7 ნოემბერს განახლდა მემორანდუმი, რომელიც „ავერსის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ შორის პირველად 2018 წელს გაფორმდა.
შეთანხმების პირობით, რომელიც 2023 წლის ნოემბრამდეა ძალაში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ „ავერსის კლინიკის“ მართვაში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებსა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
„ავერსის“ დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ, აღნიშნა, რომ „ავერსის“ ხელმძღვანელობისთვის პრინციპულია კლინიკების უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვა, რაც შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ გამოგზავნილ ონკოლოგიურ პაციენტებს მათთვის მნიშვნელოვანი სერვისები შესთავაზონ:
- მედიცინის უახლესი მეთოდები და თანამედროვე აპარატურა ზუსტი დიაგნოსტირების წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხარისხიანი და ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას ზრდის. ჩვენს კლინიკებში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური აპარატურა პაციენტების დროსაც ზოგავს და ფინანსებსაც, რადგან მათ აღარ უწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაღებად. მათთვის უდიდესი კომფორტია, რომ აქვე, საქართველოშივე შეუძლიათ, გამოკვლევაც და მკურნალობაც მსოფლიო დონის აპარატურით ჩაიტარონ. გვეამაყება, რომ ღმერთის წყალობით და ჩვენი შრომით, პაციენტებს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას ვაწვდით.
ეკატერინე ფესტვენიძემ, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სამედიცინო სერვისების ფინანსური მხარდაჭერისთვის შეიქმნა, უკვე რვა წელიწადია ფუნქციონირებს. მას მრავალი შემომწირველი ჰყავს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ქალბატონმა ეკატერინემ მოუწოდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საჯარო პირებს, მიბაძონ „ავერსის“ მაგალითს და სოლიდარობის ფონდის გარშემო გაერთიანდნენ კიდევ არაერთი სიცოცხლის გადასარჩენად:
- დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს ბავშვებს ხშირად სჭირდებათ მაღალტექნოლოგიური კვლევა. „ავერსის“ სამედიცინო დაწესებულებებში ისინი სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობენ ხარისხიანი სამედიცინო და დიაგნოსტიკური მომსახურებით. მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო „ავერსის საქველმოქმედო ფონდის“ მიმართ - მისი მხარდაჭერა ძალიან დროული, მნიშვნელოვანი და ღირებულია.
დიმიტრი ჯორბენაძემ, „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ „ავერსის კლინიკა“ აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და ცენტრალურ თუ რეგიონულ ფილიალებში არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს. ხშირად მართავს გასვლით აქციებსაც, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი რეგიონების უამრავი სოფლის მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და კონსულტაცია. უკვე წლებია, კლინიკა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ გამოგზავნილ პაციენტებს ემსახურება და „ავერსის“ თითოეული თანამშრომელი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი შეაქვს.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრიც აქტიურად არის ჩართული „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციართა მომსახურებაში. კლინიკის გენერალური დირექტორის, ლაშა ბაზაძის თქმით, „ავერსის“ ჯგუფის მიერ განხორციელებული ათეულობითმილიონიანი ინვესტიცია შესაძლებლობას იძლევა, პაციენტთა საჭიროებები მთლიანად იქნეს დაფარული.
აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი Philips Vereos Digital PET/CT ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა.
- ქირურგიის ეროვნული ცენტრი „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებს, ასევე – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ ურთულესი, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევები და მიიღონ სრულფასოვანი სამედიცინო სერვისები. სიამაყით და სიამოვნებით ვუერთდებით ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ქეთევან ნემსაძემ, „ავერსის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორმა, აღნიშნა, რომ „ავერსი“ მრავალ სოციალურ პროექტს ახორციელებს და ამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს, „საქართველოს სოლიდარობის ფონდთან“ გაფრმებული მემორანდუმი კი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითია.