ერთად ვაკეთოთ სიკეთე

ერთად ვაკეთოთ სიკეთე

1921 წლის 21 მაისს თბილისში, ერმოლოვის (დღევანდელ ჩიტაძის) ქუჩაზე, წმინდა ნინოს სახელობის დარბაზში, საქართველოს მშრომელ ქალთა პირველი ყრილობა გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ემანსიპაცია გახლდათ. იმ დღიდან მოყოლებული, ორგანიზაციამ უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ტრადიცია დღემდე გრძელდება.

ქალთა გაერთიანებამ წლების განმავლობაში მოდიფიკაცია განიცადა და დღეს ის არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის ზრდას ემსახურება, არამედ ყველაზე მოწყვლადი ფენის: სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, - უფლებათა დამცველად, მეოხად და მხარდამჭერად გვევლინება.

„ქალთა საბჭო“ ეროვნული მნიშვნელობის არაერთ პროექტს ახორციელებს. წელს მას ამ ღვაწლისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. ამ სასიამოვნო სიახლის აღსანიშნავად და წლიური შემაჯამებელი მოხსენების წარსადგენად „ქალთა საბჭო“ 21 მაისს იმავე შენობაში შეიკრიბა, სადაც პირველად და დაარსების 98-ე წლისთავი აღნიშნა.

„ქალთა საბჭოს“ ყოველგვარ სასიკეთო წამოწყებაში გვერდით უდგას საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“, რომელმაც ამ ორგანიზაციას 2013 წლიდან დღემდე 32 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტები და მოვლის საშუალებები გადასცა.

- საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" „საქართველოს ქალთა საბჭოსთან“ დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. ეს ორგანიზაცია უამრავ სიკეთეს თესავს და საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ მზადაა, უანგაროდ დაუდგეს გვერდით გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, - აღნიშნა ქეთევან ნემსაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორმა. მან „ქალთა საბჭოს“ დაარსების 98-ე წლისთავთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოპოვებაც მიულოცა და ღვაწლმოსილი ქალბატონები თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებათა ნაკრებით დაასაჩუქრა.

„ქალთა საბჭოს“ მესვეურებმა და რეგიონული  ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატეს დახმარებისთვის, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ მუდმივად უწევს ორგანიზაციას.

საბჭო ამჟამად 2000 ქალს აერთიანებს. მას აკადემიკოსი მზექალა შანიძე ხელმძღვანელობს.

- ქალს წლების განმავლობაში მსახურისა და მონის სტატუსი ჰქონდა. დღეს აქ შეკრებილი უამრავი ქალი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ოჯახს თუ ქვეყანას თავდადებით ემსახურება. ეს რთული საქმეა, რადგან ჩვენს დროში ცხოვრების სიმძიმე უმეტესად ქალის მხრებზე გადადის.  სწორედ ქალებმა მოახერხეს შრომითა და თავგანწირვით ჩვენი საზოგადოებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება, ­–ბრძანა ქალბატონმა მზექალამ, - სასიამოვნოა, რომ რეგიონებშიც გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ საბჭოს საქმიანობაში. სწორედ ისინი არიან ჩვენი ორგანიზაციის საქმის გამგრძელებლები. მაგრამ უფროსი თაობის დამსახურებაც აღსანიშნავია. სწორედ მან მოიტანა ეს ტრადიციები დღემდე და სწორედ ის უნდა შეეხიდოს მომავალ თაობებს, რომ უზრუნველყოს კავშირი ძველსა და ახალს შორის.

საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთმა ღვაწლმოსილმა ქალბატონმა - აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ მიმართა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად კანონის წინაშე თანასწორობისა, ქალები და მამაკაცები ხშირად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ხოლმე:

- ქალებო, საქართველოს გამაძლიერებლებო, მომავლის მშობლებო, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს, რადგან სწორედ თქვენ ხართ ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი.

ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემაც გაუსვა ხაზი:

- უნიკალურ საქმეს ჩაეყარა საფუძველი: შეიქმნა ქართული ანბანის სამი სახეობის მემატიანე, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა. ქალბატონი მზექალა ამ წარმატების ხერხემალი გახლდათ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომლითაც ქალთა საბჭოს საქმიანობას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ ორგანიზაციას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის წინაშე და ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს.

„ქალთა საბჭოში“ თორმეტი ქვეყნის ქალთა საზოგადოებები არიან გაერთიანებულნი. ვესაუბრეთ ისრაელის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ღირსების ორდენის კავალერს - ქალბატონ ლია კრიხელს:

- საქართველოდან 1998 წელს წავედი, მაგრამ მასზე ფიქრი არასოდეს შემიწყვეტია. ჩვენი მამა-პაპანი გვეუბნებოდნენ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ებრაელი არასოდეს დაჩაგრულა, ამიტომ მისი დავიწყება არ ეგებისო.  ჩვენი საზოგადოება საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც „ქალთა საბჭოს“ ასე მხურვალედ უჭერენ მხარს და გულშემატკივრობენ.

შეკრებას აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი დელეგაციაც ესწრებოდა. მეზობელი ქვეყნის ქალთა საბჭოს ხელმძღვანელმა ბაჰარ კასიმოვამ ქართველ კოლეგას სიგელი გადასცა:

- წელს „აზერბაიჯანელ ქალთა საბჭო“ იუბილეს - დაარსების მე–100 წლისთავს აღნიშნავს. ჩვენ დიდი ტრადიცია და სიკეთით სავსე ისტორია გვაქვს. ვიმედოვნებ, საქართველოს ორგანიზაციასთან მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ქალებს დიდი ძალა აქვთ. თუ ამ ძალას გავაცნობიერებთ და გავერთიანდებით, სამყაროში მშვიდობა დამყარდება.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა ემანსიპაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „საქართველოს ქალთა საბჭო“ მრავალი მათგანისთვის ბრძოლის, შეუპოვრობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის თავდადების მაგალითია.

საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იუბილეს ულოცავს „საქართველოს ქალთა საბჭოს“ და ხანგრძლივ წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

გააზიარე: