"ავერსმა" პენსიონერებს მარტის დღესასწაულები მიულოცა

6 მარტს საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლები საქართველოს პენსიონერთა კავშირს ესტუმრნენ და ღვაწლმოსილ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს. საჩუქრად მოვლის საშუალებები და კოსმეტიკური ნაწარმი გადასცეს.

პენსიონერთა კავშირს "ავერსთან" უკვე დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბატონმა ადერკინ კოპლატაძემ აღნიშნა, საქველმოქმედო ფონდ "ავერსისგან" უხუცეს ადამიანებს ყურადღება არასოდეს აკლდათ -  პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსება და დღესასწაულების ორიგინალურად მილოცვა ფონდმა ტრადიციად აქცია.  

პენსიონერთა კავშირის წარმომადგენელმა ამირან გაფრინდაშვილმა კი აღნიშნა, რომ "ავერსის" სტუმრობას კავშირის წევრები ყოველთვის სიხარულით ელიან:

- საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" არა მხოლოდ მედიკამენტებით უზრუნველგვყოფს, არამედ საჭირო სამედიცინო მომსახურებითაც. ამასთან, სასიამოვნო საჩუქრებითაც გვანებივრებს. დღესაც ერთ-ერთი ასეთი სასიამოვნო დღეა - "ავერსი" ჩვენს ქალბატონებს და კავშირის წევრი მამაკაცების მეუღლეებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს. ამ შეხვედრას ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებიან. ასევე, შემოგვიერთდნენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლები. ყველა ერთხმად გამოთქვამს მადლიერებას საქველმოქმედო ფონდისა და მისი დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მიმართ. ეს ადამიანები, შეიძლება ითქვას, ღმერთმა გამოგვიგზავნა, რადგან მათი მადლი და სიკეთე არა მხოლოდ პენსიონერ მოსახლეობას, არამედ ყველა გაჭირვებულს სწვდება - აღნიშნა ამირან გაფრინდაშვილმა.

გაზაფხულის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა მიმართა:

- ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. წლები გამოცდილებას გვმატებს, სწორედ ამიტომ ყოველთვის სასიამოვნოა ღვაწლმოსილ, უხუცეს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება...  ქართველებს გვაქვს შესანიშნავი ტრადიციები, სადაც უფროსი თაობის წარმომადგენლების მიმართ პატივისცემა და  მოწიწება კარგად ჩანს. ჩვენც ქედს ვიხრით ამ ადამიანების წინაშე.

საქართველოს პენსიონერთა კავშირი მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება - ამ ორგანიზაციის მისია მზრუნველობა და მეგობრობაა. ყოველთვის სიყვარულით მოვდივართ. მასპინძლებიც ასეთივე სითბოთი გვხვდებიან. გილოცავთ მარტის დღესასწაულებს და გისურვებთ რომ სულ ასეთი ხალისიანები, ლამაზები და არაჩვეულებრივები იყოთ.

ვესაუბრეთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიონერთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ნორა გადელიას:

- ჩვენი ორგანიზაცია ახლახანს დაფუძნდა, ჯერ ფრთები არ გაგვიშლია, თუმცა, მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გვჯერა, რომ უამრავ სასიკეთო საქმეს დავუდებთ საფუძველს და ყველა წამოწყებაში "ავერსის" თანადგომის იმედი გვაქვს. განვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, უზრუნველვყოფთ სამედიცინო სერვისების მიწოდებას და მატერიალურ დახმარებასაც გავუწევთ გაჭირვებულებს. საქმე ის გახლავთ, რომ მხცოვან ადამიანებს, ხშირად, ფულსა და საკვებზე მეტად ადამიანური ურთიერთობები, ფსიქოლოგიური თანადგომა, ყურადღება და მოფერება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი "ავერსის" მხრიდან ასეთი ყურადღება, საქველმოქმედო ფონდი სიკეთეს თესავს და უდიდეს სიხარულს გვჩუქნის.

საქართველოს პენსიონერთა კავშირის გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლეილა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ მის რაიონში 27 ათასამდე პენსიონერია რეგისტრირებული. პენსიონერთა კავშირთან ათასზე მეტი ურთიერთობს და მათი უმრავლესობა ხშირად საქველმოქმედო სამედიცინო სერვისებით სარგებლობს, იღებს მედიკამენტებს და ყოველგვარ დახმარებას:

- "ავერსთან" თანამშრომლობა და ამ ფონდის თანადგომა უამრავ სასიკეთო საქმეში გვეხმარება. ასე რომ უღრმესი მადლობა ფონდის ხელმძღვანელებსა და დამფუძნებელს.

- ადამიანის გულს მცირედი ყოფნის ბედნიერებისთვის, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კი უდიდეს კეთილშობილურ საქმეს ემსახურება და ამით უამრავი ადამიანის გულს სიხარულით ავსებს - აღნიშნა  საქართველოს პენსიონერთა კავშირის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირინა ასათიანმა -  ყოველთვის ყოფილიყავით გაზაფხულივით ლამაზები, მშვენიერები და მუდამ გქონოდეთ შესაძლებლობა და სურვილი, რომ სხვა ადამიანებსაც გაულამაზოთ გაზაფხულის დღესასწაულები... 

საქართველოს პენსიონერთა კავშირის კულტურის მენეჯერმა ნანა დარჩიაშვილმა საქველმოქმედო ფონდ "ავერსისა" და საქართველოს პენსიონერთა კავშირის მეგობრობას ლექსი მიუძღვნა. აღნიშნა, რომ უხუცესთა კავშირს ფრთები ბატონმა ადერკინ კოპლატაძემ შეასხა "ავერსი" კი ამ ორგანიზაციის მუდმივი მხარდამჭერია. შესაბამისად, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ პენსიონერები თავს მიტოვებულად არ გრძნობენ.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ მარტის დღესასწაულებს. სიმშვიდესა და ჯანმრთელობას გისურვებთ.

გააზიარე: