ატამი – ახალგაზრდობის მომნიჭებელი მზისფერი ხილი
გააზიარე:
დაოსისტური ლეგენდის თანახმად, ქალღმერთ სი ვანგ მუს ბაღში ატამი ხარობდა, რომელიც ათას წელიწადში ერთხელ ისხამდა ნაყოფს. სწორედ ეს ნაყოფი ანიჭებდა ცათა დედოფალს უკვდავებას და მარადიულ ახალგაზრდობას.
უკვდავების რა მოგახსენოთ, მაგრამ ატამს, რომელიც ჩინურ კულტურაში დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, მრავალი საუკუნეა იყენებენ მედიცინაში. უძველესი ტრაქტატების თანახმად, ის აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, უხდება თვალებს, ხის ქერქისა და ფოთლების ჩაი ერევა დეპრესიასა და ხველას, ყვავილისა კი – სიყვითლესა და ყაბზობას.
მოდი, გავიგოთ, რას გვეუბნება ატმისა და მისი მარგებლობის შესახებ თანამედროვე კვლევები.
შემადგენლობა
ამ თაფლივით ტკბილი და სურნელოვანი ხილის თითქმის 90 პროცენტი წყალია. რაც შეეხება ენერგეტიკულ ღირებულებას, 100 გ ატმისთვის ეს მაჩვენებელი 40 კილოკალორიას უდრის.
ამავე ოდენობის ატმის ქიმიური შემადგენლობა და კვებითი ღირებულება ასეთია:
ცხიმი – 0,1 გ
ნახშირწყალი – 8,9 გ
ცილა – 0,8 გ
ბოჭკო – 2,3 გ
ვიტამინები
ვიტამინი A (რეტინოლის ექვივალენტი) – 73,0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 8%)
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი) – 440-660 მკგ (= 1466.7 სე) (სადღეღამისო ნორმის 22%)
ვიტამინი B1 (თიამინი) – 27,0 მკგ (= 9,0 სე) (სადღეღამისო ნორმის 2%)
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 50.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 4%)
ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 900.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 6%)
ვიტამინი B3 (ნიაცინის ეკვივალენტი) – 1000.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 6%)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 140.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 2%)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 25.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 1%)
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 2.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 2%)
ვიტამინი B9 (მთლიანი ფოლიუმის მჟავა) – 3.0 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 10 000.0 მკგ (= 200.0 სე) (სადღეღამისო ნორმის) 10%
ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 965,0 მკგ (= 1,4 სე)
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – 960.0 მკგ
ვიტამინი K – 10-15 მკგ
მინერალები
კალიუმი – 176,0 მგ (სადღეღამისო ნორმის 4%)
კალციუმი – 7.0 მგ (სადღეღამისო ნორმის 1%)
მაგნიუმი – 9.0 მგ (სადღეღამისო ნორმის 3%)
ფოსფორი – 25,0 მგ (სადღეღამისო ნორმის 4%)
გოგირდი – 6.0 მგ
რკინა – 480.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 4%)
თუთია – 145.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 2%)
სპილენძი – 50.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 4%)
მანგანუმი – 83.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 2%)
ფთორი – 20.0 მკგ
იოდიდი – 1.0 მკგ (სადღეღამისო ნორმის 1%)
ატამს უდიდესი წვლილი შეაქვს სასიცოცხლო ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგებაში. მაგალითად, თუ დღეში ორ ატამს მიირთმევთ, ჩ ვიტამინის რეკომენდებული ყოველდღიური ოდენობის დაახლოებით 30 პროცენტს მიიღებთ. ეს სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტი საუკეთესო იმუნოსტიმულატორია, რომელიც დიდ როლს ასრულებს მრავალი დაავადების პროფილაქტიკაში, და იმავდროულად E ვიტამინის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტის, რეკომენდებული დღიური ოდენობის დაახლოებით 8 პროცენტს მიაწვდით ორგანიზმს.
ერთი დიდი ატამი K ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 20 პროცენტს შეიცავს და ამის წყალობით დიდ სამსახურს უწევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას.
ატამი გამოირჩევა ბეტა კაროტინის (პროვიტამინი A) შემცველობითაც: ერთი დიდი ნაყოფი ამ ელემენტის ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით მეოთხედს ფარავს (გახსოვდეთ, რომ ყვითელ ატამში ის უფრო მეტია, ვიდრე თეთრში). ბეტა კაროტინი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, იცავს ბადურას თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან.
ატამი შეიცავს სხვა კაროტინოიდებსაც – ლუტეინს და ზეაქსანთინს, რომლებიც ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის ჯანმრთელობაში. როგორც ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ლუტეინი ჩ ვიტამინთან ერთად ქალებში საგრძნობლად ამცირებს კატარაქტის რისკს.
მცენარეული ნივთიერებები
გაცილებით მნიშვნელოვანია ატამში მცენარეული ნივთიერებების შემცველობა, რომელთა ანტიოქსიდანტური პოტენციალი უფრო მაღალია, ვიდრე ვიტამინებისა და კაროტინოიდებისა.
მაგალითად, ატამში უხვად არის პოლიფენოლები, რომლებიც პასუხისმგებელია მის ფერზე, სუნსა და გემოზე და მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. კალიფორნიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ატამში პოლიფენოლების შემცველობა სახეობაზეა დამოკიდებული: 100 გ თეთრი ატამი 28-111 მგ-ს შეიცავს, ყვითელი – 21-61 მგ-ს.
ატამში შემავალი პოლიფენოლებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქლოროგენის მჟავა, რომელიც დაზიანებისგან იცავს დნმ-ს და კვერცეტინი, რომელიც საუკეთესოა კიბოსა და დეპრესიის წინააღმდეგ.
ატამში შემავალ ეპიკატექინს, როგორც ჰარვარდის პროფესორი დოქტორი ნორმან ჰოლენბერგი ამბობს, შეუძლია საგრძნობლად შეამციროს ინსულტის, გულის შეტევის, ზოგიერთი კიბოსა და დიაბეტის რისკი.
გარდა ამისა, ანტოციანები, რომლებიც უმთავრესად ატმის კანშია თავმოყრილი (განსაკუთრებით – წითელ ატმისა), არაერთი კვლევის თანახმად, ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოსგან იცავს.
ატმის ექსტრაქტი ანადგურებს ძუძუს კიბოს უჯრედებს
ტეხასის A&M უნივერსიტეტის მეცნიერებმა ატმის ერთ-ერთი სახეობის ექსტრაქტი მიიღეს და გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებდა ის სარძევე ჯირკვლის კიბოზე. კვლევამ აჩვენა, რომ ატმის ექსტრაქტი აგრესიულ სიმსივნურ უჯრედებზე მომაკვდინებელ ზემოქმედებას ახდენდა, ხოლო ჯანსაღს – ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით – არ აზიანებდა. ატმის ექსტრაქტში არსებული პოლიფენოლებიდან სიმსივნესთან ყველაზე ეფექტურად მებრძოლი ქლოროგენის მჟავა აღმოჩნდა.
ამრიგად, ატამი შეიცავს ეგრეთ წოდებულ ქემოპრევენციულ აქტიურ ინგრედიენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, თავიდან აგვაცილოს კიბოს განვითარება (ტერმინი “ქემოპრევენცია” გულისხმობს ორგანიზმში სიმსივნის ზრდის შეფერხებას განსაზღვრული საკვების მიღებით).
მეტაბოლური სინდრომის წინააღმდეგ
ტეხასის A&M უნივერსიტეტში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა მეტაბოლურ სინდრომზე ატმის, ვაშლატამას (ნექტარინი) და ქლიავის გავლენას მიეძღვნა.
მეტაბოლური სინდრომი ორგანიზმში მიმდინარე იმ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს. აერთიანებს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა სიმსუქნე, ინსულინირეზისტენტობა (დიაბეტი ტიპი 2 ან მისი წინამორბედი), დისლიპიდემია და მაღალი წნევა. ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად განიხილება.
როგორც პროფესორმა, დოქტორმა ლუის ცისნეროს-ზევალოსმა განმარტა, ჩამოთვლილ ხილში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებების უნიკალური ნარევი – უპირველეს ყოვლისა, ქლოროგენის მჟავა, კვერცეტინი და კატექინი – ებრძვის მეტაბოლური სინდრომის ყველა სიმპტომს და ხელს უწყობს ამ სინდრომით გამოწვეული დავადებების პრევენციას.
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ატმისა და ქლიავის წვენს შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტეროლი და ხელი შეუწყოს წონის კლებას.
ჯანსაღი კანისთვის
ჩინელები თუ ატმის რბილობისგან ამზადებენ სამასაჟე კრემებს, იაპონელები ატმის ქორფა ფოთლების აბაზანებს იღებენ. ფოთლებში შემავალი ტანინები ამცირებს ანთებას, ამშვიდებს კანს (მაგალითად, ეგზემის დროს). ანტიოქსიდანტებიც, რომლებიც უხვადაა რბილობში, ძალიან მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის.
კანს ძალიან უხდება ატმის კურკის ზეთიც. შემადგენლობით ის ნუშის ზეთს წააგავს, მდიდარია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ლინოლის მჟავათი, რომლებიც კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს. გარდა ამისა, მასში შემავალი პოლიფენოლები, ვიტამინები (განსაკუთრებით – E ვიტამინი) და მინერალები ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას.
ასე რომ, ატმის კურკის ზეთი (Oleum Persicarum) მაღალი ხარისხის საბაზისო საშუალებაა კანის მოსავლელად და იდეალურია გაღიზიანებული, აქერცლილი, მოწიფული (40-ს გადაცილებული) და მშრალი კანისთვის.
ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც გასწავლით, ყველა ტიპის კანს უხდება, ატენიანებს და აცოცხლებს.
დაგჭირდებათ:
1 მწიფე ატამი
1`2 ს`კ ატმის კურკის ზეთი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი (მყარ მდგომარეობაში)
ატმის რბილობი გახეხეთ. შეურიეთ ზეთი და ქოქოსის კარაქი. კარგად თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვანი კონსისტენცის კრემისებურ მასას არ მიიღებთ. კარგად გასუფთავებულ სახეზე წაისვით და 15-20 წუთი გაიჩერეთ, ბოლოს ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სამზარეულოში
ატმისგან დიდი ხანია ამზადებენ ნაირ-ნაირ დესერტს – ხილის სალათას თუ გამაგრილებელ სასმელს, ნამცხვარს თუ ნაყინს, თუმცა ატმის ოდნავ მომჟავო გემო ძალიან უხდება კერძებსაც, ყველაზე მეტად კი სოუსებსა და ბოსტნეულის სალათებს. ასე რომ, ყველაფერი თქვენ ხელთაა, ოღონდ არ დაგავიწყდეთ – თქვენმა ორგანიზმმა მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოს, ატამი უმად, კანიანად უნდა მიირთვათ.
ჯილდა გაჩეჩილაძე