"ავერსმა" პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

1 ივნისს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ორგანიზაცია "მომავლის გზის"  ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა – საჩუქრად ტკბილეული და პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადასცა.

ფონდ "მომავლის გზის" დამფუძნებელმა, დავით კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გუნდი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ჯერ კიდევ 1996 წლიდან უწევს დახმარებას. ამჟამად, ეს ორგანიზაცია თბილისში ორი დღის ცენტრის სახით არის წარმოდგენილი და 70-მდე ბავშვს ემსახურება:

- ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახების ბავშვებს 24 საათიან მომსახურებას ვაწვდიდით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მზრუნველობას არ ვაკლებდით და უამრავ სახალისო წუთს ვჩუქნიდით, ოჯახს მოწყვეტილები მაინც დათრგუნულად გრძნობდნენ თავს. მეცენატი ორგანიზაციების ხელშეწყობით ამ ოჯახების გაძლიერება შევძელით და პატარებს მშობლებთან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ. ჩვენც დღის ცენტრის სერვისების მიწოდება დავიწყეთ - აქ ბავშვები განათლებას იღებენ, სხვადასხვა წრეზე დადიან... ამასთან, დღესასწაულებს ყოველთვის გამორჩეულად ვხვდებით. განსაკუთრებული სიხარულით ველით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რადგან ჩვენი მეგობარი ორგანიზაციებისგან საჩუქრებს ვიღებთ, გვსტუმრობენ და ბავშვებს დღესასწაულს უხალისებენ.

1 ივნისის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წლეულსაც უამრავი ღონისძიება დაიგეგმა - ანიმატორები მოვიწვიეთ და ჩვენს პატარებს დაუვიწყარი წუთები ვაჩუქეთ.

ორგანიზაცია "მომავლის გზა" შუამავალია ბავშვებსა და მეცენატებს შორის.  ჩვენი ფონდის ხელშეწყობით პატარებმა უამრავი მეგობარი შეიძინეს, რომლებიც მათზე ზრუნავენ. სწორედ ასეთი მეგობარია საქველმოქმედო ფონდი "ავერსი", რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. შეიძლება ითქვას, რომ მათი ბენეფიციარები ვართ, რადგან ყოველთვის, როდესაც დახმარება გვჭირდება, გვერდში გვიდგანან და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველგვყოფენ. 

"ავერსი" ყურადღებით მუდამ გვანებივრებს - ხშირად გვიწვევს სოციალურ პროექტებშიც, მაგალითად, ჩვენს პატარებს სპექტაკლზე ეპატიჟება, ასევე, სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, რაც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის...  მოგეხსენებათ, მათ ოჯახებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შვილები ხელოვნებას აზიარონ. "ავერსი" კი ჩვენს პატარა აღსაზრდელებს ამ ბედნიერებასაც უხვად ჩუქნის.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ!

გააზიარე: