წამალი ბუნებისგან: თევზის ქონი

გააზიარე:

ყოველ წამალს მოჰყვება დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენებების, უკუჩვენებებისა თუ გვერდითი მოვლენების შესახებ; თითოეული მათგანი აფთიაქის თაროზე მოხვედრამდე სკრუპულოზულად უნდა შემოწმდეს მრავალი ლაბორატორიული თუ კლინიკური კვლევით, რადგან მწარმოებელი ინსტრუქციაში ჩაწერილ თითოეულ სიტყვაზე კანონის წინაშეც აგებს პასუხს. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს კი ასეთი მკაცრი რეგულირება არ მოეთხოვება.
შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ყოველივე ის, რასაც მათი გამავრცელებლები გვპირდებიან? – სწორედ ეს კითხვა დასვეს რამდენიმე წლის წინ აშშ-ის თერაპიული კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა (ეს საერთაშორისო სახელის მქონე დამოუკიდებელი ორგანიზაცია რამდენიმე ავტორიტეტულ სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალს გამოსცემს ჯანდაცვის მუშაკებისთვის, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის რეკლამაზე და მის ყველა რეკომენდაცია მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა), პასუხის გასაცემად კი ბუნებრივი დანამატების შესახებ არსებული ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზება და ანალიზი დაისახეს მიზნად. მას შემდეგ ამ ბაზაში, ახალი და სარწმუნო ფაქტების გამოჩენისდაკვალად, ყოველდღიურად შეაქვთ ცვლილებები. გადავწყვიტეთ, მათი შეხედულებები ჩვენი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. რაკი იდეა ამავე ნომრის ჩანართზე მუშაობის დროს გაგვიჩნდა, პირველი ნომრისთვის ჩვენი მშობლების დროინდელი უებარი წამალი თევზის ქონი შევარჩიეთ. დააკვირდით ქვესათაურებს – ეს კრიტერიუმთა ერთგვარი შკალაა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ჯგუფი ბუნებრივი წამლების ეფექტიანობას აფასებს და, შესაბამისად, ნომრიდან ნომერში განმეორდება.

თევზის ქონი
კარგა ხანია, ეს უკანასკნელი კაფსულებში გამოამწყვდიეს, უფროს თაობას კი მისი გემოც ახსოვს. სამკურნალო თვისებაც უამრავი შეუმჩნევიათ თუ მიუწერიათ. მეცნიერებმა ამ თვისებების წყაროსაც მიაკვლიეს: ერთობ სასარგებლო ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. სავარაუდოდ, მათ სისხლის ლიპიდურ შემადგენლობაზე სასარგებლო გავლენა უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევიან. შეგვიძლია, აფთიაქშიც შევიძინოთ და ბუნებრივი (ანუ თევზის) სახითაც მივირთვათ. სასარგებლო ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარი ყოფილა სკუმბრია, თინუსი, ორაგული, თართი, ბარაბული, ლუფარი, ანჩოუსი, სარდინი, ქაშაყი და კალმახი. მათი 100 გ ორგანიზმს დაახლოებით 1 გ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს აწვდის.
როცა თევზის ქონის საკვებიდან მიღება გვინდა, თურმე დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადების ტექნოლოგიას: მოხარშული, ჰაერღუმელში გამომცხვარი და შამფურზე შემწვარი თევზი გულის დაავადების რისკს ამცირებს, ცხიმში შემწვარი კი არამცთუ ჯანმრთელობისთვის უსარგებლოდ აქცევს თევზის ქონს, არამედ, გამორიცხული არ არის, გულის დაზიანების რისკს ზრდიდეს კიდეც.

ეფექტურია:
* სისხლში ტრიგლიცერიდების (მარტივ ენაზე – ცხიმების) დონის შესამცირებლად.
ტრიგლიცერიდების მაღალი დონე გულის დაავადებასა და უკონტროლოდ მიშვებულ შაქრიან დიაბეტთან არის ასოცირებული. გულის დაავადების რისკის შესამცირებლად სასურველია, ტრიგლიცერიდების დონე განსაზღვრულ ზღვარს ქვემოთ შევინარჩუნოთ. ამისთვის ექიმები ნაკლები ცხიმის მიღებას და მეტ ფიზიკურ აქტივობას გვირჩევენ. ზოგჯერ ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად გემფიბროზილსაც გვინიშნავენ. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ თუმცა ეფექტურობით გემფიბროზილს ჩამოუვარდება, მაგრამ თევზის ქონში შემავალი ომეგა-3 მჟავებმა ტრიგლიცერიდების დონე 20-50 პროცენტითაც შეიძლება შეამციროს.

ეფექტური უნდა იყოს:
* გულის დაავადებისა და ინფარქტის თავიდან ასაცილებლად.
შესაძლოა, თევზის ქონი ჯანმრთელ გულს დაზიანებისგან იცავდეს, გულით დაავადებულებს კი ამ დაავადებით სიკვდილის საფრთხეს აცილებდეს თავიდან. თუმცაღა ამ აზრს ყველა მკვლევარი არ იზიარებს, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ინფარქტის ალბათობის შესამცირებლად თევზის ქონი შესაძლოა უფრო ეფექტურიც კი იყოს, ვიდრე ამ მიზნით ხშირად გამოყენებული სტატინები.

* სავარაუდოდ, ეფექტურია:
მაღალი წნევის დროს. ვარაუდობენ, რომ წნევის მომატებისას თევზის ქონი მის ზომიერ შემცირებას იწვევს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, როგორც ჩანს, სისხლძარღვებს აფართოებს, ამას კი წნევის დაქვეითებამდე მივყავართ. ეს მოვლენა შესაძლოა საშიშიც კი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი წნევის საწინააღმდეგო წამლებსაც სვამს.
* რევმატოიდული ართრიტის დროს. თევზის ქონი, როგორც მარტო, ასევე ნაპროქსენთან კომბინაციაში, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს დილის შებოჭილობის უფრო ადვილად დაძლევაში ეხმარება. თევზის ქონის მიღებისას ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებლების (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების) შემცირებასაც ახერხებენ.
* მენსტრუალური ტკივილის დროს. თევზის ქონი B12-თან კომბინაციაში აუმჯობესებს მტკივნეულ მენსტრუაციას და ამცირებს ტკივილგამაყუჩებლების (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების) გამოყენების საჭიროებას.
* ბავშვებში ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს.
* სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობის (რეინოს სინდრომის) დროს, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს სინდრომი სისტემური სკლეროდერმიით არის გამოწვეული.
* ინსულტის თავიდან ასაცილებლად. თევზის ზომიერი (კვირაში ერთხელ ან ორჯერ) მოხმარება, როგორც ჩანს, ინსულტის რისკს 27%-ით ამცირებს, თუმცა თევზის მირთმევას დამატებითი სარგებლობა არ მოაქვს მათთვის, ვინც პრევენციისთვის უკვე იღებს ასპირინს. მეორე მხრივ, მეტისმეტად ბევრი (დღეში 46 გ-ზე მეტი) თევზი, როგორც ჩანს, ინსულტის რისკს ზრდის, შესაძლოა აორმაგებდეს კიდეც.
* სუსტი ძვლების (ოსტეოპოროზის) დროს.
* არტერიების გამკვრივების (არტერიოსკლეროზის) დროს. თევზის ქონი, როგორც ჩანს, ხელს უშლის გულის მკვებავი (გვირგვინოვანი) არტერიების დაზიანებას, მაგრამ იმავე გავლენას არ ახდენს კისრიდან თავისკენ მიმავალ (საძილე) არტერიებზე.
* თირკმლის პრობლემების დროს. არსებობს მონაცემები, რომ თევზის ქონის მიღება ამცირებს დიაბეტით დაავადებულთა შარდში ცილის რაოდენობას (თირკმლის დაზიანების ერთ-ერთი პირველი ინდიკატორი).
* დეპრესიის დროს. როგორც ჩანს, თევზის ქონი ზრდის დეპრესიის სტანდარტული მკურნალობის ეფექტურობას. სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც თევზს უფრო მეტად მოიხმარენ, დეპრესია გაცილებით იშვიათია. არსებობს მონაცემები, რომ პლაზმასა და სისხლის წითელ უჯრედებში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უფრო დაბალი დონე დეპრესიასთან არის ასოცირებული. ამავე დროს, თევზის ქონმა დეპრესიის ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა გააძლიეროს კიდეც.
* წონის კლების დროს. არსებობს მონაცემები, რომ თევზის ჭამა აადვილებს წონის კლებას და აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.
* ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრის) კიბოს დროს. არსებობს მონაცემები, რომ ქალებს, რომლებიც კვირაში დაახლოებით ორ ულუფა ცხიმიან თევზს მიირთმევენ, ამ სახის სიმსივნის განვითარების ნაკლები რისკი ემუქრებათ.
* ასაკთან დაკავშირებული თვალის დაავადების  (მაკულური დეგენერაცია) დროს. დაგროვდა მონაცემები, რომ შესაძლოა, კვირაში ერთზე მეტი ულუფა თევზის მირთმევა ამცირებდეს ბადურას ცენტრალური ნაწილის დაზიანების ალბათობას.
* ქოლესტეროლის მომატების დროს. ინტენსიურად შეისწავლიან თევზის ქონის კომბინაციას სტატინებთან. წინასწარი შედეგებით, თევზის ქონი ხელს არ უშლის სტატინების მოქმედებას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, თევზის ქონი ნაწლავებიდან ქოლესტეროლის შეწოვას  უწყობდეს ხელს.
* ასთმის დროს. ბავშვებში თევზის ქონი შესაძლოა აუმჯობესებდეს ჰაერგამტარი გზების გამავლობას, ამცირებდეს ხველას და მედიკამენტების საჭიროებას, თუმცა ზრდასრულებზე, როგორც ჩანს, ასეთ გავლენას ვერ ახდენს.
* მშრალი თვალის სინდრომის დროს.

სავარაუდოდ, უეფექტოა:
- ღრძილების ანთების (გინგივიტის),
- ღვიძლის დაავადების,
- სისხლის მიმოქცევის პრობლემებით გამოწვეული ფეხის ტკივილის,
- შაკიკის შეტევების,
- ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთების ტკივილის, 
- კანის ალერგიული გამონაყარის,
- კუჭის წყლულის დროს.

უეფექტო უნდა იყოს:
- მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. როგორც ჩანს, შაქრის დონეს არ აქვეითებს, მაგრამ დიაბეტით დაავადებულთათვის მაინც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მაგალითად, სისხლში ცხიმების დონის მოსაწესრიგებლად. თუმცა არსებობს მონაცემები, რომ თევზის ქონის დიდმა დოზებმა სისხლში შაქრის დონის მოწესრიგება შესაძლოა გაართულოს კიდეც.

ეფექტიანობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის:
- ალცჰაიმერის დაავადების დროს;
- ატოპური დერმატიტის დროს;
- გულის ზედა საკნების არარეგულარული ფეთქვის (წინაგულების ფიბრილაციის) დროს;
- კიბოს თავიდან ასაცილებლად;
- კატარაქტის პროფილაქტიკისთვის;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს;
- აზროვნების უნარის (კოგნიტიური ფუნქციის) გასაუმჯობესებლად;
- კრონის დაავადების დროს;
- ჩვილთა განვითარებისთვის. არსებობს მონაცემები, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობისას ყოველდღიურად იღებდნენ 4 გ თევზის ქონს, 2.5 წლის ასაკში თვალისა და ხელის კოორდინაცია უკეთესი აქვთ, მაგრამ აზროვნების, სოციალური, მოტორული და მეტყველების უნარებში შესამჩნევი განსხვავება ვერ დადასტურდა;
- წყლულოვანი კოლიტის დროს;
- დღენაკლულობის დროს;
- შიზოფრენიის დროს;
- სისტემური წითელი მგლურის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
. ღვიძლის დაავადების დროს. თევზის ქონმა შესაძლოა სისხლდენის ალბათობა გაზარდოს.
. ზღვის პროდუქტებზე ალერგიის დროს. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად ხშირად აქვთ ამ სახის ალერგიის მქონე ადამიანებს ალერგია თევზის ქონის მიმართ, ამიტომ, ვიდრე უფრო მეტს შევიტყობდეთ, სიფრთხილეს გვირჩევენ.
. აივ ინფექცია`შიდსის, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის დროს. თევზის ქონის დიდმა დოზებმა შეიძლება ორგანიზმის იმუნური პასუხი შეასუსტოს, ჩამოთვლილ ჯგუფებში კი ეს განსაკუთრებით სახიფათოა.
. ჩანერგილი დეფიბილატორით სარგებლობისას. ზოგიერთი (ოღონდ არა ყველა) გამოკვლევის შედეგები მიუთითებს რომ მოსალოდნელია, თევზის ქონმა ამ შემთხვევაში არარეგულარული შეკუმშვების ალბათობა გაზარდოს.
. ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს. არსებობს ვარაუდი, რომ ასეთ ადამიანებს თევზის ქონმა შეიძლება უფრო მეტად გაუზარდოს სიმსივნეების ჩამოყალიბების რისკი.

გააზიარე: