ხელოვნებაში არ არსებობს საზღვრები — არსებობს მხოლოდ ემოცია და თვითგამოხატვის თავისუფლება. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეკრებილი ადამიანები, სადაც 8 აპრილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა — „ ხელოვნება ბარიერების გარეშე “ მოეწყო. პრეზენტაცია საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების ინიციატორი გახლდათ ორგანიზაცია „ ნაბიჯ - ნაბიჯ “ (Step by Step) , რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მათგანი თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს.
ორგანიზაციის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ნინო გულუამ , ხელოვნების, როგორც უნივერსალური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები გადამწყვეტ როლს ასრულებს შშმ პირთა თვითრეალიზაციასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.
გამოსვლის დასასრულს, მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუდმივ პარტნიორებს, რომელთა თანადგომაც პროექტების მდგრადობას განაპირობებს. ნინო გულუამ ხაზგასმით აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ როლი, რომლის წვლილი ორგანიზაციის განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განმტკიცების საქმეში ფასდაუდებელია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულმა მიღებამ სტუმრებსა და ბენეფიციარებს შორის უშუალო კომუნიკაციის საუკეთესო პლატფორმა შექმნა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
როგორც საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორმა, ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი ექსპონატები და ხელნაკეთი ნივთები ავტორთა ინდივიდუალურ ხედვასა და მდიდარ შემოქმედებით პოტენციალს წარმოაჩენს. მისივე თქმით, გამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შემოქმედება არ ცნობს საზღვრებს და, რომ ყოველი ასეთი ინიციატივა, ადამიანის შეუზღუდავი შესაძლებლობებისა და სოციალური ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.






