აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ორგანიზაცია "საქართველოს ქალთა საბჭომ" და ფონდმა "ავერსმა" მორიგი საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს - პანდემიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში "ავერსმა" საბჭოს ჰიგიენური საშუალებები გადასცა, რომლებიც წინა ხაზზე მოქმედი ინფექციონისტებისთვის და მათი განყოფილებებისთვის გახლავთ განკუთვნილი.
აქციის შესახებ გვესაუბრა "საქართველოს ქალთა საბჭოს" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან გაბრუაშვილი:
- დღეს საქართველოს მოსახლეობა საკაცობრიო გამოწვევის წინაშე დადგა - მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. ქალთა საბჭო კვლავაც იქ დგას, სადაც ხალხს ჩვენი თანადგომა და გამხნევება სჭირდება. აქტიურად ჩავერთეთ პანდემიის პრევენციული ღონისძიებების მხარდასაჭერ პროექტებში. ამ გზაზე ჩვენს გვერდით მრავალი ორგანიზაცია დადგა. ერთ-ერთი მთავარი საქველმოქმედო ფონდი ''ავერსია". მადლობა მის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს თანადგომისა და დახმარებისათვის.
საქართველოს ქალთა საბჭომ სიგელებით დააჯიდოვა წინა ხაზზე მოქმედი ინფექციონისტი ექიმები, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე. დავასაჩუქრებთ ასევე "ავერსის" მიერ მოწოდებული ჰიგიენური საშუალებებით.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი ''საქართველოს ქალთა საბჭო პანდემიის წინააღმდეგ" სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებიდან ყოველდღიურად იტვირთება ინფორმაციები, გამამხნევებელი სიმღერები და ლექსები. ვიდეო ჩართვები ემიგრანტებთან და რეგიონალურ ქალთა საბჭოებთან ამხნევებს და ახალისებს ჩვენს მოსახლეობას. პოპულარულია ციკლი ''ქალთა საბჭოს ხმა ოჯახებში'' - რასაც წარმატებით გაართვა თავი ქალბატონმა ნაზი სარჯველაძემ. მან შეძლო ასობით ოჯახისთვის მიეწვდინა ჩვენი თანადგომისა და გამხნევების ხმა ერთი სატელეფონო ზარით და სიმღერით ''თეთრი ვარდები''...
წუთიერად მაინც შევძელით ადამიანების გამხიარულება და მოულოდნელი სიურპრიზით გახალისება.
შევქმენით მეტად საქმიანი და დროის საპასუხო ბანერები დევიზით "დარჩი სახლში" და "ერთად ყველაფერს შევძლებთ", სადაც მარო თარხნიშვილის და დები იშხნელების ''მრავალჟამიერის" ფონზე ჩვენი ორგანიზაციის სიმბოლიკა ისახება - გვირილები, იები და, ახლა უკვე, თეთრი ვარდები. ვცდილობთ ამ გასაჭირის დროსაც კი უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი ადამიანი ვისთანაც მიგვიწვდება ხმა და ხელი. ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩვენს გვერდით საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" დგას. შედეგი მადლიერებაა.