E ვიტამინი – უმაღლესი კლასის ანტიოქსიდანტი
გააზიარე:
ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინი – ასე იცნობს E ვიტამინს უმრავლესობა, თუმცა ამ ნივთიერებას ორგანიზმში გაცილებით მეტი ფუნქცია აკისრია – აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, საუკეთესოა ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი კიბოს პრევენციისთვის, ამცირებს უნაყოფობის რისკს და თავიდან გვაცილებს ნაადრევ დაბერებას. ამ თვისებების გამო ბევრი თვითნებურად და რეგულარულად იღებს E ვიტამინის დანამატებს, რამაც შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიწვიოს.
მოდი, მეტი გავიგოთ E ვიტამინის შესახებ. მაინც რისთვის იყენებს მას ორგანიზმი და როდის უნდა მივიღოთ ის დანამატების სახით? ამ და სხვა კითხვებზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე გვიპასუხებს:
– E ვიტამინი არა ერთი ნივთიერება, არამედ ნივთიერებათა მთელი ოჯახია. მას მიეკუთვნება, მაგალითად, ტოკოფეროლები და ტოკოტრიენოლები. E ვიტამინის ოჯახს ჯერჯერობით 16 წევრი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა სიძლიერის ანტიოქსიდანტებია.
ანტიოქსიდანტების ამოცანაა, უვნებელყოს თავისუფალი რადიკალები და დაიცვას უჯრედები (შესაბამისად, ორგანიზმი) დაზიანებისგან.
თავისუფალი რადიკალები ის მოლეკულებია, რომლებსაც ქიმიურ სტრუქტურაში ერთი ელექტრონი აკლია. მის ძიებაში ისინი თავს ესხმიან უჯრედებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მათ კედლებს. დაზიანებული მემბრანით უჯრედი სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს. რაც უფრო მეტი უჯრედი ზიანდება ან კვდება, მით უფრო შესამჩნევი ხდება დაბერების ნიშნები, მრავლდება დაავადებები.
უჯრედს დღეში ათიათასობით თავდასხმის მოგერიება უწევს. E ვიტამინი C ვიტამინსა და სხვა დამხმარეებთან ერთად ამ ბრძოლის წინა ხაზზეა და უჯრედის კედლებს იცავს.
E ვიტამინის დიდი ოჯახის ყველაზე ცნობილი და განსაკუთრებით კარგად შესწავლილი წევრია ალფა-ტოკოფეროლი, რომელსაც ჩვენ E ვიტამინის სახელით ვიცნობთ.
წინათ ის უბრალო ცხიმად მიაჩნდათ, მაგრამ თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ალფა-ტოკოფეროლი შეუცვლელი ვიტამინია და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ორგანიზმს თავად არ შეუძლია მისი წარმოქმნა.
ბოლო დრომდე ტოკოფეროლი E ვიტამინის ყველაზე ეფექტურ ფორმად მიიჩნეოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტოკოტრიენოლებს უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება ჰქონიათ.
– გარდა ანტიოქსიდანტური თვისებისა, რა სარგებლობა მოაქვს E ვიტამინს ორგანიზმისთვის?
– E ვიტამინი მონაწილეობს ჰემის – ჰემოგლობინის არაცილოვანი კომპონენტის – სინთეზში, აუმჯობესებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესს, ხელს უშლის – ერითროციტების – სისხლის წითელი უჯრედების – დაშლას, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, აფერხებს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ დაზიანებას, დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, ზრდის ორგანიზმის ბრძოლის უნარს.
გარდა ამისა:
აჯანსაღებს კანს
ორგანიზმში E ვიტამინის ნორმალური დონე კანს სიმტკიცეს და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს, რადგან ეს ნივთიერება, სხვა ღირსებებთან ერთად, კანში კოლაგენის შემცველობასაც ზრდის.
ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას, იცავს კანს გამოშრობისა და გაღიზიანებისგან, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან (ამისთვის შეიძლება E ვიტამინის შემცველი პროდუქტის როგორც მიღება, ისე კანზე წასმაც), ანელებს დაბერების პროცესს.
ხშირად იყენებენ ახალგაჩენილი ნაწიბურების შესამცირებლად და გასაქრობად. ამისთვის E ვიტამინით მდიდარ ზეთს (ასეთია მცენარეული ზეთების უმრავლესობა) ყოველ საღამოს ისვამენ ნაწიბურზე და დილამდე იტოვებენ.
სძენს თმას ბრწყინვალებას
E ვიტამინი სიცოცხლესა და სიჯანსაღეს უბრუნებს თმას, სიმტკიცეს მატებს ღერებს და მათ ზრდას აჩქარებს. სარგებლობა მოაქვს როგორც E ვიტამინით მდიდარი საკვების რეგულარულ მიღებას, ისე ამ ნივთიერებით მდიდარი ზეთების ნიღბებსაც.
არეგულირებს ქოლესტეროლის დონეს
E ვიტამინი იცავს სისხლძარღვის უჯრედებს, ელასტიკურობას უნარჩუნებს არტერიებს. ის ხელს უშლის არასასურველი, დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის (LDL) დაჟანგვას, ამიტომ ეს უკანასკნელი არტერიების კედლებზე ვეღარ ილექება.
დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზეც. ორგანიზმში E ვიტამინის სათანადო შემცველობამ შესაძლოა თავიდან აგვაცილოს თრომბოზი და, შესაბამისად, შეამციროს ინსულტისა და გულის შეტევის რისკი.
საუკეთესო დამხმარეა კიბოსა და დიაბეტის დროს
E ვიტამინი კარგია კიბოს როგორც პრევენციისთვის, ისე მკურნალობის დროსაც, რადგან დაზიანებისგან იცავს უჯრედების დნმ-ს (ჩვენს გენეტიკურ მასალას). იმავდროულად, აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნის ზრდას, კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება იმუნურ სისტემას.
დიაბეტის დროს E ვიტამინი უზრუნველყოფს ინსულინის მიმართ უჯრედთა მგრძნობელობის მომატებას. შესაბამისად, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.
აფერხებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას
E ვიტამინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციობისთვის. ის იცავს მიელინის გარსს – ნერვული უჯრედის დამცავ საფარს, რითაც ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.
– საშიშია თუ არა E ვიტამინის დანამატების თვითნებური მიღება?
– თუ გგონიათ, რომ დანამატები ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, ცდებით. E ვიტამინს ძალიან სპეციფიკური ზემოქმედება აქვს ორგანიზმზე, თანაც მოქმედებს სხვა ვიტამინებსა და ფერმენტებთან ერთად. მაგალითად, ოპტიმალური მოქმედებისთვის მას C ვიტამინი სჭირდება. ეს უკანასკნელი, ასე ვთქვათ, აფხიზლებს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლით დასუსტებულ E ვიტამინს.
თავის მრავალფეროვან საქმიანობაში E ვიტამინს ბევრი სხვა ნივთიერებაც ეხმარება, მათ შორის – პეპტიდი გლუტათიონი და კოენზიმი Q10. გუნდი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მასში შემავალი ყველა ნივთიერება და მათი ურთიერთქმედება, რომელიც უზრუნველყოფს E ვიტამინის სრულყოფილ ფუნქციობას, ბოლომდე არც კია შესწავლილი.
ამიტომ ცალკე, მთელი ამ გუნდის გარეშე, E ვიტამინის მიღება არ იქნება შედეგიანი.
დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რაციონსა და ცხოვრების წესსაც. არაჯანსაღი კვებისა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების ფონზე E ვიტამინის დიდი დოზების მიღებამ შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიღოს და რომელიმე დაავადება გამოიწვიოს.
შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს E ვიტამინის დანამატების რეგულარულ მიღებას, როცა ორგანიზმში ნორმაზე დაბალია სელენის დონე.
ასე რომ, დანამატების სახით E ვიტამინის მიღების აუცილებლობა ექიმმა უნდა განსაზღვროს სათანადო კვლევების საფუძველზე. ჩვენ კი დავიმახსოვროთ, რომელი საკვებია მდიდარი E ვიტამინით, რათა მისი მარაგი ბუნებრივი გზით შევივსოთ.
E ვიტამინი საკვებში
E ვიტამინით მდიდარია ავოკადო, მზესუმზირა, თხილი, კაკალი, ნუში, ფიჭვის კაკალი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, პომიდორი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, შვრია, გაღივებული ხორბალი, შოკოლადი. ცხოველური საკვებიდან ამ ჯგუფის ნივთიერებები განსაკუთრებით ბევრია ღვიძლში, ორაგულსა და კვერცხის გულში.
E ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყარო მაღალი ხარისხის ორგანული მცენარეული ზეთებია, მაგალითად, ცივი დაწნეხის მეთოდით მიღებული ხორბლის ჩანასახის, მზესუმზირას, სეზამის, სიმინდის, ზეითუნის, სოიის, არაქისის ზეთები, რომლებიც არ უნდა გააცხელოთ – მხოლოდ ცივი კერძების შესაკაზმავად გამოიყენოთ ან უკვე გაგრილებულს მოასხათ.
შესაწვავად გირჩევთ წითელი პალმის ან ქოქოსის ორგანულ ზეთს. ორივე მათგანი შეიცავს ალფა-ტოკოფეროლს, გაცილებით მეტს კი – ტოკოტრიენოლებს.
სადღეღამისო ნორმის საკვებით შევსება სავსებით შესაძლებელია. ამისთვის საკმარისია, მაგალითად, 250 გ პომიდორი, 60 გ თხილი ან ნუში, 25 გ მზესუმზირას ან 10 გ ხორბლის ჩანასახის ზეთი.
ნორმა
E ვიტამინის დღიური ნორმა მამაკაცებისთვის 15 მგ-ია, ხოლო ქალებისთვის – 12 მგ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ის, შესაბამისად, 13 და 17 მგ-მდე იმატებს.
E ვიტამინის დღიური ნორმა ასაკისა და სქესის მიხედვით
• დაბადებიდან 4 თვემდე – 3 მგ
• 4-დან 12 თვემდე – 4 მგ
• 1-დან 4 წლამდე:
. ბიჭებისთვის – 6 მგ
. გოგონებისთვის – 5 მგ
• 4-დან 7 წლამდე – 8 მგ
• 7-დან 10 წლამდე:
. ბიჭებისთვის – 10 მგ
. გოგონებისთვის – 9 მგ
• 10-დან 13 წლამდე:
. ბიჭებისთვის -13 მგ
. გოგონებისთვის – 11 მგ
• 13-დან 15 წლამდე:
. ბიჭებისთვის – 14 მგ
. გოგონებისთვის – 12 მგ
• 15-დან 25 წლამდე:
. ბიჭებისთვის -15 მგ
. გოგონებისთვის – 12 მგ
• 25-დან 65 წლამდე:
. კაცებისთვის – 13 მგ
. ქალებისთვის – 12 მგ
• 65 წლიდან:
. კაცებისთვის – 12მგ
. ქალებისთვის -11 მგ
პრეპარატის სახით მისაღები E ვიტამინის სადღეღამისო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს.
E ვიტამინის დონე სისხლის შრატში მისი შემცველობით განისაზღვრება. ოპტიმალური კონცენტრაციაა 10-15 მგ/ლ.
– ვის ემუქრება E ვიტამინის დეფიციტი და რას იწვევს ის?
– ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც სრულფასოვნად იკვებებიან, E ვიტამინის დეფიციტი არ ემუქრებათ – მისი სადღეღამისო ნორმის შევსება, როგორც გითხარით, სავსებით შესაძლებელია საკვებით, მაგრამ დაუბალანსებელ კვებას, განსაკუთრებით – დაბალკალორიულს (ცხიმის შეზღუდვით), გადაჭარბებულ ფიზიკურ აქტიურობას, ორსულობას და ლაქტაციას, ვირუსულ ინფექციას, ბარიატრიულ ოპერაციას, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და სხვა ჰორმონულ მედიკამენტებს, მენოპაუზას შეუძლია E ვიტამინის უკმარისობა ან დეფიციტი გამოიწვიოს.
E ვიტამინის დეფიციტი უფრო სავარაუდოა ცხიმის შეწოვის დაქვეითების დროს, რადგან E ვიტამინი ცხიმში ხსნადია, რაც ნიშნავს, რომ მის ასათვისებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორედ ცხიმის შეწოვის კარგი უნარია.
ცხიმის შეწოვის დარღვევა შესაძლოა თან ახლდეს:
* პანკრეასის ქრონიკულ დისფუნქციას, მაგალითად, ქრონიკულ პანკრეატიტს (პანკრეასის ქრონიკული ანთება), ნაღვლის მჟავების დეფიციტს;
* მოკლე ნაწლავის სინდრომს, როცა ნაწლავის ანთებითი დაავადებების, მაგალითად, კრონის დაავადების დროს წვრილი ნაწლავის დიდ ნაწილს ქირურგიულად აცილებენ;
* გლუტენის აუტანლობას;
* ნაწლავის ანთებით დაავადებებს.
E ვიტამინის დეფიციტის ყველაზე მძიმე ფორმები გენეტიკური დეფექტებით არის გამოწვეული. მაგალითად, არსებობს იშვიათი დაავადება – ოჯახური იზოლირებული E ვიტამინის დეფიციტი (Familial Isolated Vitamin E Deficiency (FIVE)), რომლის დროსაც შეფერხებულია ღვიძლში E ვიტამინის მეტაბოლიზმი. ის პრაქტიკულად არ გამოიყოფა სისხლში და, შესაბამისად, ორგანიზმი მას ვერ იყენებს.
E ვიტამინის დეფიციტის სიმპტომების გამოვლენას შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს.
დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათია, კუნთების ატროფია და სისუსტე, რეფლექსების შესუსტება, ტრემორი (სხეულის ამა თუ იმ ნაწილის კანკალი), კოორდინაციის დარღვევა, გონებრივი ჩამორჩენა, სიარულის გაძნელება, მხედველობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის მოშლა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობა.
E ვიტამინის დეფიციტის განვითარების საფრთხე ემუქრებათ ახალშობილებს, რადგან მათ ორგანიზმს თითქმის არ გააჩნია ამ ნივთიერების მარაგი. E ვიტამინის ძალიან მცირე ნაწილი გაივლის პლაცენტას და დედისგან ნაყოფს გადაეცემა. განსაკუთრებით სარისკოა დღენაკლულების მდგომარეობა, როლებსაც E ვიტამინის დეფიციტის გამო შესაძლოა ჰემოლიზური ანემია განუვითარდეთ. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად მიმართავენ E ვიტამინის ჩანაცვლებით თერაპიას.
დროული ახალშობილების უმრავლესობას E ვიტამინის დეფიციტი ნაკლებად ემუქრება.
– რა მიგვანიშნებს E ვიტამინის სიჭარბეზე და საშიშია თუ არა ის?
– პრაქტიკულად შეუძლებელია, საკვებმა E ვიტამინის სიჭარბე გამოიწვიოს, მაგრამ მისი დანამატების ჭარბი და ხანგრძლივი მიღება ზრდის სისხლდენის რისკს (იგულისხმება თავის ტვინში სისხლჩაქცევა, რომელიც იწვევს ინსულტს), რისკი განსაკუთრებით დიდია მათთვის, ვინც დიდი ხანია იღებს ანტიკოაგულანტებს, მაგალითად, ვარფარინს: ჭარბმა ვიტამინმა შესაძლოა კუნთების სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა და დიარეა გამოიწვიოს.
E ვიტამინის დანამატების მიღებას ასევე სიფრთხილით უნდა მოეკიდონ კარდიოსკლეროზის მქონეები, მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული საშიშროება, K ვიტამინის უკმარისობა.
– რა უწყობს ან რა უშლის ხელს E ვიტამინის ათვისებას?
– E ვიტამინის ნორმალურად ასათვისებლად აუცილებელია სელენი და თუთია.
მის შეწოვას აფერხებს ნამცხვრები, საზოგადოდ, ტკბილეული.
შედეგიანია E და A ვიტამინების ერთობლივი გამოყენება – ისინი ერთმანეთს აძლიერებენ.
რკინა E ვიტამინს შლის, ამიტომ დანამატების სახით მათი ერთდროული მიღება არ შეიძლება. თუ ორივე მათგანი გამოგიწერეს, ორ– ან სამსაათიანი შუალედით მიიღეთ.
Е ვიტამინს არ უხდება თერმული დამუშავება – მაღალ ტემპერატურაზე იშლება. ასევე მგრძნობიარეა ჟანგბადისა და ყინვის მიმართ, ამიტომ ზეთი უმჯობესია მუქი მინის ჭურჭლით გრილ და ბნელ ადგილას შეინახოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე