შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა იყოს საზოგადოების დაყოფის საფუძველი

შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა იყოს საზოგადოების დაყოფის საფუძველი

16 აპრილს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა და მოზარდთა სააღდგომო გამოფენა-კონცერტი გაიმართა სლოგანით "შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა იყოს საზოგადოების დაყოფის საფუძველი".

პროექტის მიზანი გახლდათ ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის წახალისება, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებისადმი.

ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით 50-მდე სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდი იღებდა მონაწილეობას. საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სადღესასწაულო კონცერტის დასასრულს მათ მოვლის საშუალებების სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.

საგაზაფხულო ფესტივალი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. ქალბატონმა ანა კომლაძემ, რომელიც ამ სამსახურის კულტურის და პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტია აღნიშნა, რომ მუნიციპალურ ბიუჯეტში ინკლუზიური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ფინანსების მობილიზება სულ უფრო მასშტაბური ხდება, რათა ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, საზოგადოებრივი ინტეგრაცია, ხელოვნებისა და განათლების სისტემაში მათი ჩართულობა დაფინანსდეს:

- დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური და არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. ეს ნიჭიერი ახალგაზრდები თითქოს სულის ყველა სიმს შეეხნენ. კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი ძალისხმევა ფუჭი არ არის.

ღონისძიებაზე ყველა სპექტრის ბავშვები და მოზარდები არიან წარმოდგენილი. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ შევდგეთ, როგორც ევროპული, განვითარებული საზოგადოება.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამსახურება. მისი სახელი ყოველთვის გაიჟღერებს ხოლმე ასეთი ტიპის პროექტებში. ფონდი მუდამ მხარში უდგას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ამისთვის უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ ორგანიზაციის მიმართ."

ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ ხაშურისა და გორის დღის ცენტრის ბენეფიციარები. გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში, რომელსაც ქალბატონი თინა ბრეგვაძე ხელმძღვანელობს 110 აღსაზრდელია. მათი უმრავლესობა ხატავს, ქარგავს, თექისა და მინანქრის ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.

ხაშურის "მომავლის სახლში" კი 20 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბინადარია. ამ ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ია გასიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა გაზაფხულისა და სააღდგომო დღესასწაულები არაჩვეულებრივი ღონისძიებებით დაიგეგმა.

- ჩვენი ცენტრის ბენეფიციართა უმეტესობა შესანიშნავად ცეკვავს, მღერის და თავის შემოქმედებას დღეს ფართო აუდიტორიას წარუდგენს. უსაზღვროდ თბილი და საყვარელი მოზარდები არიან. წარმატებას და მეტად განვითარებას ვუსურვებ მათ, რომ მაქსიმალურად შეძლონ თავისი შესაძლებლობების რეალიზება. ამაში კი  ფონდი "ავერსი" ეხმარებათ - ის ყოველთვის ცდილობს წაახალისოს მათი წარმატება - აღნიშნა ქალბატონმა იამ.

ვესაუბრეთ ფესტივალის მონაწილეებსა და მათ მშობლებს:

დიანა დიმიტრაძემ მაყურებლის წინაშე აჭარული ცეკვა შეასრულა. დიანას დედამ - ქალბატონმა ინგა ქარცივაძემ კი აღნიშნა, რომ მათ შვილებს ასეთი ღონისძიებები განსაკუთრებით აბედნიერებთ:

- დიანა ინტეგრირებული თეატრალური დასის "აზდაკის ბაღის" მსახიობია, შესაბამისად, მსგავს პროექტებში ხშირად გვიწევს მონაწილეობის მიღება. მადლიერება მინდა გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიმართ, რადგან, ალბათ, ვერც გავიხსენებ რომელიმე ღონისძიებას, სადაც ეს ფონდი აქტიურად არ ყოფილიყო ჩართული.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მრავალი პროექტის ავტორი და ორგანიზატორია, ამასთან, ის მუდმივად მხარს უჭერს ყოველგვარ წამოწყებას, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა დახმარებას და მათ საზოგადოებრივ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.  

გააზიარე: