ფონდი

ფონდი "ავერსი" ხანდაზმულ ქალბატონებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" საქართველოს პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებს მარტის დღესასწაულები მიულოცა და ხანდაზმულ, ღვაწლმოსილ ქალბატონებს კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები გადასცა საჩუქრად.

პენსიონერთა კავშირის ხელმძღვანელმა, ორგანიზაციის უხუცესმა წარმომადგენელმა, ადერკინ კოპლატაძემ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ავერსსა" და საქართველოს პენსიონერთა კავშირს შორის მეგობრულ ურთიერთობას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს:

- ფონდი "ავერსი" საქართველოს პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებს განსაკუთრებით ეიმედებათ - მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ფონდს მზრუნველობისა და თანადგომისთვის - აღნიშნა ბატონმა ადერკინმა.

პენსიონერთა კავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ამირან გაფრინდაშვილმა კი, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ავერსი" გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც საიმედო საყრდენია კავშირის წევრებისთვის:

- ჩვენი ორგანიზაცია თბილისის ათ და ამდენივე რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს. ცოტა ხნის წინ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პენსიონერთა რეგიონული ორგანიზაციებიც დაგვემატა. ასე რომ, საქართველოს პენსიონერთა კავშირი საკმაოდ მასშტაბური ორგანიზაციაა, რომლისთვისაც საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ერთგული პარტნიორია. ფონდი მუდმივად მხარში გვიდგას, დღესასწაულებსაც გამორჩეული სითბოთი გვილოცავს - ფონდის მესვეურებმა არც ამჯერად უღალატეს ტრადიციას და მარტის ქალთა დღეების აღსანიშნავად სასიამოვნო სიურპრიზებით და საჩუქრებით გაგვანებივრეს. ხანდაზმული ადამიანები ცრემლებს და ემოციებს ვერ იკავებენ, როდესაც ხედავენ, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც მათ ღვაწლს, მათი ცხოვრების განვლილ გზას აფასებს და პატივს სცემს. "ავერსის" მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას მუდამ ვგრძნობთ _ აღნიშნა საქართველოს პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ამირან გაფრინდაშვილმა. მისივე თქმით, ფონდ "ავერსთან" მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა პენსიონერთა კავშირის ხელმძღვანელის, ადერკინ კოპლატაძის ავტორიტეტის დამსახურებაა. 

საქართველოს პენსიონერთა კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ონიანმა მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მესვეურებს და იმედი გამოთქვა, რომ ორი ორგანიზაცია ერთობლივად კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს დაუდებს საფუძველს.

ვესაუბრეთ, ასევე პენსიონერთა კავშირის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს ეთერ ღურჭუმელიას:

- "ავერსი" სიკეთის მატარებელი ორგანიზაციაა, რომელიც იმედითა და სიხარულით ავსებს ადამიანებს. გასულ წელს თავად ფონდის დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს მივწერე წერილი, სადაც მადლობას ვუხდიდი ქველმოქმედებისთვის, ჰუმანურობისთვის და ხანდაზმულ ადამიანებზე გამორჩეული ზრუნვისთვის. გისურვებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეთ, რომ მეტ გაჭირვებულ ადამიანს დაუდგეთ მხარში და გაუადვილოთ ცხოვრება.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა და აღნიშნა, რომ ფონდი პენსიონერთა კავშირის მუდმივი მხარდამჭერია და ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

გააზიარე: