სიმაღლის დაავადება

გააზიარე:

ატმოსფერული წნევის შემცირება და ჟანგბადის ნაკლებობა შესაძლოა პრობლემების წყაროდ იქცეს მათთვის, ვინც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მაღლა ადის სალაშქროდ ან დასასვენებლად.

ფრანგმა ფიზიოლოგმა პოლ ბერტმა 1878 წელს დაადგინა, რომ სიმაღლის დაავადების სიმპტომები ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტის შედეგია. დაავადება ყველაზე ხშირად მთამსვლელებს, მფრინავებს და დიდ სიმაღლეზე მცხოვრებ ადამიანებს ემართებათ.

რა იწვევს

დიდ სიმაღლეზე ატმოსფერული წნევა მცირდება და ჰაერის ჟანგბადით გაჯერება იკლებს. რაც უფრო სწრაფად ადის ადამიანი მაღლა, მით უფრო დიდია ალბათობა, გაუხშოებულმა ჰაერმა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე საშიშია ჰიპოქსია – ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ჟანგბადის პარციალური წნევა 69%-ია, 5500 მეტრზე კი ჩასუნთქვისას ფილტვებში დაახლოებით ორჯერ ნაკლები ჟანგბადი ხვდება, ვიდრე ზღვის დონეზე ყოფნისას. ძილის დროს სისხლში ჟანგბადის დონე კიდევ უფრო იკლებს.

ჟანგბადის უკმარისობის საკომპენსაციოდ ხშირდება სუნთქვა, ჩქარდება გულისცემა, მაგრამ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია მაინც ვერ აღწევს ზღვის დონეზე არსებულ მაჩვენებელს.

აკლიმატიზაციისთვის ანუ დაბალ ატმოსფერულ წნევასა და ჟანგბადის დეფიციტთან შესაგუებლად ადამიანს სჭირდება სიმაღლეზე ნელი, თანდათანობითი ასვლა. სხვაგვარად მოსალოდნელია სითხის გაჟონვა წვრილი სისხლძარღვებიდან და ფილტვებსა და ტვინში დაგროვება.

უფრო დიდ სიმაღლეზე ასვლამდე რეკომენდებულია რამდენიმედღიანი აკლიმატიზაცია 2500-2750 მეტრზე. ამით თავიდან აიცილებთ სიმაღლის დაავადებას, ძილის დარღვევას, შემეცნებითი ფუნქციის მოშლას, თვითშეგრძნების გაუარესებას. აქვე უნდა ითქვას, რომ ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაბლობზე.

როცა ადამიანი ერთდღიანი მოგზაურობის შემდეგ ისევ დაბლობზე ბრუნდება, ორგანიზმი ნაკლებ სტრესს განიცდის.

სიმპტომები

სიმაღლეზე ასვლისას ორგანიზმი ცდილობს, შეეგუოს ახალ გარემოს, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სუსტი, ნაკლებად საგანგაშო სიმპტომებით, ისეთებით, როგორიცაა სუნთქვის გახშირება, ქოშინი, ძილის დროს სუნთქვის უნებლიე ხანმოკლე შეჩერება, შარდვის გახშირება. ძილის დროს სუნთქვის დარღვევისა და შარდვის გახშირების მიზეზია სისხლში ნახშირორჟანგის დონის დაქვეითება, რაც ტვინსა და თირკმელებში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. უფრო სერიოზული სიმპტომები ჟანგბადის დეფიციტს უკავშირდება.

სიმაღლის დაავადება უმეტესად სამი სინდრომის სახით ვლინდება. ესენია მთის მწვავე დაავადება, სიმაღლით გამოწვეული ტვინის შეშუპება და ფილტვების შეშუპება. მოდი, სამივე მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

მთის მწვავე დაავადების სიმპტომები, ჩვეულებისამებრ, სიმაღლეზე ასვლიდან 8-36 საათის განმავლობაში იჩენს თავს. პირველია თავის ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლებს არ ემორჩილება. ზოგჯერ მას თან ახლავს სისუსტე, თავბრუხვევა, ძილის დარღვევა, უმადობა, გულისრევა, ხანდახან – ღებინებაც.

აკლიმატიზაციიდან 12-48 საათის შემდეგ მთის მწვავე დაავადება, წესისამებრ, გაივლის, თუმცა ხდება ისეც, რომ მძიმდება და სიმაღლით გამოწვეულ ტვინის შეშუპებაში გადაიზრდება. ამ დროს თავის ტკივილი ძლიერდება, ადამიანი ბარბაცებს, უჭირს ორიენტირება, გრძნობს ძლიერ სისუსტეს, ეწყება ღებინება, მხედველობითი ჰალუცინაციები. შესაძლოა, კომამდეც კი მივიდეს საქმე.

ეს მდგომარეობა იმითაც არის საშიში, რომ, ვინაიდან ჟანგბადის უკმარისობა გავლენას ახდენს აზროვნების პროცესზე, ტვინის შეშუპების დროს ადამიანს უჭირს საკუთარი მდგომარეობის სიმძიმის აღქმა, სანამ სხვა არ შეამჩნევს მის უჩვეულო ქცევას.

ფილტვების შეშუპება შეიძლება გამოვლინდეს როგორც დამოუკიდებლად, ისე მთის მწვავე დაავადებასა და ტვინის შეშუპებასთან ერთად. მდგომარეობა უფრო სწრაფად მძიმდება, ვიდრე ტვინის შეშუპების დროს. ჟანგბადის დეფიციტი იწვევს ფილტვის სისხლძარღვების შევიწროებას, ფილტვის არტერიებში წნევის მატებას და სისხლძარღვებიდან ფილტვებში სითხის გაჟონვას. ჩვეულებისამებრ, იწყება ღამით და ახასიათებს დამძიმება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ადამიანი გრძნობს გულმკერდზე ზეწოლას ან შებოჭილობას, ძლიერ საერთო სისუსტეს, სუნთქვა მოსვენების დროსაც კი უჭირს, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება ან უნაცრისფრდება, ახველებს, ზოგჯერ ამოაქვს მოვარდისფრო ქაფიანი ნახველი, სხეულის ტემპერატურა 38.5 გრადუსამდე უწევს, სუნთქვის დროს გამოსცემს ხიხინის ან ბუყბუყის მსგავს ხმებს.

სიმაღლეზე ასვლა იშვიათად ბადურას ჰემორაგიასაც იწვევს. ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, სანამ პროცესში დეტალურ მხედველობაზე პასუხისმგებელი ყვითელი ხალი არ ჩაერთვება. ძირითადი ჩივილი მხედველობის დაბინდვაა.

სიმაღლეზე ასვლისას განვითარებული მსუბუქი სიმპტომები დაბლობზე დაბრუნებიდან ორ-სამ დღეში გაივლის. მძიმე სინდრომები შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს და ადამიანს საავადმყოფოში დაწოლაც კი დასჭირდეს.

დიაგნოზი

სიმაღლის დაავადების სადიაგნოსტიკო სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, დიაგნოზი სიმპტომების საფუძველზე ისმება. თუ თავის ტკივილმა შეგაწუხათ, სიმაღლეზე ასვლა უნდა შეწყვიტოთ და ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ. თუ ტკივილმა არ გაიარა და სხვა სიმპტომებიც დაერთო, მთის მწვავე დაავადება უნდა იეჭვოთ.

როცა ტვინის შეშუპებაა სავარაუდო, ადამიანი სასწრაფოდ უნდა დააბრუნონ დაბლობზე და შეძლებისდაგვარად სწრაფად გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტვინის შეშუპების აღმოსაჩენად და სიმპტომების მიზეზის დასადგენად.

შედარებით ძნელია სიმაღლით გამოწვეული ფილტვების შეშუპების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა, რადგან ის შესაძლოა მხოლოდ სისუსტით გამოვლინდეს. ეჭვს ბადებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობის დაქვეითება, მშრალი ხველა, გულისცემის გახშირება (100-ზე მეტ დარტყმამდე წუთში) და ქოშინი მოსვენებისას. სტეთოსკოპით ფილტვების მოსმენისას ისმის ტკაცუნი, რომელიც თან ახლავს ყოველ ჩასუნთქვას. ავადმყოფს სისხლში ჟანგბადის დონე უფრო დაბალი აქვს, ვიდრე იმავე სიმაღლეზე მყოფ ჯანმრთელ ადამიანს.

ბადურას ჰემორაგიის დიაგნოზს ოფთალმოლოგი სვამს სპეციალური ხელსაწყოთი – ოფთალმოსკოპით – გამოკვლევის შემდეგ.

მკურნალობა

სიმაღლის დაავადების ნებისმიერი ფორმის დროს პირველი მოთხოვნაა, შეწყდეს მაღლა ასვლა, სანამ ჩივილები არ გაივლის. თუ სიმპტომები მძიმეა, სავარაუდოა ტვინის ან ფილტვების შეშუპება ან დაბინდულია მხედველობა, ადამიანი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს დაბლობზე.

მსუბუქი სიმპტომების დროს 300 მეტრით დაშვება საკმარისია, რომ 24 საათში მდგომარეობა შემსუბუქდეს, რამდენიმედღიანი შესვენება კი ორგანიზმს აკლიმატიზაციაში ეხმარება. ამის შემდეგ ასვლის გაგრძელება უკვე შეიძლება.

სუნთქვის გასაუმჯობესებლად აცეტაზოლამიდს იყენებენ. მისი თანმხლები ეფექტი შარდვის გახშირებაა, ამიტომ ავადმყოფმა საკმაო ოდენობის სითხეც უნდა მიიღოს.

თუ დაბლობზე სწრაფად დაბრუნება ვერ ხერხდება, ტვინის შეშუპების სამართავად რეკომენდებულია ჟანგბადის მიწოდება და დექსამეტაზონის მიცემა.

დიდ სიმაღლეზე დაბლობის შესაბამისი გარემოს სიმულირება შესაძლებელია პორტატიული ჰიპერბარული პალატით. ის განსაკუთრებით მოხერხებულია, როცა უამინდობის გამო ან სხვა მიზეზით დაბლობზე დაბრუნება ვერ ხერხდება. მასვე იყენებენ მძიმე ავადმყოფების ევაკუაციისთვის.

ფილტვების შეშუპებისას მკურნალობა გულისხმობს ჟანგბადის მიწოდებას და ნიფედიპინის მიცემას, ჰიპერბარიულ თერაპიას, თავის ტკივილის შემსუბუქებას ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით (აცეტამინოფენით, იბუპროფენით).

პრევენცია

სიმაღლის ნელი, თანდათანობითი ცვლილებისას ორგანიზმი, როგორც გითხარით, ეგუება ჟანგბადით ღარიბ გარემოს და სიმაღლის დაავადების განვითარების ალბათობა მცირდება.

2400 მეტრიდან ყოველი 600 მეტრით მაღლა ასვლისას 1-2 დღე შეისვენეთ.

3000 მეტრიდან სიმაღლე დღე-ღამეში 300 მეტრზე მეტით არ უნდა გაიზარდოს. ყოველი შემთხვევისთვის თან უნდა იქონიოთ ჟანგბადი.

თუ მოახერხებთ, ღამე ნაკლებ სიმაღლეზე გაათიეთ.

პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანოთ.

მიიღეთ ბევრი სითხე და მაღალკალორიული საკვები, არ მოწიოთ, არ დალიოთ ალკოჰოლიანი სასმელები, ერიდეთ საძილე საშუალებებს და ტრანკვილიზატორებს.

თუ გულის ან ფილტვების დაავადება, ანემია, დიაბეტი, ძილის ობსტრუქციული აპნოე გაქვთ, დიდ სიმაღლეზე ასვლისგან თავი შეიკავეთ. უკიდურეს შემთხვევაში, გამგზავრებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულის სიმაღლეზე ასვლამდე ზედმიწევნით უნდა შეფასდეს მისი ჯანმრთელობა. 3000 მეტრზე მაღლა ერთ დღეზე მეტხანს გაჩერება არ არის რეკომენდებული.

თუ ადამიანს სიმაღლის დაავადების სიმპტომები გამოაჩნდა, რა სუსტადაც უნდა იყოს ისინი გამოხატული, სვლის გაგრძელება აღარ შეიძლება. თუ, მიუხედავად დასვენებისა, მდგომარეობა დამძიმდა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიყვანონ დაბლა, ამიტომ ასვლის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაშვებას მოახერხებთ.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: