საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა" და საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ფონდი კომიტეტს ყოველთვიურად განსაზღვრული ღირებულების მედიკამენტებით დაეხმარება. პენსიონერთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბატონმა ადერკინ კოპლატაძემ აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმოკლე და მარტოხელა პენსიონერებისთვის:
_ "მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ “ავერსის" მიმართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც მემორანდუმის პირობების თანახმად გვიწევს. ვფიქრობ, ყოველი პენსიონერის აზრს გავაჟღერებ თუ ვიტყვი, რომ მატერიალურ დახმარებაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ის დაფასება და თანადგომაა, რომელსაც ფონდი "ავერსი" ჩვენს მიმართ იჩენს. პენსიონერი მოსახლეობა საზოგადოების დამსახურებული, ღირსეული ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის კეთილდღეობისათვის, მომავალი თაობების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის შრომობდა და იღვწოდა. საქართველოში რამდენიმე ასეული პენსიონერი ცხოვრობს. ჩვენს კომიტეტში აღრიცხულია ათობით ათასი პენსიონერი, ვისაც საქველმოქმედო ფონდ “ავერსის" მიერ მოწოდებულ მედიკამენტებს გავუნაწილებთ. საჭირო პრეპარატებით იმ პენსიონერებს დავეხმარებით, ვისაც სხვებთან შედარებით უფრო უჭირს და რეალურად სჭირდება დახმარება. კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ “ავერსს" და უდიდეს ქველმოქმედს ბატონ პაატა კურტანიძეს იმ თანადგომისთვის, რასაც პენსიონერთა მიმართ იჩენენ" _ აღნიშნა პენსიონერების რესპუბლიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
როგორც საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მემორანდუმი ერთი წლის ვადით გაფორმდა.
ფონდისთვის მსგავსი მემორანდუმი პირველი პრეცედენტი არ გახლავთ. "ავერსმა" ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის თანახმად ფონდი უკვე წლებია ეხმარება ოლიმპიური კომიტეტის მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს. როგორც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საპენსიო კომიტეტთან გაფორმებული მემორანდუმიც ასეთივე ტრადიციად იქცევა და ქვეყნის ღვაწლმოსილი, დამსახურებული საზოგადოება ფონდის მხრიდან თანადგომას არაერთხელ იგრძნობს.
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!