სპორტული განსაცდელი

გააზიარე:

მზე თანდათან იკრებს ძალას და რა გასაკვირია, თუ თქვენც სპორტულ დარბაზს მწვანე მინდორი გირჩევნიათ. ჭეშმარიტად მამაკაცური ასპარეზობა, აქ რომ მიმდინარეობს, თუ პროფესიონალიზმით ვერა, სპორტული ჟინით ნამდვილად  არ ჩამოუვარდება ჩემპიონთა ლიგისა თუ NBA-ს თამაშებს. უეცრად ერთ-ერთი თქვენგანი ფეხს წამოჰკრავს და… სისხლის დანახვა ხასიათს სულმთლად გიფუჭებთ. ყოფილი მეტოქეები დაბნეულები შესცქერით ერთმანეთს.
თუ გუნდში ექიმი არ აღმოჩნდა (სავსებით შესაძლებელია, ასეთი რამ მოხდეს, თუმცა საქართველოში კაცზე ლამის სამი მედიკოსი მოდის), ინიციატივის აღება თავად მოგიწევთ.
მაშ ასე, გაბედულად იმოქმედეთ, ჩვენ კი საჭირო ცოდნით შეგაიარაღებთ.

თვალში თუ იდაყვი მოხვდა
* პირველ ყოვლისა, დამშვიდდით. სთხოვეთ მეგობარს, თვალიდან ხელი ჩამოიღოს. თუ საჭიროა, ძალაც გამოიყენეთ. ნებისმიერი სისხლდენა თვალის ირგვლივ ნაზი, მაგრამ მტკიცე ზეწოლით შეაჩერეთ. აჯობებს, ამისთვის სტერილური ბანდი ან ბამბა გამოიყენოთ, თუმცა გაჭირვებაში მაისურითაც გახვალთ იოლას. მთავარია, სუფთა იყოს.
სისხლდენას რომ მოევლება, თვალს ზემოთ ან ქვემოთ პირსახოცში გახვეული ყინული დაადეთ. თუ ახლომახლო მსგავსი არაფერი აღმოჩნდა, ცივ წყალში დასველებული ტილოც გამოგადგებათ, ოღონდ საფენს ზედ თვალზე ნუ მოათავსებთ, თანაც დაშავებული ადგილი ყოველი ათი წუთის შემდეგ მცირე ხნით ამოასუნთქეთ _ ხანგრძლივმა გაყინვამ შეიძლება მგრძნობიარე ქსოვილები დააზიანოს.
* დააკვირდით, უცნაური კუთხით ხომ არ ზის თვალი, შეადარეთ ერთმანეთს დაშავებული და ჯანმრთელი მხარეები. შეშუპება სავსებით ბუნებრივია და მოსალოდნელიც გახლავთ, მაგრამ სისხლდენა, კუნთების თრთოლა ანდა წინ წამოწეული კოპი თვალბუდის  არეში ცუდის ნიშანია.
ცერითა და საჩვენებელი თითით ფრთხილად შეამოწმეთ ძვლის სტრუქტურა თვალის გარშემო. შეგახსენებთ: ამ არემარეზე სახსარი არ არის, ასე რომ, საღი ძვლები არ უნდა მოძრაობდნენ.
ახლა დაშავებულს რამდენიმე კითხვა დაუსვით: მხედველობა ხომ არ დაბინდვია (ესე იგი, მკვეთრად ხედავს თუ არა საგანთა კონტურებს)? თვალწინ ნაპერწკლები ხომ არ უელავს? ისეთი შეგრძნება ხომ არ აქვს, თითქოს თვალში რაღაც უცხო სხეული ჩაუვარდა? დაბოლოს, სთხოვეთ, თვალი მიადევნოს თქვენს თითს, სანამ ჰაერში, მისგან 10-15 სანტიმეტრის მოშორებით, ნელა ხაზავთ ლათინურ H-ს.
* გვჭირდება თუ არა ექიმი?
თუ თითისთვის თვალის გაყოლება გაუჭირდა, სისხლდენა შეამჩნიეთ ან ზემოთ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ კითხვაზე დადებითი პასუხი გაგცათ, ექიმთან წაყვანას ნუღარ დააყოვნებთ _ ეს თქვენს მეგობარს შეიძლება მხედველობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. თუ ძველებურად ხედავს და ვერც აშკარა კოპი თუ სიმსივნე შეამჩნიეთ, სასწრაფოს გამოძახება აუცილებელი არ არის, მაგრამ სთხოვეთ, მოგვიანებით ყოველი შემთხვევისთვის მაინც ეჩვენოს ექიმს.

მუხლმა თუ გაიტკაცუნა
მხოლოდ სუბიექტურ შეგრძნებას არ ვგულისხმობთ _ ისეთი შემთხვევები გვაქვს მხედველობაში, როცა ტკაცუნი სხვებსაც ესმით. ბატონო სპორტსმენებო (მერე რა, რომ მხოლოდ მოყვარულები ბრძანდებით!), მუხლი თქვენი იარაღია და საგანგებოდ უნდა გაუფრთხილდეთ. თუ ტკაცუნი მკვეთრი შემობრუნების ან სწრაფი გაჩერებისას გაისმა, შეიძლება, მუხლის წინა ჯვარედინი იოგი იყოს დაზიანებული, ასეთი რამ კი წელიწადში ასი ათას კაცს ემართება.
* იპოვეთ მოხერხებული ადგილი, აიძულეთ თქვენი მეგობარი, ჩამოჯდეს და კიდური მაღლა ასწიოს. ტკივილი სრულებითაც რომ არ აწუხებდეს, ეს მაინც აუცილებელია. შემდგომი სტრატეგია სტანდარტულია და ხშირად გამოიყენება კუნთებისა და სახსრების სხვადასხვა სახის დაზიანების დროს: მოსვენება, ყინული, კომპრესია, აწევა. მოკლედ _ Rice, ინგლისურად _ ბრინჯი.

ბრინჯი ინგლისურად
ეს კერძის რეცეპტი არ გეგონოთ _ RICE აბრევიატურაა, რომელიც ინგლისურის მცოდნეებს საწრაფად მოაგონებს, როგორ უნდა იმოქმედონ კუნთებისა და სახსრის დაზიანებისას:
REST _ სიმშვიდე, მოსვენება _ აუცილებელზე აუცილებელია. დაზიანებული არის გადაღლა ტკივილსა და ანთებას გააძლიერებს.
ICE _ ყინული _ ტრავმისთანავე უნდა დაადოთ დაშავებულ ადგილს. ის შეასუსტებს სისხლის ნაკადს დაზიანებულ არეში და ტკივილს შეამსუბუქებს. ყინული 15 წუთით დაადეთ, შემდეგ 15 წუთით მოაშორეთ და ისევ დაადეთ. ასე განაგრძეთ 2-3 დღის განმავლობაში, მერე კი ყინულის პროცედურები შეწყვიტეთ და სისხლს საშუალება მიეცით, დაზიანებას თვითონვე მოუაროს.
compression _ ზეწოლა. შეშუპების შემცირება ნახვევითაც შეიძლება, სახელდობს – ელასტკური ბანდით, ოღონდ მეტისმეტად მჭიდროდ ნუ გადაუხვევთ. კიდურში სიმძიმის შეგრძნება, დაბუჟება ანდა კანის გალურჯება იმაზე მიანიშნებს, რომ გადახვევისას ძალა ვერ მოგიზომავთ.
Elevation _ აწევა. ესეც შეშუპების შესამცირებლად არის საჭირო. დაზიანბეული კიდური გულის დონეზე მაღლა უნდა მოათავსოთ. ოღონდ სკამზე შემოდებული ფეხით სავარძელზე მოკალათება არ კმარა, გინდათ თუ არა, დაწოლა მაინც მოგიწევთ.
ეცადეთ, ეს პროცედურა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოთ. მუხლი დაზიანებიდან 2-12 საათის შემდეგაც შეიძლება შესივდეს. საჭიროებისას მიეცით გამაყუჩებელი.
ცალი ხელი დაშავებულს ტერფში მოჰკიდეთ, მეორეთი კი კანჭი დაუჭირეთ. წვივი ძალიან ფრთხილად ამოძრავეთ მუხლის სახსარში: მოხარეთ, გაშალეთ, მარჯვნივ და მარცხნივ გადასწიეთ… ერთი სიტყვით, გაარკვიეთ, მოძრაობის დიაპაზონი საღ მუხლთან შედარებით შეზღუდული ხომ არ არის.
თუ ფრთხილად მოეპყრობით, ასეთი შემოწმება დაშავებულს ზედმეტ ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, ამ პროცედურის ჩატარება პროფესიონალს მიანდეთ.
მკვეთრი ტკივილი იოგის ან ხრტილის დაზიანებაზე მეტყველებს.
* გვჭირდება თუ არა ექიმი?
თუ დაშავებულს ტკივილის გამო დგომა უჭირს, კოჭლობს, მუხლი შეშუპებული აქვს, ხოლო სახსარში მოძრაობა _ შეზღუდული, პროფესიონალის დახმარება აუცილებელია.
თუ თქვენს მეგობარს, დისკომფორტის მიუხედავად, სიარული შეუძლია, ექიმს ნუ გამოიძახებთ, მაგრამ არც სიარულის უფლება მისცეთ, სასწრაფოდ გაგზავნეთ შინ და ურჩიეთ, RICE-თერაპია განაგრძოს, რამდენიმე დღეში კი საკუთარი ფეხით ეახლოს ტრავმატოლოგს. გასინჯვამდე სპორტული დატვირთვის განახლება მიზანშეწონილი რომ არ არის, თავადაც მიხვდებით.

ფეხი თუ გადაუბრუნდა
* ურჩიეთ, არ წამოდგეს. ნურც ფეხსაცმელს გახდით _ სანამ ყინულს ან ცივ საფენს მოამზადებთ, ბოტასები შეშუპებას შეაფერხებს. ფეხი ბურთზე, ჩანთაზე ან რამე ასეთზე შემოადებინეთ, რომ თავის დონეზე მაღლა აღმოჩნდეს.
* სთხოვეთ, ტერფი სხვადასხვა მიმართულებით ამოძრაოს და გაარკვიეთ, ძლიერ ტკივილს ხომ არ აყენებს ეს ანდა შეზღუდული ხომ არ აქვს მოძრაობა. თუ თქვენი მეგობარი ტერფს საერთოდ ვერ ატოკებს, შეიძლება, ძვალი ჰქონდეს გატეხილი.
* გვჭირდება თუ არა ექიმი?
უთუოდ _ თუ კოჭზე ხელის მოკიდება ძლიერ ტკივილს აყენებს ან დაბიჯება არ შეუძლია. სისხლჩქცევები და სილურჯე მაშინვე არ ჩნდება, მაგრამ თუ ასეთი რამ მაინც შეამჩნიეთ, ესე იგი, ექიმი აუცილებელია. ღრძობა სახსრის მყესების დაჭიმვასა და დაზიანებას გულისხმობს, თუმცა ასეთ ტრავმას ხშირად მოტეხილობაც ახლავს თან, ასე რომ, ტრავმატოლოგთან ერთად რენტგენიც დაგჭირდებათ.
თუ ფეხის დადგმა ძლიერ ტკივილს არ იწვევს და დაშავებულს, დისკომფორტის მიუხედავად, სიარული შეუძლია, ექიმი მოიცდის. მეგობარი სახლში გაუშვით და RICE-თერაპიის ჩატარება დაავალეთ. თუ შემთხვევით ხელთ ელასტიკური ბანდი აღმოგაჩნდათ, კოჭი რვიანისებურად გადაუხვიეთ _ ჯერ ტერფს შემოავლეთ, შემდეგ კი წვივს, ისე, რომ ჯვარედინი კოჭ-წვივის სახსრის წინა ზედაპირზე მოხვდეს. ასეთი ნახვევი შეშუპებასაც შეამცირებს და იოგსაც საჭირო პოზიციაში შეაკავებს.

მხარი თუ იღრძო
* ხელი ოთხმოცდათგრადუსიანი კუთხით მოახრევინეთ იდაყვში და მკლავი მკერდზე მიატყუპებინეთ. ასე გადაუხვიეთ ნაღრძობი. სხვა სახვევის უქონლობისას საკუთარი პერანგიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
არ დაგავიწყდეთ: სახვევის დადებამდე შეეხეთ მტევანსა და მკლავს, შეამოწმეთ, ცივი ხომ არ არის კანი (ასეთი რამ სისხლის მიმოქცევის მოშლაზე მიუთითებს), მერე კი რამდენიმე ადგილას ფრთხილად უჩქმიტეთ. მგრძნობელობის მოშლა ნერვის დაზიანების ნიშანია. სთხოვეთ, თითები აამოძრაოს, ბოლოს კი რაიმე მსუბუქი საგანი მიეცით, რათა გაარკვიოთ, ძალუძს თუ არა მისი დაჭერა.
* გვჭირდება თუ არა ექიმი?
უთუოდ _ ლავიწის ძვლისა და მხრის იოგების მდგომარეობა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, თუმცა თუ თავად გაუწევთ სამსახურს და ტრავმატოლოგთან წაიყვანთ, სიჩქარეს ნუ გადააჭარბებთ. მართალია, ასეთი ტრავმა მტკივნეულია, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში ნამდვილად არ გახლავთ.

ბურთი… ბურთებში
საწყალს ჯერ აზრზე მოსვლა აცალეთ, მერე კი სთხოვეთ, ზიანი თვითონვე შეაფასოს. სათესლეები ლიმფური სადინრებისა და სისხლძარღვების უხვი ქსელითაა გარშემორტყმული, ამიტომ ნატკენი ადგილი შეიძლება ძალიან მალე შეშუპდეს.
სთხოვეთ, დახედოს და ხელით მოსინჯოს დაშავებული ორგანო _ შეამოწმოს, სისხლჩაქცევა ან შეშუპება ხომ არ შეიმჩნევა, განსაკუთრებით მტკივნეული ხომ არ არის რომელიმე უბანი, შემდეგ კი მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი დაალევინეთ, რათა შარდის ნაკადის ფერის შემოწმებაც შეძლოს. 
ამასობაში ტკივილის შესასუსტებლად და და შესივების დასაცხრობად პირსახოცში გახვეული ყინული მიეცით (ამ არეში კანი ძალზე თხელია, ამიტომ ყინულის პირდაპირ დადება სასურველი არ არის). ურჩიეთ, 10 წუთით მიიდოს, მერე 20 წუთით მოიცილოს და ა.შ.
* გვჭირდება თუ არა ექიმი?
გვჭირდება, თუ სისხლჩაქცევა შეამჩნია, სისხლი მოშარდა ანდა შარდის ნაკადი ჩვეულებრივზე სუსტი მოეჩვენა, ასევე _ თუ შეშუპება ოცდაოთხ საათში არ ჩაცხრა.
არა, თუ ყველაფერი რიგზეა და თავსაც უკეთ გრძნობს.
გაითვალისწინეთ: ასეთ დროს საკმაოდ ხშირია თავბრუხვევა და გულისრევა. ნურც ღებინება შეგაშფოთებთ. მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ძაღლის თავი, როგორც ჩანს, ნერვული სისტემის უნებლიე რეფლექსებში უნდა იყოს დამარხული. ეტყობა, ყველაფერი მართლაც ამ ორგანოს უკავშირდება…

 

ეკა ჩერქეზიშვილი

გააზიარე: