სატაცური საკუთარ ბაღჩაში
გააზიარე:
საუკუნეების წინათ სატაცური თუ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა ყველას შეუძლია. ჰოდა, მებაღეობით გატაცებულებს ამჯერად სატაცურის მოყვანასა და მოვლას გასწავლით.
ცოტა რამ სატაცურის შესახებ
სატაცური მდიდარია C, E და ნერვული სისტემისთვის მნიშვნელოვანი B ჯგუფის (B1, B2, B9) ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, შეიცავს თუთიას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმს. განსაკუთრებით ბევრია მასში ასპარაგინის მჟავა, რომელიც ააქტიურებს თირკმლის ფუნქციას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.
სატაცურის სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცნობდნენ. ჩინელები მას ხველის, წყლულების, საშარდე გზების ანთების დროს იყენებდნენ.
სატაცურს სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატი უყვარს. ის სამხრეთი და ცენტრალური ევროპის თბილ და ზომიერად თბილ რეგიონებსა და წინა აზიაშია გავრცელებული. სატაცური უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ. მისი უდიდესი მწარმოებლები არიან ჩინეთი, პერუ, მექსიკა, გერმანია, ესპანეთი, იტალია.
სატაცური მრავალწლოვანი მცენარეა. მისი ორასზე მეტი სახეობა არსებობს. საჭმელად მხოლოდ თეთრ, მწვანე და იასამნისფერ სატაცურს (Asparagus officinalis) იყენებენ.
თეთრი სატაცური მიწაში იზრდება, მზის სხივები არ ხვდება და ამიტომაცაა თეთრი. მისი მოყვანა უფრო ძნელია, ვიდრე მწვანე და იასამნისფერი სატაცურისა და ამიტომ უფრო ძვირიც ღირს. იასამნისფერი და მწვანე სახეობები მიწის ზევით იზრდება. სატაცურს იასამნისფერს მცენარეული პიგმენტი ანტოციანი აძლევს, ხოლო მწვანეს – ქლოროფილი.
საქართველოში სატაცურის მოყვანა არც ისე დიდი ხანია დაიწყო, მასზე მოთხოვნა კი წლიდან წლამდე იზრდება. სატაცურის კულტივაცია ხელით შრომასაც მოითხოვს, რაც პროდუქტს აძვირებს. 1 კგ სატაცური ჩვენს მარკეტებში 25-30 ლარი ღირს.
მწვანე სატაცურის მოყვანა გაცილებით ადვილია, ვიდრე თეთრისა, ამიტომ ქვემოთ სწორედ მისი მოყვანისა და მოვლის თავისებურებებზე ვისაუბრებთ. მთავარია მოთმინება, რადგან სამი წელი მაინც არის საჭირო, რომ კარგი მოსავალი მიიღო.
ზოგადი მიმოხილვა
მწვანე სატაცურში უფრო მეტი C ვიტამინი და ბეტა კაროტინია, ვიდრე თეთრში. მართალია, მისი კულტივაცია ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ნამდვილად ღირს, რადგან ერთხელ დარგავ და მერე 10-15 წელი იღებ მოსავალს.
სატაცურს ფესვთა ძლიერი სისტემა აქვს. იზრდება 150 სმ-მდე. აქვს წვრილი დატოტვილი ღერო, ფოთლების მაგივრობას კი წიწვები უწევს. მისი ყვავილები ერთსქესიანია (ან ბუტკოიანი, ან მტვრიანიანი). იმტვერება მწერების დახმარებით. ვინაიდან მდედრობითი სქესის მცენარე ცოტა ყლორტს იძლევა და ცოტა ხანს ცოცხლობს, მსხვილი მეწარმეები მამრობითი სქესის სატაცურის კულტივირებას ამჯობინებენ. ამ შემთხვევაში მცენარეს ფესვურიდან ვეგეტატიურად ამრავლებენ.
ნიადაგი
მზიანი ადგილი და სილანარევი მსუბუქი ნიადაგი საუკეთესოა სატაცურის მოსაყვანად. ასეთი ნიადაგი მალე თბება და წყლის კარგი გამტარია.
თუ სატაცურის დიდი რაოდენობით მოყვანას აპირებთ, უმჯობესია, ნიადაგი წინასწარ შრეობრივად შეამოწმოთ: 30 სმ-ზე, 30-60 სმ-ზე და 60-90 სმ-ზე, – რათა ზუსტად იცოდეთ მისი PH და საკვები ნივთიერებების შემცველობა. კარგია ნიადაგი, რომლის PH 5,5-6-ია, ხოლო 100 გ-ში 10-12 მგ ფოსფორი, 12-25 მგ კალიუმი და 5-8 მგ მაგნიუმია. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, ქვების, კენჭებისა და სარეველებისგან გაწმენდილი. რაც უფრო ღრმად არის მოხნული ნიადაგი, მით უკეთესია, რადგან მით უფრო უკეთესად ატარებს წყალს, სატაცურს კი დაგუბებული წყალი არ უყვარს.
სატაცურის კარგი წინამორბედები არიან სოია და ბარდა, რადგან ისინი მინერალებით მდიდარ, მსუბუქ ნიადაგს ტოვებენ, რომელშიც მწვანე სატაცური ფეხს კარგად იკიდებს.
თესლი
სატაცური მაისიდან ივნისამდე ყვავის. შემოდგომაზე კი მრგვალ კენკრისებურ ნაყოფს ისხამს. როცა მცენარე გაყვითლდება, თესლიც მწიფეა. შეგიძლიათ, შეაგროვოთ და მშრალ ადგილას შეინახოთ გაზაფხულზე დასათესად.
ჩითილი
შეგიძლიათ, ჩითილი თესლისგან თვითონვე გამოიყვანოთ ქოთანში, სპეციალურ საჩითილე ყუთში ან სათბურში. ამისთვის საუკეთესო დრო მარტში ან აპრილია. უპირველეს ყოვლისა, თესლი მოიმარაგეთ – შეიძინეთ ან მწიფე ნაყოფს ამოაცალეთ და გააშრეთ. სატაცურის თესლი გვიან ღვივდება, ამიტომ დამუშავება სჭირდება. დათესვამდე ოთახის ტემპერატურის ნადგამ წყალში დაალბეთ და 22-25 გრადუსზე 3-4 დღე გააჩერეთ. წყალი დღეში ორჯერ გამოუცვალეთ. დაასხით ნელთბილი. დამბალი თესლი სპეციალურ საჩითილე ნიადაგში ჩათესეთ. კარგი იქნება, თუ ნიადაგს სილას შეურევთ. თესლი მიწაში 1 სმ სიღრმეზე ჩაფალით და ერთმანეთს 10-10 სმ-ით დააშორეთ. ჩითილი რომ მოძლიერდეს, კარგად განათებულ ადგილას დადგით. მცენარე სწორად რომ გაიზარდოს, სინათლე ყველა მხრიდან თანაბრად უნდა ეცემოდეს. 6 კვირის შემდეგ მიწიდან წვრილი ღერო ამოიწვერება, ხოლო მიწაში ფესვთა სისტემა დაიწყებს ზრდას. კარგად რომ განვითარდეს, სატაცურს ერთი წელი სჭირდება. ჩითილებს მიწა საჭიროებისამებრ გაუფხვიერეთ ხოლმე, მორწყეთ, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ. მიწა ნოტიო უნდა იყოს. გაანოყიერეთ დამწვარი ნაკელით ან კომპოსტით. აუცილებლად მოაშორეთ სარეველა.
შემოდგომაზე მცენარე უკვე ჩამოყალიბებულია, აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და რამდენიმე ამონაყარი. გვიან შემოდგომაზე ამონაყარი მიწიდან 5-10 სანტიმეტრზე გადაჭერით გამოსაზამთრებლად. ახალგაზრდა მცენარე ბაღში მომდევნო გაზაფხულზე უნდა გადაირგოს.
თუ ჩითილს იყიდით, ამით ერთ წელს დაზოგავთ. გასაყიდად გამზადებული ჩითილი მხოლოდ ფესვურაა. ის უნდა იყოს საღი, იწონიდეს დაახლოებით 50 გრამს, ჰქონდეს 20-მდე მსხვილი, გრძელი ფესვი, ასევე წვრილი ფესვებიც და და 3-4 ჩანასახი.
როგორ გადავრგოთ
კარგი მოსავალი რომ მიიღოთ, ნიადაგიც წინასწარ უნდა მოამზადოთ. შემოდგომაზე მიწა კარგად დაამუშავეთ, დამწვარი ნაკელით ან კომპოსტით გაანოყიერეთ. გაზაფხულზე, ჩითილის გადარგვამდე, კარგად გააფხვიერეთ. სატაცური ღრმად იდგამს ფესვს, ამიტომ მიწა ღრმად დაბარეთ და სარეველა მცენარეების, მათი ფესვებისა და ქვებისგან გაწმინდეთ.
ჩითილი მარტში ან აპრილში გადარგეთ, როცა მიწა კარგად (15 გრადუსამდე მაინც) გათბება. ბაღში მზიანი ადგილი შეარჩიეთ და ხნული წინასწარ მოამზადეთ. ის უნდა იყოს 30-40 სმ სიგანის და 40 სმ სიღრმის. ამოღებული მიწა იქვე მოაგროვეთ. ხნულში მთელ სიგრძეზე მიწა კიდევ ჩაბარეთ და ზემოდან ნეშომპალა ან დამწვარი ნაკელი მოაყარეთ (დაახლოებით 10-15 სმ სიმაღლეზე).
ნაკელს მიწის თხელი ფენა დააყარეთ, რადგან მცენარის პირდაპირ ნაკელზე დარგვა არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, დაიწვას. თუ ნიადაი თიხნარია, ცოტა სილა შეურიეთ, რომ შემსუბუქდეს და წყალი უკეთ გაატაროს. თუ ჩითილი მიწის გარეშეა ანუ მხოლოდ ფესვურაა, მისი ფესვები ვარსკვლავისებურად დააფინეთ ორმოში (უკეთესი იქნება, თუ პატარა ბორცვებს გააკეთებთ და ფესვებს ზედ გადააფენთ) და მიწის თხელი – დაახლოებით 3 სმ სისქის – ფენა დააყარეთ, ისე, რომ ჩანასახი დაიმალოს. ორმო მიწით ბოლომდე არ ამოავსოთ. მერე კარგად მორწყეთ. თუ ჩითილი მიწიანია, ასევე ჩარგეთ, ორმო მთლიანად ამოავსეთ მიწით და კარგად მორწყეთ. ჩითილები ხნულში 35-40 სმ-ის დაშორებით დარგეთ, ხნულებს შორის კი 1-1,2 მ დატოვეთ.
მოვლა
ჩარგული ფესვურიდან ნელ-ნელა გაიზრდება მცენარე. როგორც კი მიწიდან თავს ამოყოფს, სილანარევი მიწა დააყარეთ და ზომიერად მორწყეთ. ასე ნელ-ნელა ამოავსეთ ორმო, სანამ მიწის ზედაპირს არ გაუსწორდება. თუ უკვე აღმოცენებული მცენარე გადარგეთ, გვიან შემოდგომაზე, როცა გახმება, მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ზე გადაჭერით.
მომდევნო გაზაფხულზე ხნულებს 1 წლის მომზადებული კომპოსტი ან დამწვარი ნაკელი დააყარეთ თხელ ფენად. ეს, გარდა იმისა, რომ საკვები ნივთიერებებით გაამდიდრებს, გამოშრობისა და სარეველებისგანაც დაიცავს ნიადაგს. გვიან შემოდგომაზე კი მცენარის გამხმარი ნაწილები მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ზე ისევ გადაჭერით. მომდევნო გაზაფხულზე (ანუ მეორე წელს), მარტში, მერე კი ივნისის ბოლოს, ნიადაგი ორგანული სასუქით გაანოყიერეთ. ერთი მუჭა სასუქი დაახლოებით 2 მეტრ ხნულზე მოაფრქვიეთ და ნიადაგი ზედაპირულად გააფხვიერეთ. მცენარე რომ მოძლიერდეს, ორი წელია საჭირო, ამიტომ უმჯობესია, მეორე წელს მოსავალი არ აიღოთ ან მხოლოდ რამდენიმე ყლორტი მოაჭრათ გასასინჯად, დანარჩენს კი გაზრდა აცადოთ. მესამე წელს შრომა დაგიფასდებათ და საკუთარი ხელით მოყვანილ სატაცურს დააგემოვნებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ნადაგის სარეველა ბალახისგან გაწმენდა, რადგან ის მიწას იმ საკვებ ნივთიერებებს აცლის, რომლებიც სატაცურს სჭირდება. სარეველებისგან გაწმენდა სეზონზე რამდენჯერმე მოგიწევთ.
მანამდე კი, სანამ სატაცური ვითარდება, თამამად შეგიძლიათ, ხნულებს შორის სალათის ფურცლები, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო ან ისპანახი დათესოთ.
5-6-წევრიანი ოჯახისთვის 80-100 ჩითილი დაგჭირდებათ. მესამე-მეოთხე წელს 20-25 კილოგრამ მოსავალს აიღებთ.
მოსავლის აღება
მესამე წლის აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი მოსავლის აღების დროა. სატაცურის მოსავლით ივნისის ბოლომდე ისიამოვნებთ. ივნისის შემდეგ ამოზრდილი ყლორტები აღარ მოაჭრათ, რადგან მცენარე კარგად რომ განვითარდეს, ღეროები და ფოთლებია საჭირო. სწორედ მათი საშუალებით იმარაგებს ფესვები საჭირო ნივთიერებებს, რათა მომავალ წელს ისევ ამოიყაროს. ვინაიდან მწვანე სატაცური მიწის ზემოთ იზრდება, მისი მოჭრა შედარებით ადვილია, ვიდრე თეთრისა.
მოსავლის აღების დრო სატაცურის სახეობასა და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. აპრილის ბოლოს ყლორტები უმეტესად საკმაოდაა გაზრდილი. აღების დროზე ნიადაგის ტემპერატურაც მიგანიშნებთ: თუ ის 16 გრადუსამდე გათბა, ესე იგი მოსავლის აღებაც ახლოსაა. ყლორტის მოჭრა შეიძლება, როცა მისი სიმაღლე დაახლოებით 15-20 სმ-ია და თავიც კარგად აქვს შეკრული. 25 სმ-ზე გრძელი ყლორტი საჭმელად აღარ ვარგა. თუ ყლორტი მეტისმეტად წვრილია, უმჯობესია დატოვოთ, რომ გაიზარდოს. ყლორტები, ჯობს, დილით ადრე და მიწის ზედაპირთან რაც შეიძლება ახლოს მოჭრათ. თბილ ამინდებში სატაცური სწრაფად იზრდება და შესაძლოა, ყოველდღე მოგიწიოთ მისი მოჭრა, ამიტომ ყურადღებით იყავით. თუ ღამით ყინვამ მოუსწრო, ყლორტებს სათლი დაამხეთ ან ცელოფანი გადააფარეთ.
მწვანე სატაცური ისეთი ქორფაა, რომ მომზადებამდე გათლა არ სჭირდება. ის მოჭრისთანავე მოამზადეთ ან ნოტიო ტილოში ან პარკში ახვეული, ერთი დღე შეინახეთ მაცივარში.
მოვლა მოსავლის აღების შემდეგ
მწვანე სატაცურს მოსავლის აღების შემდეგ დიდი მოვლა არ სჭირდება. ყლორტების მოჭრის შემდეგ რჩება მთავარი ღერო, რომელიც კიდევ იზრდება და ვითარდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს მოსავალი გექნებათ. მოსავლის აღების შემდეგ ანუ ივნისის ბოლოს მიწას კომპოსტი ან დამწვარი ნაკელი მოაყარეთ. გვიან შემოდგომაზე სატაცურს გამხმარი ღეროები მოაჭერით. გაზაფხულზე (მარტში) დარჩენილი გამხმარი ნაწილებიც მოშორეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ღეროები მიწიდან 7-10 სანტიმეტრზე უნდა გადაჭრათ. მიწა ზედაპირულად გააფხვიერეთ და კომპოსტით ან დამწვარი ნაკელით გაანოყიერეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე