19-20 მაისს "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით, “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში", რომლის მიზანი გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების ქართველი აუდიტორიისთვის გაცნობა გახლდათ. მომხსენებლებმა თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ისაუბრეს და გამოცდილება სამედიცინო და საბუნებისმეტყველო დარგში მოღვაწე პროფესიონალებს გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს თემები: სამედიცინო გენეტიკა, ეპიგენეტიკა, გენომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სიბერის გენეტიკა, ღეროვანი უჯრედებით თერაპია, ეთიკური საკითხები...
კონფერენცია ჩატარდა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით.
როგორც ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, "ავერსი" საქართველოში გენეტიკის დარგის განვითარების აქტიური მხარდამჭერია, რადგან გენომური მედიცინის ეპოქაში სათანადო ცოდნის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია:
- კონფერენცია “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა“ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში გენეტიკისა და ეპიგენეტიკის დარგის განვითარებას, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ურთიერთთანამშრომლობას, მეგობრული და საქმიანი კონტაქტების დამყარებას, სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას. ასეთი მნიშვნელოვანი საქმის თანადგომისთვის მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს: მაღალი რანგის სპეციალისტებთან შეხვედრა ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ღონისძიების საგრანტო კონკურსის დაფინანსებით, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტისა და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების თანადგომით, რომელთანაც ფონდ "ავერსს" უკვე წლებია ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, ამის მაგალითია ისიც, რომ ორი წლის წინ სწორედ "ავერსის" მხარდაჭერით გამოიცა ქართულ ენაზე წიგნი ტომპსონ & ტომპსონ "გენეტიკა მედიცინაში"
მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საზოგადოების პრეზიდენტმა ელენე აბზიანიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი კონფერენცია პირველად ჩატარდა:
- ადამიანის გენომის გაშიფვრამ ახალი საჭიროებები მოიტანა. სწორედ ადამიანის გენომი გახდა საფუძველი პრევენციული, პერსონალიზებული და ზუსტი მედიცინისა, რომლის გარეშე თანამედროვე ექიმი ვერ იარსებებს. მინდა, ამ გამოწვევებს ჩვენი ქართველი ექიმები სათანადოდ შეხვდნენ - მსოფლიოში და საქართველოში მოლეკულური დიაგნოსტირების ლაბორატორიები და ცენტრები აქტიურად იხსნება და აუცილებელია სათანადო განათლების მქონე პროფესიონალების მომზადება, საჭიროა საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო კვლევითი, საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის ინტეგრირება და მისი გამოყენება. ახალგაზრდობის ხელშეწყობა, მათი წახალისება, მკვლევარების გაერთიანება, რომლებიც ამ დარგში მუშაობენ. ჩემოსულები არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები მსოფლიოდან, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები. ისინი ჩვენს ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებენ
მადლიერება მინდა გამოვხატო "ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძის მიმართ, როგორც ყოველთვის, დღესაც უანგაროდ დაგვიდგა მხარში.
ქალბატონი ელენე კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ მან განიხილა ანთებითი ტკივილის განვითარებაში და მოდულაციაში მონაწილე ტკივილის მატრიქსის სტრუქტურების ეპიგენეტიკური პროფილი და აგრეთვე ეპიგენეტიკური აგენტების, როგორც პოტენციური თერაპიული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობები ქრონიკული ანთებითი ტკივილის მართვის დროს.
კონფერენციის მონაწილე გახლდათ ასევე, პროფესორი ანგუს კლარკე (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), რომლის მოხსენება ჯანდაცვის სფეროში გენეტიკური ტესტირების ძირითად პრობლემებს მიმოიხილავდა.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა დავით ჩოკოშვილმა (ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია) მოსახლეობის გენეტიკური სკრინინგის თემატიკაზე ისაუბრა.
ასოცირებული პროფესორის პასკალ ბორის (ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია) თემა სამედიცინო გენეტიკაში ეთიკურ პრობლემებს მიეძღვნა.
დაბერებისა და დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებების შესახებ ისაუბრეს პროფესორმა ჯეიმს კირკლანდმა და ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჭყონიამ (მეიოს კლინიკა, როჩესტერი, აშშ) მათ წამოადგინეს მოხსენებები უჯრედის ფიზიოლოგიურ დაბერებასა და ასაკთან-დაკავშირებული დაავადებების შესახებ.
- უახლეს წამლებს - სენოლიტიკებს, შეუძლიათ გადაავადონ, პრევენცია გაუკეთონ ან განკურნონ ასაკთან და ქრონიკულ დაავადებებთან ასოცირებული დაავადებები. მიმდინარეობს მე-2 ფაზის კლინიკური კვლევები ადამიანებზე, რომლის საშუალებითაც მოხდება ამ წამლებისა და ცხოველებზე ჩატარებული რეკლინიკური კვლევების ეფექტური ტრანსლაცია კლინიკურ პრაქტიკაში.
საქართველოში ხანდაზმული ადამიანების დიდი პოპულაციაა, რაც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებსაც წარმოქმნის, ამიტომ დღევანდელი კონფერენცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს – აღნიშნა პროფესორმა კირკლანდმა.
ქალბატონმა თამარ ჭყონიამ კი დასძინა, რომ მედიცინის განვითარებასთან ერთად სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, მაგრამ ასაკი მაინც დიდი რისკ-ფაქტორია ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადება, მეორე ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები:
- ამჟამად მედიცინა და სიბერის კვლევა მიმართულია იმ პერიოდის გადავადებისკენ, როდესაც ეს დაავადებები მანიფესტაციას ახდენს.
მომდევნო მომხსენებელი გახლდათ პროფესორი ლაურა ნეიდერნჰოფერი (სკრიპის კვლევით ინსტიტუტი, ფლორიდა, აშშ), რომელმაც ისაუბრა სიბერის პროცესში დნმ-ის ენდოგენური დაზიანების კაუზალურ მნიშვნელობაზე.
პროფესორ მარალ ტარეჯანის (სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ) მოხსენებაში განხილული იყო ის მოლეკულური გზები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება ქრონიკული ტკივილის მართვა.
პროფესორ ზაალ კოკაიას (ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრი, ლუნდი, შვედეთი) მოხსნება დაეთმო ადამიანის სომატური უჯრედების გენეტიკური რეპროგრამირების უახლეს ტექნოლოგიებს
პროფესორ პოლ რობინსის (სკრიპის კვლევით ინსტიტუტი, ფლორიდა, აშშ) მოხსენება განიხილავდა იმ გზებს, რომლებიც განაპირობებენ ღეროვანი უჯრედების დისფუნქციას სიბერის დროს და ასევე ტრანსპლანტირებული ფუნქციური ღეროვანი უჯრედების უნარს გაახანგრძლივოს ჯანმრთელობა.
პროფესორ მერაბ კოკაიას (ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრი, ლუნდი, შვედეთი) მოხსენება განიხილავდა უჯრედული და გენური თერაპიის ახალ მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
- თავად ის ფაქტი, რომ ეს კონფერენცია საქართველოში ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გენური და უჯრედული თერაპია სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. უახლესი ინფორმაციის მიწოდება ჩვენს პროფესიონალ ექიმებს აუცილებლად წაადგებათ. ჩემი მოხსენება ეხება ასევე ეპილეფსიის იმ ფორმებს, რომლებიც მკურნალობას დღემდე არ ექვემდებარება. ასეთი დაავადებულთა 30%-ია, მიმდინარე კვლევები მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას ემსახურება და იმედი მაქვს, სამ-ოთხ წელიწადში პირველი კლინიკური ცდებიც ჩატარდება.
პროფესორ ჯენარა ქრისტესაშვილის (თსუ, თბილისი) საკონფერენციო თემა განიხილავდა ორსულობის განმეორებითი დანაკარგების გენეტიკურ ფაქტორებს.
პროფესორ ნიკოლ ლიიუს (რადბაუდის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) მოხსენებაში განხილული იყო დიაგნოსტიკური მეთოდიკის (SNP array) მნიშვნელობა თანდაყოლილი ანომალიების, განვითარების შეფერხების, გონებრივი უნარშეზღუდულობისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების კვლევის ასპექტში.
პროფესორ ნიკოლ ფლეიშერის (FDNA, ბოსტონი, აშშ) მოხსენება დაეთმო ე. წ. ხელოვნურ ინტელექტს (ონლაინ პროგრამა Face2Gene), რომელსაც შეუძლია პაციენტის ორ განზომილებიანი ფოტოსა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე მოახდინოს გენეტიკური სინდრომის იდენტიფიკაცია.
კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდა ვორქშოფი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პრაქტიკულად გამოიყენებინათ Face2Gene პროგრამა რომელმაც კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, ალგორითმების მეშვეობით ინფორმაციის ანალიზი მოახდინა და სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზიც დასვა.
კონფერენციის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ ექიმ გენეტიკოსს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს თინათინ ტყემალაძეს:
- ჩვენს დარგში ასეთი მასშტაბური კონფერენცია პირველად ჩატარდა. 14 ექსპერტი, რომლებიც აუდიტორიის წინაშე მომხსენებლებად წარსდგნენ მაღალი რანგის სპეციალისტები არიან. ისაუბრეს სიბერის გენეტიკის, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის, გენეტიკური სკრინინგის, ბავშვთა ნეირო პათოლოგიებით მიმდინარე დაავადებების შესახებ და ეს თემატიკა, ვფიქრობთ, სხვადასხვა დარგის ექიმებისთვის, ბიოლოგებისთვის ძალიან საინტერესო იყო. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, იმედი გვაქვს, კონფერენცია ყოველწლიური იქნება. შეხვედრას ბევრი სტუდენტი ესწრებოდა, რამაც შესაძლებლობას მისცა მომავალ თაობას მეტი ინფორმაცია მიეღო ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე.
კონფერენციაზე გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალიც.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტრანსლაციური მედიცინა თანამედროვე გამოწვევაა. დიაგნოსტიკისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის მკურნალობის ნოვატორული მეთოდების მიწოდება მძლავრი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობაა.
აგრალური უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მუსხელიშვლმა კი კონფერენციის საქართველოში ჩატარება დიდ მიღწევად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე კვლევის მეთოდების დანერგვას, სტუდენტების ურთიერთგაცვლასა და დარგის წინსვლას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციისკენ.