საქველმოქმედო ფონდი“ავერსი“ მარტოხელა დედებს დაეხმარა

საქველმოქმედო ფონდი“ავერსი“ მარტოხელა დედებს დაეხმარა

პანდემიის მძიმე შედეგები არაერთი ოჯახის მდგომარეობაზე აისახა - ბევრი აღმოჩნდა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტის დასახმარებლად საზოგადოებრივად აქტიური ქალები გაერთიანდნენ - საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი „მარტოხელა დედებისთვის“ და დაარეგისტრირა სპეციალური ანგარიში ჯგუფის დონაციებისთვის.

28 მაისს საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ მარტოხელა დედების მხარდასაჭერად წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა - ფონდმა ქალთა გაერთიანებას მარტოხელა დედებისთვის და მათი შვილებისთვის მოვლის საშუალებები და ტკბილეული გადასცა. 

ვესაუბრეთ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ნინო დოლიძეს:

- გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ისეთ ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე უფრო გაჭირვებულები აღმოჩნდნენ, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მარტოხელა დედები - ქალები, რომლებიც სრულიად მარტონი დარჩნენ საკუთარი შვილების ამარა პანდემიის წინაშე.

კეთილი და გულისხმიერი ადამიანების დახმარებით, კამპანია „მარტოხელა დედებისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა - პირველივე დღეებში მოვახერხეთ დაახლოებით 5 ათასი ლარის მობილიზება, რომლითაც დავეხმარეთ 60-მდე მარტოხელა დედას - ზოგს საკვები მივუტანეთ, ზოგს ჰიგიენური საშუალებები, ზოგსაც ჩვენი თანხით გადასახადები შევუმცირეთ მცირედით.

როდესაც ინდივიდუალური ადამიანების დონაციებმა იკლო, გადავწყვიტეთ კერძო ორგანიზაციებისთვის მიგვემართა, რომლებიც გამოიჩენდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას და არსებული რესურსებით დაეხმარებოდნენ მარტოხელა დედებს. ფონდი „ავერსი“ იყო ერთ-ერთი პირველი,  რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა მათი გასაჭირი. საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ნემსაძე იმთავითვე დაგვიკავშირდა, იკითხა მარტოხელა დედების განსაკუთრებული საჭიროება და სწორედ ასეთი საშუალებები დაგვახვედრა - პამპერსები, ჰიგიენის საშუალებები, ორცხობილები და პროდუქცია, რომელიც დედას ჩვილის მოვლისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება „ავერსის“ დამფუძნებლის, მთელი ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებმაც  უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

ჩვენს ბაზაში დაახლოებით 250 მარტოხელა დედაა რეგისტრირებული. ისინი ყოველდღიურად დახმარებას ელიან. მარტოხელა დედებისთვის „ავერსის“ საჩუქარი უდიდესი მხარდაჭერაა.  მოვუწოდებთ ყველას:

ერთად ვაკეთოთ ბევრი კეთილი საქმე!

გააზიარე: