საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და დღესასწაულის აღსანიშნავად შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა - 21 დეკემბერს თბილისის ცირკის 80 წლის საიუბილეო წარმოდგენაზე დაპატიჟა, ხოლო 3 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ასევე, პრემიერაზე მიიწვია და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
როგორც საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, "ავერსისთვის" უკვე ტრადიციად იქცა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საახალწლო სიურპრიზების მომზადება:
- ტრადიციას წლეულსაც არ ვუღალატეთ და ბავშვებს მშობლებთან ერთად საახალწლო დღესასწაული მოვუწყეთ.
21 დეკემბერს ოჯახები საცირკო წარმოდგენაზე მოვიწვიეთ. ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ, სიხარულს ცრემლმორეული თვალებით გამოხატავდნენ. მით უფრო, რომ წარმოდგენა მართლაც შთამბეჭდავი იყო - თბილისის ცირკმა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი სანახაობა შემოგვთავაზა.
სამ იანვარს ბავშვებს კიდევ ერთი დღესასწაული ვაჩუქეთ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პრემიერაზე დავპატიჟეთ - წარმოდგენილი გახლდათ სპექტაკლი "ალადინი". ვეცადეთ, მოწვეული სტუმრებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. სტუმრებს ტკბილეულიც გადავეცით. ამ ადამიანების მადლიერებამ, გულწრფელმა ემოციებმა და სიხარულმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა "ავერსმა", როგორც ცნობილია, 2005 წლიდან დაიწყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მრავალშვილიანთა წახალისებას ემსახურება. შობა-ახალი წლის სადღესასწაულო წარმოდგენებზე მათი მოწვევა ამ პროექტის გაგრძელებაა?
- მრავალშვილიან ოჯახებს ჯერ ფინანსურად ვეხმარებოდით, შემდეგ - ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით. მუდმივად ვცდილობთ, მათ დღესასწაულები განსაკუთრებულად მივულოცოთ. საახალწლოდ სპექტაკლებსა და წარმოდგენებზე ვეპატიჟებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კი მთაწმინდის პარკში ვუმასპინძლეთ. ვჩუქნით ტკბილეულს და უამრავ ლამაზ, სიხარულით სავსე წუთს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა მძიმდება, ვცდილობთ, არა თუ შევზღუდოთ, არამედ, პირიქით, გავაფართოვოთ პროექტი. მოგეხსენებათ, ფონდის დამფუძნებელი, ბატონი პაატა კურტანიძე თავად მრავალშვილიანი გახლავთ - 6 შვილის მამაა და კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
ვესაუბრეთ აქციის მონაწილეებს.
ნატო შველიძემ გვითხრა, რომ მის გოგონას - მარიამს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და საქველმოქმედო ფონდი მის ოჯახს ხშირად უწევს დახმარებას:
- ფონდმა დღესასწაულიც არაჩვეულებრივი გვაჩუქა. ძალიან ლამაზ წარმოდგენას ვუყურეთ, რომელიც შესანიშნავი მუსიკალური გაფორმებით გამოირჩეოდა. "ავერსის" მოწვევით ცირკშიც ვიყავით. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. შინ რომ დავბრუნდით, მეგობრებს უყვებოდნენ ფონდის საოცარი აქციის შესახებ და შთაბეჭდილებებს ემოციურად უზიარებდნენ.
ნათია ქემერტელიძემ გვითხრა, რომ მისი ხუთი შვილიდან ცირკში მხოლოდ ორი იყო ნამყოფი, საქველმოქმედო ფონდმა კი შესაძლებლობა მისცა მთელი ოჯახი დასწრებოდა არაჩვეულებრივ წარმოდგენას:
- "ავერსი" ყოველთვის მნიშვნელოვან და სასიამოვნო სიახლეებს გვთავაზობს. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა - საახალწლოდ არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოგვიწყო. არაერთი მრავალშვილიანისთვის რთულია მთელი ოჯახით ასეთ გასართობ ღონისძიებებზე წასვლა. "ავერსმა" კი შესაძლებლობა მოგვცა, ბავშვებს სულიერი საზრდო მიეღოთ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ფონდის დამფუძნებელს, ხელმძღვანელსა და თითოეულ თანამშრომელს. ცირკშიც და თეატრშიც შთამბეჭდავი წარმოდგენა ვნახეთ. ბავშვები მართლაც ძალიან გახარებულები არიან. დიდ საქმეს ემსახურებით - მრავალშვილიანი დედებისთვის ფონდის მხრიდან მხარდაჭერა მამოძრავებელი ძალა და დიდი სტიმულია.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" დღესასწაულებს ორიგინალურად, საინტერესო აქციებითა და ღონისძიებებით აღნიშნავს. მრავალშვილიან ოჯახებს კი განსაკუთრებულ სიურპრიზებს სთავაზობს - ბავშვებს მხიარულ დღესასწაულს ჩუქნის და საჩუქრებით ანებივრებს.