გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 12 ივნისი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ 2002 წელს გამოცხადდა. წლეულს ეს თარიღი საქართველოშიც მასშტაბურად აღინიშნა.
ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მიძღვნილი კვირეულის ინიციატორები გახლდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია - "სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი" და ოჯახისა და ბავშვთა მხარდაჭერის ეროვნული ქსელი.
კვირეულის ფარგლებში ბავშვთა იძულებითი შრომის თემატიკაზე ესეების კონკურსი გამოაცხადა და დასკვნითი საღამო სწორედ საუკეთესო ნამუშევრების ავტორების გამოვლენითა და დაჯილდოებით დაიწყო.
სერტიფიკატები და "ავერსის" წამახალისებელი საჩუქრები კონკურსის მონაწილეებს და კამპანიის აქტიურ წევრებს გადაეცათ. საქველმოქმედო ფონდის სასაჩუქრე ნაკრებები და წერილები მიიღო მცირეწლოვანმა მომუშავე ბავშვებმაც.
12 ივნისის ღონისძიებების მიზანსა და კონკურსების მნიშვნელობაზე ღვთისშვილთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს, ამავდროულად, ოჯახისა და ბავშვთა მხარდაჭერის ეროვნული ქსელის დამფუძნებელს ნონა კენჭუაშვილ-სიხარულიძეს ვესაუბრეთ:
- ესსეების კონკურსის მიზანი თემის აქტუალიზაცია, იძულებით შრომაში ჩართულ ბავშვთა ემოციური მხარდაჭერა და მათ მიმართ არსებული სტიგმების დაძლევა იყო.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ღონისძიება, თუნდაც ფართომასშტაბიანი კამპანია ბავშვთა შრომის რთულ პრობლემას გადაჭრის, თუმცა, ასეთი აქციებით შესაძლებელია საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობა, იმგვარი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“, რომელმაც მომუშავე ბავშვებისა და ესსების კონკურსის გამარჯვებულთათვის საჩუქრები გადმოგვცა.
მერწმუნეთ, ასეთ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ, ზრდის კამპანიის მასშტაბს, ხოლო მეორეს მხრივ, ზრდის მოტივაციას, რომ მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩაერთონ აქტივობებში.
ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი ფონდი „ავერსის“ საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. ის ეხმარება ასეულობით უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანს გადაუდებლად საჭირო მედიკამენტებით და უზრუნველყოფს მათს სტაციონარულ მომსახურებას. ფონდმა გასულ წლებში ღვთისშვილთა კავშირსაც გაუწია დახმარებია - "ავერსის" მოწოდებული მედიკამენტები თბილისსა და რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს გადავეცით, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მუდმივად ესაჭიროებათ წამლები, თუმცა უკიდურესი სიღარიბის გამო მათი შეძენა უჭირთ.
ამჯერად, ფონდ „ავერსს“ ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მხარდაჭერისთვის მივმართეთ და არც შევმცდარვართ. ფონდის ადმინისტრაცია მალევე გამოგვეხმაურა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის.