საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" საშემოდგომო ფესტივალის მხარდამჭერია

31 ოქტომბერს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდების ფესტივალი გაიმართა ეგიდით "გავუღიმოთ ერთმანეთს". ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება". საშემოდგომო ზეიმს სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრმა უმასპინძლა. 

ღონისძიებაში ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი საზოგადოების" 40 ბენეფიციარი გახლდათ ჩართული. მათ პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა ნომერი მოამზადეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსებითაც წარსდგნენ სტუმრების წინაშე. ღონისძიებას ბენეფიციართა მშობლები, ადმინისტრაცია და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საშემოდგომო ფესტივალს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ესტუმრა. მის გამოჩენას პატარები გულწრფელი სიხარულით შეეგებნენ. ფონდის ხელმძღვანელმა მათ საჩუქრები _ მოვლის საშუალებები და ტკბილეული გადასცა.

- ფონდი "ავერსი" უკვე ათი წლისაა. ის 2009 წლის ოქტომბერს დაარსდა და დღემდე 8 მილიონ ლარზე მეტი ქველმოქმედება აქვს გაწეული _ აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ _ დღესაც ერთ-ერთი შესანიშნავი ღონისძიების სტუმრები ვართ. საშემოდგომო ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრები დავურიგეთ. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" აქტიურად არის ჩართული სპეციალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. მხარში უდგას ყოველგვარ წამოწყებას, აქციასა და ღონისძიებას, რომელიც მათი შესაძლებლობების გამოვლენას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას შეუწყობს ხელს. სასიამოვნოა, როდესაც მათ გაბრწყინებულ თვალებსა და ღიმილიან სახეებს ვუყურებთ. დღევანდელი ღონისძიება ამ დადებითი ემოციით იყო აღსავსე.  

მართლაც, საშემოდგომო ფესტივალი ნამდვილ ზეიმად იქცა. ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ერთად შეასრულეს ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" ჰიმნი:

"ერთმანეთისთვის, სიკეთისთვის

მე და შენ სამყაროს შევცვლით…

სიყვარულისთვის, სიკეთისთვის

მე და შენ ერთმანეთს შევცვლით".

დღის ბოლოსთვის ღონისძიების ორგანიზატორებმა კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადეს - შემოდგომის ხიბლი სტუმრებსა და მონაწილეებს ბოლომდე რომ შეეგრძნოთ, მოადუღეს თათარა და ჩურჩხელებიც ამოავლეს. 

ღონისძიების შესახებ ვესაუბრეთ ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" დამფუძნებელს მაია ბიბილეიშვილს:

- ორგანიზაცია ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" 1995 წელს ჩამოყალიბდა და საქართველოში პირველი არასამთავრობო გაერთიანება გახლავთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ დაფუძნებისას ორგანიზაციას არ გააჩნდა არანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მან მაინც შეძლო ადგილობრივი და საერთაშორისო დონორების დახმარებით განეხორციელებინა მნიშვნელოვანი პროექტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა, მოზარდთა და მათი ოჯახების  უფლებების დასაცავად და სოციალური ინტეგრაციისათვის. ცენტრში ამჟამად 53 ბენეფიციარი გვყავს.

საქართველოში დღეს უამრავის სოციალური პრობლემა არსებობს. ამასთან, ჯერ კიდევ არ გვაქვს შემუშავებული გრძელვადიანი  სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი. ყოველივე ამის ფონზე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ბიზნეს სექტორს და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კერძო ორგანიზაციების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება...  ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია საქველმოქმედო ფონდი  "ავერსი", რომელიც მუდამ მხარში უდგას საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ამჟამადაც ფონდის წარმომადგენლებმა ჩვენი ღონისძიების ორმოცივე მონაწილეს საჩუქრები გადასცეს, რამაც შექმნა პოზიტიური გარემო და დადებითი განწყობა. იმედია კიდევ ბევრჯერ მოგვეცემა თანამშრომლობის შესაძლებლობა _ აღნიშნა ქალბატონმა მაიამ.

საშემოდგომო ფესტივალი ფონდმა "ავერსმა" თავისებურად გაახალისა. ათი წლის ისტორიის მქონე ორგანიზაცია კვლავ უამრავი ადამიანის იმედი და თანამდგომია.

გააზიარე: