შემოდგომის ზეიმი ფონდ

შემოდგომის ზეიმი ფონდ "ავერსთან" ერთად გაიმართა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს. ფონდმა მათ და მათ მშობლებს ამჯერად შემოდგომის ზეიმი მიულოცა და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა:

- "ავერსი" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი და თანამდგომია. მათ  შორის ბევრია ნიჭიერიც და  შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულიც.  მაგალითად ისიც კმარა, რომ ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის" მსახიობებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ემოციების დამალვა მიჭირს, როდესაც მათ მიერ წაკითხულ ლექსებს ვისმენ. ვფიქრობ, ასე თბილად და გულიანად შესრულება ბევრ პროფესიონალ მსახიობს გაუჭირდება... 

დღეს მოვედით თქვენთან, რომ შემოდგომის ზეიმი მოგილოცოთ და შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ უფრო დიდი წარმატება გისურვოთ. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ნიჭიერი, ლამაზი, მოვლილი ბავშვების ზურგს უკან მათი მშობლები დგანან და რომ მათ წარმატებასა და საზოგადოებრივ აქტიურობაში დედებსა და მამებს ლომის წილი უდევთ. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" და მისი დამფუძნებელი, ბატონი პაატა კურტანიძე, ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მშობლებზეც ისევე ზრუნავს, როგორც მათ შვილებზე. ჩვენც გვინდა, ყოველი ასეთი შეხვედრის დროს პატარებთან ერთად მათ მშობლებსაც მოვეფეროთ და გავამხნეოთ.

თქვენი წარმატება გვახარებს, გისურვებთ, ხშირად გევლოთ გასტროლებზე და მუდამ ანშლაგით წარმდგარიყავით მაყურებლის წინაშე.

ინტეგრირებულმა თეატრმა "აზდაკის ბაღმა"  უკვე დიდი აღიარება მოიპოვა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ამ სეზონზე თეატრმა მონაწილეობა მიიღო თბილისსა და ურეკში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში.

ამჯერად მოზარდები ქ. ოდესაში მიემგზავრებიან, სადაც 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაიმართება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალი "Рандеву у  мамы". ფესტივალში შოუ "ნიჭიერის" ნახევარფინალისტები ლევან გოცაძე და სალომე ტერტერაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. ისინი საქართველოს ეროვნული ცეკვებით წარმოაჩენენ. ფესტივალის ორგანიზატორია ოდესის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია "Солнечные  дети". ეს ფესტივალი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედების სტიმულირებას, კულტურისა და ხელოვნების საშუალებით მათ სოციალურ რეაბილიტაციას, ასეთი ადამიანების მიმართ დადებითი განწყობის შექმნას და საზოგადოებრივ ინტეგრაციას.

ვესაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მშობლებსაც.

თამარ ღარიბაშვილის 20 წლის გოგონა ეტლით მოსარგებლეა. ამბობს, რომ  ფონდი "ავერსი" ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც  მოზარდებთან ერთად არც მათ მშობლებს ივიწყებს და მუდამ ცდილობს, საჩუქრებით, ყურადღებით გაანებივროს მძიმე ტვირთს შეჭიდებული ადამიანები:

-  ვისაც ეს პრობლემა არ შეხებია და არ ჩაუხედავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ცხოვრებაში, ვერ აღიქვამს მათი მშობლების პასუხისმგებლობას. შორიდან  ძელია იმ შრომის შეფასება, რასაც ყოველდღიურად ვეწევით. ქვეყანაში სხვაც ბევრი პრობლემაა და ჩვენც, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ სირთულესთანაც გვიწევს ბრძოლა.

ვცდილობთ, ჩვენს შვილებს თვითონვე გავუხალისოთ ცხოვრება და ხშირად მოვუწყოთ ზეიმი, ლამაზი, დაუვიწყარი დღეები და წუთები ვაჩუქოთ. ამაში ხშირად საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გვეხმარება. "ავერსს" არასოდეს ვავიწყდებით.

სესილი ღვინჯილია "აზდაკის ბაღის" მსახიობია. ამბობს, რომ თეატრი მისი საარსებო წყაროა:

- თეატრის მიტოვებას არ ვაპირებ, მინდა თამაში, მეგობრებთან ურთიერთობა და წარმატების სიხარულის მათთან გაზიარება. მიხარია, რომ ჩვენს დასს საქველმოქმედო ფონდი  "ავერსი" მთელი გულით გულშემატკივრობს. დღესაც გვესტუმრა, შემოდგომის ზეიმი მოგვილოცა და დაგვასაჩუქრა, წარმატება გვისურვა. ვამაყობ, რომ "ავერსი" ჩვენი მეგობარია.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებსა და მათ მშობლებს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს.

გააზიარე: