _ აღნიშნა ქალბატონმა ლიამ _ ბავშვები რომ შემეძინა ხელისუფლების მისამართით უამრავი განცხადება დავწერე, თუმცა სამწუხაროდ დახმარება არ მიმიღია _ მომწერეს, სოციალურად დაუცველი არ ხარ და არ გეკუთვნისო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! საბოლოოდ საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" მივმართე, რადგან ბატონმა პაატამ კარგად იცის მრავალშვილიანობის ფასიცა და სირთულეებიც. დამეთანხმებით, დღესდღეობით ერთი ბავშვის მოვლაც კი უდიდეს ძალისხმევასა და ფინანსებს მოითხოვს, 3 ტყუპი კი განსაკუთრებულად რთული მოსავლელია, როგორც ფიზიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რაც არ უნდა ფინანსურად ძლიერი იყოს ოჯახი, ასეთ ხარჯებს იოლად მაინც ვერ აუვა.
შეიტყო თუ არა ბატონმა პაატამ ჩვენი ოჯახის მდგომაროება, იმ დღიდან ჩემს პატარებს არც პამპერსი მოკლებიათ და არც მოვლის საშუალებები. პირდაპირ ვამბობ, რომ შვილები "ავერსის" ხელშეწყობით, მხარში დგომითა და დახმარებით გავზარდე. რომ არა ბატონი პაატას გულისხმიერება, სავარაუდოდ საზღვარგარეთ გადასახლება მომიწევდა. მე კი, მინდა, რომ ჩემი შვილები ქართველებად გავზარდო. როგორც იცით, სხვა ქვეყნებში არა თუ მრავალშვილიან ოჯახებს და ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას, როგორიც 3 ტყუპია, არამედ ორი ტყუპის დედებსაც მყარ სოციალურ გარანტიებს სთავაზობენ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში _ თურქეთში, სომხეთში და რუსეთშიცსხვა შეღავათების გარდა, კოლოსალურ ერთჯერად თუ ყოველთვიურ დახმარებას უნიშნავენ, კიდევ უფრო დიდია მხარდაჭერა ევროპის ქვეყნებში. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ყურადღებით არ ვართ განებივრებული, და ეს მაშინ, როცა სამ ვაჟკაცს ვუზრდი ქვეყანას.
ქართველები მომაკვდავი ერების სიაში ვართ შეყვანილი და ვფიქრობ, ერის გამრავლება და მრავალშვილიანებისათვის ყველანაირი პირობების შექმნა ყველა ხელისუფალისთვის პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, რადგან თუ გადავშენდებით, ტერიტორიული მთლიანობაც და სკამებისთვის ბრძოლაც უკან დაგვრჩება.
იმ კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ კი, ვინც ქველმოქმედებას ეწევა და საქვეყნო საქმეს ემსახურება, არა სანქციები, არამედ წამახალისებელი პოლიტიკა უნდა გატარდეს.
ბევრჯერ მივსულვარ საქველმომქედო ფონდ "ავერსში" და საკუთარი თვალით მინახავს, რამდენ ადამიანს ეხმარებიან. ღმერთს ვთხოვ, ბატონ პაატას, ამ ღვთისნიერ ადამიანს, ასმაგად დაუბრუნდეს ის, რასაც გასცემს, რადგან სწორედ მისნაირი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის კეთილდრეობა და მომავალი.