იოდი: დეფიციტი, სიჭარბე და მათი შედეგები

გააზიარე:

იოდზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითად კომპონენტზე, თითქმის ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ჩამოყალიბება და სრულყოფილი ფუნქციობაა დამოკიდებული. მისი ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ზრდა-განვითარებას. ასეთი საფრთხე კი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედს ემუქრება.

მაინც რა ევალება იოდს? რა შეიძლება მოჰყვეს მის დეფიციტსა თუ სიჭარბეს და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა? ამის გასარკვევად ენდოკრინოლოგსა და ნუტრიციოლოგს, მედიცინის დოქტორ ლაშა უჩავას ვესტუმრეთ.

– ბატონო ლაშა, რა არის იოდი და რისთვის იყენებს მას ორგანიზმი?

– იოდი სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტია. ორგანიზმში ის არ სინთეზირდება, მისი მარაგი საკვებიდან უნდა შევივსოთ.

იოდი, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, კერძოდ, მისი მთავარი ჰორმონების, თიროქსინისა (T4) და ტრიიოდთირონინის (T3), წარმოებისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში მეტაბოლიზმის რეგულირებაა. გარდა ამისა, ისინი:

*აფართოებენ სისხლძარღვებს, არეგულირებენ გულისცემას და არტერიულ წნევას;

*ააქტიურებენ საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების, თირკმელების, კუჭისა და ნაწლავების მუშაობას, მონაწილეობენ ინსულინის წარმოებაში;

*მონაწილეობენ უჯრედების დაყოფასა და ძვლის ფორმირებაში, ხელს უწყობენ ასაკის შესაბამის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას;

*მონაწილეობენ ბაზისური მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში (რომელიც უზრუნველყოფს დასვენების დროს სუნთქვისა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად აუცილებელ ენერგიის დონეს);

*აკონტროლებენ ენერგიის მოხმარებას მთელ სხეულში, არეგულირებენ სხეულის ტემპერატურას;

* გავლენას ახდენენ ტვინის მუშაობაზე, ფსიქიკაზე;

* გავლენას ახდენენ ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე, ბავშვის ზრდასა და გონებრივ მომწიფებაზე.

– რამდენი იოდი გვჭირდება დღე-ღამეში?

– იმისთვის, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა საჭირო რაოდენობის ჰორმონი გამოიმუშაოს, ორგანიზმმა დღე-ღამეში საშუალოდ 150-200 მიკროგრამი იოდი უნდა მიიღოს. ბავშვმა – ბუნებრივია, შედარებით ნაკლები, ზრდასრულმა – შედარებით მეტი. იოდზე მოთხოვნა იზრდება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით, სადღეღამისო ნორმა ასეთია:

12 თვემდე – 40-80 მკგ

1-დან 10 წლამდე – 100-140 მკგ

10-დან 15 წლამდე – 180-200 მკგ

15-დან 51 წლამდე – 200 მკგ

51 წლიდან – 180 მკგ

ორსულობისას – 230 მკგ

ძუძუს წოვებისას – 260 მკგ

სხვადასხვა ქვეყნისთვის ეს მონაცემები შესაძლოა რამდენადმე განსხვავებული იყოს.

დეფიციტი

– რა განაპირობებს იოდის დეფიციტს?

– ფარისებრ ჯირკვალს იოდის განსაზღვრული მარაგი აქვს. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმი სწორედ ამ მარაგით სარგებლობს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვეც კი ეყოს, ამიტომ იოდის დეფიციტი არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, თანდათანობით ვითარდება.

იოდდეფიციტის ძირითადი მიზეზი, ერთი მხრივ, დაბალიოდიანი ნიადაგია, რომელიც უმეტესად ზღვიდან მოშორებით მდებარე რეგიონებში გვხვდება და, თავის მხრივ, მცენარეულ და ცხოველურ საკვებში იოდის ნაკლებობას განაპირობებს, მეორე მხრივ კი ზღვის თევზისა და სხვა პროდუქტების იშვიათი მოხმარება. მტკნარი წყლის (ტბები, მდინარეები, ხელოვნური საცავები) თევზი იოდით ღარიბია.

– როგორ ვლინდება?

– როცა ორგანიზმს იოდი აკლია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაც იკლებს. იმის მიხედვით, რამდენ ხანს ვერ იღებს ორგანიზმი საჭირო რაოდენობის იოდს და რამდენად არის გამოხატული ჰორმონის დეფიციტი, ვითარდება სხვადასხვა სურათი.

ჰიპოთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, საწყის ეტაპზე შეინიშნება:

. დეპრესია, მოდუნება, ადვილად დაღლა;

. ძილიანობა;

. კონცენტრაციის გაძნელება;

. სიცივის მიმართ მგრძნობელობის მომატება;

. კანის სიმშრალე, გაფერმკრთალება;

. თმის ცვენა;

. ყაბზობა.

იოდის ხანმოკლე დეფიციტი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, როგორც წესი, არ იწვევს. ის მაშინ ხდება საშიში, როცა დიდხანს გრძელდება და ქრონიკულ სახეს იღებს. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეს ჩივილი დროულად შეაფასოს ენდოკრინოლოგმა და მდგომარეობის გამოსასწორებლად ზრუნვა ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს.

თუ იოდის ნაკლებობა დიდხანს (6-12 თვეს) გაგრძელდა და მარაგიც ამოიწურა:

  • ვითარდება მწვავე ჰიპოთირეოზი. ფერხდება ფიზიკური და გონებრივი განვითარება, ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, სუსტდება გულისცემა, სისხლში იმატებს ცუდი ქოლესტეროლის დონე, მკურნალობის გარეშე ამ ცვლილებებმა შესაძლოა კომაც კი გამოიწვიოს.
  • დიდდება ფარისებრი ჯირკვალი, რადგან ორგანიზმი იოდის ნაკლებობის კომპენსირებას ამ ჯირკვლის ქსოვილის გაზრდით ცდილობს. ვითარდება ეგრეთ წოდებული ენდემური ჩიყვი.
  • გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი მიდრეკილია პათოლოგიური ცვლილებებისკენ. იზრდება როგორც კეთილთვისებიანი (ადენომა), ისე ავთვისებიანის სიმსივნის (კარცინომა) წარმოშობის რისკი.
  • იმატებს წონა.

ორსულებისთვის

– იოდის სათანადო დონე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში. ამ პერიოდში ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი ჯერ არ გააჩნია, ამიტომ მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებზეა დამოკიდებული. მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი მსუბუქი იოდდეფიციტის შემთხვევაშიც კი შეიძლება ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩეს, ძლიერი იოდდეფიციტის დროს კი მოსალოდნელია კრეტინიზმი – ფსიქიკურ-კოგნიტიური განვითარების მძიმე დარღვევა, ზრდის შეფერხება, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები და ანომალიები. ორსულობის თანმხლებმა იოდდეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან აბორტი.

მკურნალობა

_ იოდის მსუბუქი დეფიციტის აღმოფხვრა თავისუფლად შეიძლება იოდის შემცველი საკვებით და დაბალანსებული რაციონით, უპირველეს ყოვლისა – იოდიანი მარილის რეგულარული გამოყენებით, შორს წასულ შემთხვევებში კი მარილი არ არის საკმარისი, საჭიროა დაბალდოზირებული იოდის პრეპარატების მიღება, მაგალითად, კალიუმის იოდიდის სახით, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

დიაგნოსტიკა

– იოდის დონის დასადგენად ყველაზე მარტივი გზა შარდში მისი შემცველობის განსაზღვრაა. თირკმელებით გამოყოფილი იოდის ოდენობის მიხედვით შეიძლება ირიბად განისაზღვროს მიღებულის ოდენობა. რაც უფრო დიდია იოდის მარაგი, მით უფრო მეტი იოდია შარდში. მაგალითად, თუ შარდში ამ ელემენტის კონცენტრაცია 50 მკგ/ლ-ზე ნაკლებია, ესე იგი ორგანიზმს იოდი აკლია.

იოდის დონის დადგენა ასევე შესაძლებელია სისხლის ანალიზით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე, თუმცა ვერც ის იძლევა ზუსტ ინფორმაციას, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს.

სიჭარბე

– როდის და როგორ ვლინდება იოდის სიჭარბე?

– დაბალანსებული კვებისა და იოდიანი მარილის შეგნებული გამოყენების შემთხვევაში იოდის ზედოზირება არ გვემუქრება. სიჭარბე შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერ მარილიანმა, დაუბალანსებელმა, ერთფეროვანმა კვებამ, ზღვის წყალმცენარეების ჭარბმა მიღებამ, რადგან ზოგიერთ მათგანში იოდის შემცველობა ძალიან მაღალია.

ჭარბი იოდი, ჩვეულებრივ, არ რჩება ორგანიზმში, თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, თუმცა რეგულარულად და დიდი ოდენობით მისმა მიღებამ შესაძლოა ფარისებრი ჯირკვალი მწყობრიდან გამოიყვანოს. განსაკუთრებული რისკი ემუქრებათ ხანდაზმულებსა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ან კვანძების მქონე პაციენტებს, რომლებმაც არ იციან თავიანთი დაიგნოზის შესახებ. კვანძების არსებობისას იოდის უკიდურესად დიდმა დოზამ (მაღალდოზირებული საკვებდანამატები, მედიკამენტები, დიაგნოსტიკისთვის საჭირო კონტრასტული საშუალებები) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის პათოლოგიური მომატება) ან დაამძიმოს უკვე არსებული ეს დაავადება.

იოდის სიჭარბე შესაძლოა ჰიპოთირეოზის მიზეზადაც იქცეს. ფარისებრ ჯირკვალს აქვს დამცავი მექანიზმი, რომელიც ანელებს იოდის შეწოვას და ჰორმონების გამომუშავებას, როცა სისხლში იოდის დონე მაღალია. ჯანსაღი ფარისებრი ჯირკვალი ამ მექანიზმის დაძლევას რამდენიმე დღეში ახერხებს, თუმცა ზოგჯერ ის დიდხანს რჩება შენელებული, რის გამოც ვითარდება ჰიპოთირეოზი და ჩიყვი.

სად ვიპოვოთ

– ბუნებაში ყველაზე მეტი იოდი ზღვის წყალშია, ამიტომ ამ ელემენტის ძირითადი წყარო ზღვის თევზი და ზღვის სხვა პროდუქტებია. ზღვის წყალმცენარეებში იოდის შემცველობა ზოგჯერ იმდენად მაღალია, რომ, როგორც გითხარით, დოზის გადაჭარბების საფრთხეც კი წარმოიშობა. მაგალითად, ერთი გრამი გამხმარი ლამინარია, ზღვის კომბოსტო (laminaria japonica), 4000 მკგ–მდე იოდს შეიცავს, ეგრეთ წოდებული ზღვის სპაგეტი (Himanthalia elongata) – 2000 მკგ-მდე, ვაკამე (Undaria pinnatifida)– 90-185 მკგ, ჰიჯიკი (Sargassum fusiforme) – 500 მკგ-მდე, არამე (Eisenia bicyclis) – 600-5000 მკგ-ს. თევზეულიდან გამოირჩევა პიქშა (Melanogrammus aeglefinus), რომლის 100 გრამში 240-400 მკგ იოდია, კრევეტები – 130 მკგ/100გ, ვირთევზა (Gadus morhua) – 120-170 მკგ/100გ, მინტაი (Gadus chalcogrammus) – 100 მკგ/100გ, სკუმბრია (Scomber scombrus) – 50 მკგ/100გ, თინუსი (Thunnus thynnus) – 50მკგ/100გ.

თერმული დამუშავებისას იოდის 15-75% იკარგება.

მცენარეულ საკვებში იოდის შემცველობა ოდნავ მერყეობს, იმის მიხედვით, რამდენად მდიდარია ამ ელემენტით ნიადაგი.

 100 გ პროდუქტში იოდის შემცველობა დაახლოებით ასეთია:

მინდვრის სალათა, ვალერიანელა - 35მკგ

ქამა სოკო -18 მკგ

ბროკოლი - 15 მკგ

ისპანახი - 12 მკგ

ბოლოკი - 8 მკგ

კომბოსტო - 3-9 მკგ

მიწის თხილი - 13 მკგ

გოგრის თესლი - 12 მკგ

კეშიუ  - 10 მკგ

სელის თესლი  - 10 მკგ

მწვანე ბარდა (მოხარშული) - 2-3 მკგ

ქერი, ხორბალი, სიმინდი, ჭვავი - 5-7 მკგ

კინოა - 4 მკგ

შვრია - 4 მკგ

იოდის დეფიციტს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ებრძვიან. მაგალითად, იოდს ამატებენ შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვებს, რათა რძე, რძის ნაწარმი და კვერცხი ამ ელემენტით მდიდარი იყოს; იოდით ამდიდრებენ პურს, ზეთს, შაქარს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მოქმედებს მარილის იოდირების უნივერსალური პროგრამა, რაც მოსახლეობისთვის მხოლოდ იოდიანი მარილის მიწოდებას გულისხმობს. ეს იოდდეფიციტის პრფილაქტიკის ძალიან ეფექტური გზაა: ერთი მხრივ, მარილს ყოველდღიურად მოიხმარს მოსახლეობა, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა, მეორე მხრივ, დოზის გადაჭარბება არ გვემუქრება.

ჩემი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა სწორედ იოდდეფიციტურ მდგომარეობას სასკოლო ასაკის ბავშვებში. 2013-2015 წლებში 56 000-მდე ბავშვს ჩაუტარდა დიაგნოსტირება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის – მაღალმთიან და ზღვისპირა რაიონებშიც. კვლევამ აჩვენა, რომ 90-იანი წლების შემდეგ მდგომარეობა შესამჩნევად იყო გაუმჯობესებული, რაც საქართველოში ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების, მათ შორის – მარილის იოდით ფორტიფიცირების, დამსახურებაა, თუმცა წყალსა და ნიადაგში იოდის შემცველობის შემოწმებამ აჩვენა, რომ იოდდეფიციტი რეგიონში ისევ აქტუალური საკითხია.

მარილიდან მაქსიმალურად რომ მივიღოთ იოდი, უმჯობესია, კერძს ის ქურიდან გადმოდგმის შემდეგ დავამატოთ, მანამდე კი ჰერმეტულად დახურულ მინის ქილაში შევინახოთ, რათა იოდი ადვილად არ აქროლდეს.

იოდის სადღეღამისო ნორმას ადვილად შეივსებთ, თუ:

* კვირაში ორჯერ მიირთმევთ იოდით მდიდარ თევზს;

* მოიხმართ მხოლოდ იოდიან მარილს;

* მზა პროდუქტების (პური, ყველი, ძეხვი) შეძენისას უპირატესობას იოდიანი მარილით დამზადებულს მიანიჭებთ (ეს ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული).

– როდის არის საჭირო იოდის დანამატების მიღება?

– იოდი ხელმისაწვდომია როგორც სხვა ელემენტებთან კომპლექსში, ისე იზოლირებულად, ტაბლეტების, კაფსულების, წვეთების სახით. თითოეული მათგანი იოდს სხვადასხვა დოზით შეიცავს, რომელიც მკაცრად მათი მიღებისას უნდა კონტროლდებოდეს. აქვე გეტყვით, რომ თუ არ არსებობს შესაბამისი ჩვენება, არ არის დადასტურებული იოდის დეფიციტი, ამ დანამატების მიღება დაუშვებელია. პროფილაქტიკის მიზნით თვითნებურად, ექიმის კონტროლის გარეშე მიღებულმა იოდმა შესაძლოა სიკეთის ნაცვლად ზიანი მიაყენოს ორგანიზმს და თქვენს სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: