ფონდმა

ფონდმა "ავერსმა" ბავშვებს მედიკამენტები გადასცა

12 ნოემბერს უკვე მესამედ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვე", რომლის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიონის სინერგია" გახლავთ. ეს ორგანიზაცია 2011 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა და უკვე მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთებაც მოასწრო. ხელმძღვანელმა ლიკა ბებურიძემ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ტრადიციას დაუდო საფუძველი _ ნოემბრის თვეში საკუთარ დაბადების დღეს, შესანიშნავ დღესასწაულს აწყობს, თუმცა არა თავისთვის, არამედ იმ პატარებისთვის, ვისთვისაც საჩუქრები, ზეიმი და სხვადასხვა გასართობი არც თუ ხშირი ბედნიერებაა. წლეულს "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვე" საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზაციამ თბილისის №177 საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოთეატრ "რუსთაველში" ანიმაციური ფილმის "მოღრუბლულების" სანახავად მიიწვია. სეანსის შემდგომ პატარებს ტკბილეულითა და ნაყინით გაუმასპინძლდნენ, საჩუქრები დაურიგეს და "ავერსის" მედიკამენტების ნაკრებიც გადასცეს_ "კავკასიონის სინერგია" საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს პრობლემური ბავშვების მიმართ. ვცდილობთ, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და დიალიზზე დამოკიდებულ პატარებს ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან და ჩვენი სიყვარულითა და მზრუნველობით არიან გარემოცულნი. დღეს სიყვარულისა და გულისხმიერების დეფიციტია. მოზარდებს შორის სუიციდის მცდელობები გახშირდა. ურთიერთობებს ვერ აწყობენ მშობლებთან, პედაგოგებთან, საკუთარ თავში იკეტებიან და პრობლემები უჩნდებათ. უამრავი კითხვა აქვთ, პასუხი კი _ არა. "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვეც" ამ მიზანს ემსახურება _ ბავშვებმა ხშირად უნდა იგრძნონ საზოგადოების მხრიდან ყურადღება. ამასთან, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარ დაბადების დღეს კეთილ საქმეს აკეთებ _ ერთ შესანიშნავ, სიხარულითა და სითბოთი სავსე დღეს ჩუქნი ბავშვებს. ამჯერად სკოლაში შევარჩიეთ ბავშვები რომლებიც მრავალშვილიანი ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან არიან. დღეს ჩვენთან სტუმრად ამ კატეგორიის 50 ბავშვია. მათ ეს დღესასწაული დიდხანს დაამახსოვრდებათ. სასიამოვნოა, რომ ამ კეთილ საქმეში ჩვენს გვერდით არიან "ავერსი", "თოლია" და თავად კინოთეატრ "რუსთაველის" ადმინისტრაცია. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ჩვენს ორგანიზაციას უკვე მეორედ დაეხმარა. დიდი მადლობა მათ ამ სიკეთისთვის.   

"ჩემი მშვენიერი გიორგობის თვე 3" არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ერთიანობის ასოციაციის" მხარდაჭერითაც განხორციელდა.
ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის იანა ხუციშვილის თქმით, ლიკა მებურიძემ უამრავ სასიკეთო საქმეს დაუდო საფუძველი:
_ სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი გრანტებისა და დაფინანსების გარეშე მან შეძლო პატარებისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა, "ავერსის" ხელშეწყობით არა მხოლოდ ზეიმი მოაწყვეს, არამედ, მედიკამენტებითაც უზრუნველყვეს პატარ
ები. შემოდგომაზე ყველაფერი იძინებს _ ბუნება იძინებს, ჩვენ კი შევეცადეთ გაგვეხალისებინა და გაგვეცოცხლებინა ეს დღე. შემოვუერთდით ამ წამოწყებას და სოლიდარობა გამოვუცხადეთ ორგანიზატორებს. 
მაკა ჩხაიძე აბაიშვილი 177 საჯარო სკოლის პედაგოგი მათემატიკოსი გახლავთ. მოწვეულ ბავშვებს ის კინოთეატრში ახლდათ:
_ ორგანიზაცია "კავკასიონის სინერგიამ" თავად მოგვმართა და გვთხოვა შეგვერჩია ბავშვები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ეს დღე პატარებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. მადლობას ვუხდით 
არასამთავრობო ორგანიზაციას, ქალბატონ ლიკას, საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და ყველა იმ კომპანიას, ვინც ამ დღესასწაულის მოწყობაში თავისი წვლილი შეიტანეს. სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდები, ვინც უანგაროდ ზრუნავენ პატარებზე.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას
.

გააზიარე: