"ავერსმა" ბავშვთა დაცვის დღე მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ყოველთვის გამორჩეულად ემზადება. პირველი ივნისი მან წლეულსაც დღესასწაულად აქცია - ამჯერად  მრავალშვილიან ოჯახებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა, სასაჩუქრე ბარათები გადასცა, რომლითაც ბავშვებს  ნებისმიერ ატრაქციონზე გართობის შესაძლებლობა მიეცათ.

გამცემლიძეების ოჯახიდან სამი მცირეწლოვანი მთაწმინდის პარკში ბებიამ მოიყვანა. როგორც ქალბატონმა ნათელამ გვითხრა, მათ ატრაქციონებით გული იჯერეს:

- ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი პროგრამა დაიგეგმა - "ავერსმა" ჩვენს პატარებს ერთი ბედნიერი დღე აჩუქა. ოჯახში ხუთი ბავშვია და, რა თქმა უნდა, მსგავს ღონისძიებაზე მათთვის სასურველი გართობა მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავს ასეთი ძვირი სიამოვნების უფლება მისცეს... "ავერსმა" ნამდვილი დღესასწაული მოგვიწყო. მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის.

თამილა ტურაშვილი ხუთი შვილის დედაა. ის ოჯახთან ერთად ესტუმრა მთაწმინდის პარკს:

- დღეს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ჩემს შვილებს დიდი სიურპრიზი მოუწყო - დაგვასაჩუქრა ბარათით, რომლითაც ბავშვებმა ატრაქციონებზეც ისიამოვნეს, ტირშიც მოსინჯეს ძალები და უამრავ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა - მათ თავისი პატარ-პატარა ნატვრები აიხდინეს. მადლიერება მინდა გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიმართ არა მხოლოდ პირველი ივნისის შესანიშნავი საჩუქრისთვის, არამედ იმ მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის, რასაც მეხუთე შვილის შეძენის შემდეგ გვიწევს. "ავერსი" მრავალშვილიანი ოჯახების დიდი გულშემატკივარია. ეხმარება მათ და უამრავ ყოფით პრობლემას არიდებს თავიდან. 

სოფიო დვალიც მრავალშვილიანი დედაა, რომელიც მეუღლესთან და ხუთ მცირეწლოვანთან ერთად ეწვია მთაწმინდის პარკს. "ავერსის" საჩუქარი მათაც დიდი სიხარულით მიიღეს:

- მეხუთე შვილი რომ შეგვეძინა, საქველმოქმედო ფონდმა საჩუქრებით აგვავსო. დღეს კი მართლაც არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოგვიწყო და საშუალება მოგვცა მთელს ოჯახს ერთად, ძალიან სასიამოვნოდ აღგვენიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. პატარები აღფრთოვანებულები არიან და დიდხანს გაჰყვებათ ეს საოცარი ემოცია.

შთაბეჭდილებების გაზიარება ბავშვებსაც ვთხოვეთ:  

მართა ღონღაძე გამოგვიტყდა, რომ "ავერსის" საჩუქრით ძალიან გახარებული იყო:

-  ყველა ატრაქციონზე გავერთეთ. ეშმაკის ბორბალზეც დავსხედით და არ შემეშინდა... დიდი მადლობა "ავერსს". 

საბავშვო გასართობი პროგრამით პატარა სტუმრებმა მართლაც ისიამოვნეს და დაუვიწყარი ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ შინ.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშვობას და უზრუნველ მომავალს უსურვებს.

გააზიარე: