საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია "ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" "ავერსის" თანადგომით ჩატარდა

11-12 მაისს საქართველომ უკვე მეორედ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას "ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" (ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში), რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. სამეცნიერო კონფერენცია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის დაფინანსებით და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც ფონდ "ავერსის" დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, კონფერენციის მიზანი გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების გაცნობა გახლდათ:

- ავერსი" ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში ნოვაციების დანერგვას და ქართველი ექიმებისთვისა თუ სტუდენტებისთვის თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების გაცნობას. ჩვენთვის აუცილებელია კოლაბორაცია და უშუალო კონტაქტები სწორედ იმ მაღალი რანგის პროფესიონალებთან, ვინც ამ ტექნოლოგიებს საკუთარ პრაქტიკაში იყენებენ. მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისთვის.

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი პროფესორი ელენე აბზიანიძე კონფერენციის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლავთ. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამედიცინო სფეროში გენომიკის, ეპიგენომიკისა და სხვა ომიკების ერა დადგა და ექიმი გენომური ცოდნის გარეშე ვერ მივა პერსონიზებულ - ზუსტ მედიცინამდე, რაც თანამედროვე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის:

- როგორც ცნობილია გენომიკა და ეპიგენომიკის ტექნოლოგიები აქტიურად შემოიჭრა სამედიცინო სფეროში, თუმცა ეს ტენდენცია მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება. რთული ტექნოლოგიების დანერგვა, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში კი ინფრასტრუქტურასა და განათლებასთან. ტრანსლაციური მედიცინა, რაც ლაბორატორიული - სამეცნიერო კვლევების პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო სფეროსთვის და, განსაკუთრებით, ფარმაკოლოგიური სექტორისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ექიმები და მომავალი თაობები - სტუდენტები ამ რევოლუციურ გამოწვევებს უფრო მომზადებულნი შეხვდნენ.

კონფერენციაზე მოწვეული მომხსენებლები სწორედ ამ ცოდნასა და სიახლეებს გვაცნობენ. ამ სემინარის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მხარდამჭერი ორგანიზაციები და, მათ შორის, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". მადლიერება მინდა გამოვხატო ფონდის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მიმართ, რომელმაც არა მხოლოდ კონფერენციის ორგანიზებისთვის გამოგვიცხადა მხარდაჭერა, არამედ საგამომცემლო საქმეშიც აქტიურად გვეხმარება. სწორედ მისი თანადგომით გამოიცა სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის, რომლებმაც, თავის დროზე, პრაქტიკულად, რევოლუცია მოახდინეს სამედიცინო განათლების სფეროში.

კონფერენციის სტრუქტურასა და თემატურ მიმართულებებზე გვესაუბრა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თინათინ ტყემალაძე:

- წლევანდელი თემატიკა საინტერესოდაა წარმოდგენილი: სამედიცინო გენეტიკა, ეპიგენეტიკა, გენომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, ონკოგენეტიკა, ნეიროგენეტიკა, დაბერების გენეტიკა, ბიომარკერების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში...

ექსპერტები ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან - გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, სტუმრები გვეწვივნენ სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდანაც - აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, კონფერენციაში ოთხასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

პირველ კონფერენციას დიდი გამოხმაურება და არა ერთი წარმატებული ნაბიჯი მოჰყვა. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი კონფერენციაც არანაკლებ რეზონანსული იქნება.

მოწვეულ სტუმრებს შორი გახლდათ ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი პროფესორი დავით ნადარეიშვილი. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პერსონალიზებული მედიცინა დღეს ყველაზე პერსპექტიულ მიდგომად მიიჩნევა, რომელიც თანამედროვე მედიცინას საშუალებას აძლევს იყოს უფრო მოქნილი და მეტად შედეგიანი;

- ურთულეს დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიც არის ონკოლოგიური და სხვა პათოლოგიები, პერსონალიზებული მედიცინის დამსახურებით ბოლო წლების განმავლობაში პროგრესული შედეგებია მიღწეული. კონფერენციაზე მსმენელის რანგში უამრავი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდაა თავმოყრილი. ასე რომ, ეს სემინარი არა მარტო სამეცნიერო, არამედ საგანმანათლებლო ზეიმიც არის.

კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და მისი დამსახურებით ყოველწლიურად გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საკითხებზე სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის არაერთი კონფერენცია ტარდება.

ვესაუბრეთ ასევე, მეიოს კლინიკის სიმსივნის ცენტრის ასოცირებულ პროფესორს დერმატოლოგიაში ალექსანდრე მევესს:

- უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი პროგრესია, ერთის მხრივ, ლაბორატორიებში - სამეცნიერო მუშაობის კუთხით და, მეორეს მხრივ, კლინიკურ პრაქტიკაში. ჩვენი ამოცანაა ამ პროგრესის ლაბორატორიული მაგიდიდან პაციენტის საწოლამდე მიტანა. ვცდილობთ, ვიპოვოთ მარკერები, რომლებიც ზუსტ პროგნოზსა და მკურნალობის პროგრესულ მეთოდებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვისაც საინტერესო იქნება.

მომხსენებელთა შორის იყვნენ ასევე:

ნიუ-იორკის ქვინს კოლეჯის ასისტენტ პროფესორი სებასტიან ალვარადო;

მეიოს კლინიკის მედიცინის პროფესორი, ვესნა გაროვიჩი;

ვურცბურგის უნივერსიტეტის კლინიკური ციტოგენეტიკის ხელმძღვანელი პროფესორი ევა კლოპოკი;

ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენომიკის პროფესორი მარტინა კორნელი;

ლარს ბოლუნდის ინსტიტუტის რეგენერაციული მედიცინის აღმასრულებელი დირექტორი იონგლუნ ლუ;

საუსჰემპტონის უნივერსიტეტის სამედიცინო გენეტიკის პროფესორი კარენ ტემპლი;

კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტში გრეგორი ტრანა.

ლუვენის უნივერსიტეტის მკვლევარი დავით ჩოკოშვილი...

უმაღლესი რანგის უცხოელმა პროფესიონალებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო სემინარზე 400-ზე მეტ კოლეგასა და სტუდენტს გაუზიარეს. 

გააზიარე: