19 მარტს ფონდმა "ავერსმა" ახალგაზრდა და ვეტერან სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს შესაძლებლობა მისცა, უფასოდ ესარგებლათ "ავერსის კლინიკის" სამედიცინო სერვისებით: მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკური კვლევები და გაეწიათ სპეციალისტთა კონსულტაცია.
"ავერსის კლინიკის" სტუმრებს შორის იყო მსოფლიო თასის 17-გზის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ვიცე-პრიზიორი, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი. მას აქციის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ:
- სამედიცინო მომსახურებით იშვიათად ვსარგებლობ, მაგრამ თუ მომავალში ექიმის კონსულტაცია დამჭირდა, აუცილებლად "ავერსის კლინიკას" მივმართავ, რადგან აქ შესანიშნავი გარემო და ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები დაგვხვდნენ. რაც შეეხება აქციას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ "ავერსს" ამ არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის.
საფრანგეთის სატელიტ-ტურნირის გამარჯვებულმა, პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა, აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობა ბევრს ნიშნავს და მისასალმებელია:
– "ავერსი" მხარში უდგას ქართულ სპორტს და ეს დიდი სტიმულია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყნის სახელი მსოფლიო ასპარეზზე გააქვს.
აქცია "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ქეთევან ბარათელმა აღნიშნა, რომ პრევენციული სამედიცინო გამოკვლევები სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ვიმყოფებით მაღალტექნოლოგიურ კლინიკა "ავერსში", სადაც სპორტსმენებისა და პარასპორტსმენებისთვის მრავალპროფილური დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები ტარდება. "ავერსი" შესანიშნავი მასპინძელია. უნდა ვთქვა, რომ მსგავსი აქციები ხშირად იმართება. მომდევნო კვირას საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ სპორტსმენებს შევთავაზებთ სამედიცინო სერვისებს. იმედი გვაქვს, "ავერსს" მომავალშიც არაერთი სასიკეთო ინიციატივის მხარდამჭერად ვიხილავთ.
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენებისთვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა საპასუხისმგებლო და საამაყოა. კომპანია "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია.
წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახელით წარდგება.