მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა

გააზიარე:
 არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკვებისადმი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ნარკოტიკების მომხმარებლებს ნარკოტიკების და ალკოჰოლიკებს სპირტიანი სასმელების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჭამის დაუძლეველი, მანიაკური სურვილი აქვთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პათოლოგიური დამოკიდებულება – ადიქცია. ხშირად ჭამამანიას ბულიმიაში ურევენ, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ფსიქონევროლოგიური ხასიათის დარღვევაა, ვიდრე ჭამისადმი უსაზღვრო მიდრეკილება. ჭამამანიაკი (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ტერმინი მედიცინაში არ არსებობს – წერის დროს სპონტანურად დაიბადა) დღედაღამ იმაზე ფიქრობს, რამე არ დარჩეს გაუსინჯავი და დარწმუნებულია, რომ ჭამა ერთადერთი ნეტარებაა ამქვეყნად. მისი ძირითადი საკვები ტკბილეულია, რომელსაც მცირე კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ გემრიელია და ღორმუცელებისთვის იდეალურ სატყუარას წარმოადგენს. და, რაღა თქმა უნდა, ჭამამანიაკები უმთავრესად ჭარბწონიანები არიან, თუმცა ჭარბი წონა ყოველთვის იმაზე როდი მიუთითებს, რომ ადამიანი საკვებდამოკიდებულია. ისევე როგორც ყოველგვარი პათოლოგიური დამოკიდებულება, ჭამამანიაც ვნებს ორგანიზმს. ჭარბი წონის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს II 

ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, თირკმელების, სახსრების პათოლოგიები. არცთუ იშვიათია დეპრესია. მას, წესისამებრ, თვითშეფასების დაქვეითება იწვევს, რომელიც წონის კატასტროფულ მატებას მოჰყვება. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი ჭამამანიაკი თავის მოკვლაზეც კი ოცნებობს. როცა “სმა-ჭამა დიდად შესარგი” ლამის რელიგიური კულტის რანგში აჰყავთ, საქმე, როგორ წესი, კოხტა ღიპით მთავრდება. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, გასტრონომიული ცდუნება ყოველთვის ჭამამანიად ვერ ჩაითვლება. ადამიანი ჭამამანიაკია, თუ ძალა არ შესწევს, თავი მოთოკოს და ერთ ჯერზე მიირთმევს უზომოდ ბევრს, უხვად აყოლებს დესერტს და... მალევე უჩნდება გამეორების სურვილი!
გასტრონომიული ადიქციის დაძლევა, სავარაუდოდ, შესაძლებელია, თუმცა აქაც უფრო ფსიქოლოგიური ჩარევაა საჭირო, ვიდრე მედიკამენტური მკურნალობა (თუმცა ხშირად ინიშნება ანტიდეპრესანტები). ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური ჯგუფებიც კია შექმნილი, სადაც ჭამამანიით შეპყრობილები ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს უზიარებენ. არსებობს სოციალური საიტებიც, სადაც ონლაინ-თავყრილობები იმართება.
ჭამისადმი მოჭარბებული ინტერესის დასაძლევად საუკეთესო გზაა კუჭზე რგოლის დადება. ამ დროს კუჭის მოცულობა საგრძნობლად მცირდება და თუ ადამიანი მანამდე თვალის დახამახამებაში სანსლავდა ათობით ხინკალს, ოპერაციის შემდეგ რამდენიმე ცალი ანაყრებს.
მსუნაგობის საფასური
ყველაზე უარესი, რასაც ღორმუცელობა უქადის ორგანიზმს, ჭარბი წონაა. აი, ჭარბი წონა კი, თავის მხრივ, გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მისი შედეგია:
. მაღალი არტერიული წნევა;
. ქოლესტეროლის მაღალი დონე, რაც საგრძნობლად სწევს მაღლა ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების რისკს;
. ოსტეოართრიტი;
. II ტიპის დიაბეტი;
. ძილის აპნოე;
. რესპირაციული პრობლემები, მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა;
. ინსულტი;
. ენდომეტრიუმის, ძუძუსა და ნაწლავის კიბოს დიდი ალბათობა.

***
ახალი წლის დღეებში მსუნაგობის დაძლევა და ჯანსაღი კვების ჩვევის გამომუშავება ცოტა ძნელია, მით უმეტეს – თუ ადამიანს წლების განმავლობაში ჭამისადმი მანიაკური მიდრეკილება ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ იმას გირჩევთ, გამოიჩინოთ ზომიერება და დღესასწაულის დასრულებისთანავე დაიწყოთ მოჭარბებულ მადასთან ბრძოლა. რჩევისთვის შეგიძლიათ ენდოკრინოლოგს მიმართოთ. ის უთუოდ შეგირჩევთ სწორ დიეტას და სათანადო რჩევა-დარიგებასაც მოგცემთ.

გააზიარე: