„ავერსისა“ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის თხუთმეტწლიანი ისტორია გრძელდება

„ავერსისა“ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის თხუთმეტწლიანი ისტორია გრძელდება

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“ განაახლეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი, რომლის თანახმად, „ავერსი“ მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, უფასოდ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდვე მიიღონ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები.

მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე პროექტის ფარგლებში ორ მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

მემორანდუმის განახლება, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელზეც „ავერსის“ წარმომადგენლობამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს უმასპინძლა.

„ავერსის“ დამფუძნებელმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მათმა წარმატებამ მიანიჭა თანამემამულეებს:

- მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის სახელის წარმოჩენა ყველაზე უკეთესად სპორტს შეუძლია, ამიტომ გვეამაყება, რომ ჩვენი ჩემპიონების წარმატებაში „ავერსს“ დიდი წვლილი მიუძღვის. მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ „ავერსის“ კლინიკათა ქსელში, რომელიც არა მხოლოდ უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, არამედ საუკეთესო პროფესიონალთა გუნდითაც გამოირჩევა, - აღნიშნა ბატონმა პაატამ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპორტის დიდი გულშემატკივრობისთვის და თხუთმეტწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად „ავერსის“ დამფუძნებელს სპეციალური პრიზი - მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი სკულპტურა გადასცა.

- სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით ძალიან დატვირთული და საპასუხისმგებლო პერიოდი გველის წინ, ვემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის, რომლებიც ქალაქ კრაკოვში გაიმართება. ჩვენს ქვეყანას 170-მდე სპორტსმენი წარადგენს. მერე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია სლოვენიაში, დაბოლოს, უდიდესი შემართებით ველოდებით 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია „ავერსის“ თანადგომა და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით სპორტსმენების უზრუნველყოფა, - თქვა მან.

ძიუდოს დამსახურებულმა ოსტატმა შოთა ხაბარელმა აღნიშნა, რომ "ავერსის" დამფუძნებლისა და მთლიანად ორგანიზაციის დამოკიდებულება სპორტის მიმართ უდიდეს მადლიერებასა და პატივისცემას იმსახურებს და რწმენა გამოთქვა, რომ მისი თანადგომით ქართულ სპორტს კიდევ ბევრი წარმატება ელის.

- სპორტში ტრავმებისთვის თავის არიდება რთულია, ამასთან, სპორტსმენები კარიერას საკმაოდ ახალგაზრდები ასრულებენ, ვეტერანებს კი ხშირად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ კუთხით მხარში დგომა ძალიან სჭირდებათ, ასე რომ, საქველმოქმედო ფონდ „ავერსისა“ და „ავერსის კლინიკის“ ინიციატივა უდავოდ ძალზე დასაფასებელია, - გვითხრა ტიტულოვანმა მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

„ავერსის“ მიმართ მადლიერების სიტყვები არ დაიშურა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა კანოეს სპორტულ სახეობაში ალექსანდრე წივწივაძემ. მან კომპანიის პროექტების მნიშვნელობასა და სპორტსმენთა წარმატებაში მის უდიდეს წვლილზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და „ავერსის“ თანამშრომლობა გრძელდება. გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს.

გააზიარე: