"ავერსი" დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს დაეხმარა

სამი დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" აქციით აღნიშნა, რომლის ფარგლებში ტკბილეული გაიგზავნა დუშეთის რაინში, სოფელ პირმისაანთკარში მოქმედ პანსიონატში.

- ჩვენს ორგანიზაციაში ორმოცდაშვიდი ბენეფიციარი ირიცხება. ისინი გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვების მქონე ადამიანები არიან, რომელთა უმრავლესობას არ ჰყავს ოჯახი, ან იშვიათი კონტაქტი აქვთ მათთან. სითბოსა და მზრუნველობას ისინი პანსიონატის თანამშრომლებისა და კეთილი ადამიანებისგან იღებენ. სასიამოვნოა, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მრავალფეროვნებას სძენენ, აგრძნობინებენ, რომ საზოგადოებისგან არ არიან მივიწყებულნი. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" განსაკუთრებით გამოირჩევა მათ მიმართ მზრუნველობით და ორიგინალური სიურპრიზებით   - გვითხრა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის ხელმძღვანელმა გიორგი მარტყოფლიშვილმა. მისივე თქმით,  "ავერსი" ზაფხულშიც დაეხმარა ორგანიზაციას და პანსიონატში მცხოვრებთ ჰიგიენის საშუალებები  გადასცა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელის, ქეთევან ნემსაძის თქმით,  3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა და მას "ავერსი" ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას - "შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ყოველი ჩვენგანი უნიკალურია".

გააზიარე: