გაზაფხულის ავერსული ფერები

გაზაფხულის ავერსული ფერები

გაზაფხულის ტრადიციული წინასააღდგომო ღონისძიება, რომელიც უკვე სამი წელიწადია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროების მქონე პირების თანადგომას და მათი შესაძლებლობების გამოვლენას.

12 აპრილს გამართულ ფესტივალზე, სახელწოდებით "გაზაფხულის ფერები" მოწვეული იყვნენ ქუთაისის, გორის, ქარელის, ამბროლაურის და სხვა რეგიონული დღის ცენტრის ბენეფიციარები.

პარლამენტის შოთა რუსთაველის დარბაზში მათ საკუთარი ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, სააღდგომო აქსესუარების პრეზენტაცია გამართეს. გამოფენა-გაყიდვაზე 10 წლის ცოტნე მიქუტიშვილის ნახატებიც იყო წარმოდგენილი, რომლებიც მდიდარი ფერთა გამით გამოირჩეოდა.

სპეციალური საჭიროების მქონე პირებს და მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" საჩუქრები - ტკბილეული და მოვლის საშუალებები გადასცა. ფონდი "ავერსი" ამ ღონისძიებების მუდმივი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. 

როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამართული სადღესასწაულო ღონისძიებები უკვე ტრადიციად იქცა, თუმცა მშობელთა კომიტეტებთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გასართობ ხასიათს ატარებს:

- მესამე წელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად საშობაოდ და წინასააღდგომოდ გამოფენა-გაყიდვებს და სხვადასხვა ტიპის საინტერესო ღონისძიებებს ვატარებთ, თუმცა, მათთან არა მხოლოდ საზეიმო შეხვედრების კუთხით ვთანამშრომლობთ - მშობელთა  ასოციაციები აქტიურად არიან ჩართული საკანონმდებლო პროცესებში, ამ თანამშრომლობის შედეგია სპეც-პედაგოგთა რეგულაციების კუთხით განხორციელებული ცვლილებები - ორი წლის წინ ისინი მასწავლებელთა სქემის ნაწილს არ წარმოადგენდნენ, დღეს კი მათ პროფესიული განვითარებისა და ღირსეული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ეს შედეგი გახლავთ ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ჩართულობა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებრივი ინტეგრაციის საქმეში.

ფონდი "ავერსი" მუდმივად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე, ჩართულია ყოველგვარ აქციაში, ღონისძიებაში, რომლებიც მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას მაქსიმალურად უწყობს ხელს. "ავერსი" ყველა სასიკეთო წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგას და მადლობას ვუხდით მას ამ უდიდესი თანადგომისთვის.

ვესაუბრეთ, ასევე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს, რომელიც 12 აპრილს იუბილარი გახლდათ. როგორც ბატონმა გენადიმ აღნიშნა, ის დაბადების დღეს საუკეთესო განწყობით აღნიშნავდა:

- სადღესასწაულო განწყობა და ტოლერანტობის შესანიშნავი გრძნობა გვეუფლება, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გარემოცვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ასეთი ბედნიერები არიან. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები ჩვენთვის - საზოგადოებისთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ მათთვის მაქსიმალურად გახსნილები.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ცდილობს ყველანაირად ადაპტირებული გარემო შეიქმნას სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში... შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებრივი ჩართულობა და მათი დასაქმების პერსპექტივა აუცილებელია, იმისათვის, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც სახელმწიფო.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე დაანონსდა, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაც, რომელიც მათი მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით იქნება აღჭურვილი.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ მოწვეულ სტუმრებს წინასწარ მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღონისძიებაში მონაწილე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს გაზაფხულის ფერებივით ლამაზი მომავალი უსურვა. 

"ავერსი" მუდმივად ზრუნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მათი თანადგომა ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

გააზიარე: