წყალი და ჯანმრთელობა - რას ვსვამთ

გააზიარე:

წყალი გარემოშიც უხვადაა და ჩვენს ორგანიზმშიც. ეს საოცარი ნივთიერება ესოდენ საჭირო რომ არ იყოს, ადამიანის უხეში ხელი აქამდე დააშრობდა. მაგრამ ფაქტია, ადამიანებს გვწყურია! და გვწყურია იმიტომ, რომ წყალს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

წყალი საკვები რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში, საჭმლის მონელებაში, შარდთან ერთად ცხოველქმედების პროდუქტების გამოყოფაში, თბორეგულაციაში...

წყალზე ორგანიზმის მოთხოვნა სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია რაციონზე, შრომით დატვირთვაზე, კლიმატზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, სიცხეში წყალზე მოთხოვნა იმატებს, რაც სხეულიდან მისი აორთქლების გაძლიერებით აიხსნება (წყალი ოფლის სახით იკარგება). იგივე ხდება ფიზიკური დატვირთვის დროსაც. საზოგადოდ კი ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 2,5 ლ წყალი სჭირდება.

დაახლოებით 1-1,5 ლ წყალს ადამიანი იღებს სხვადასხვა თავისუფალი სითხის (ჩაის, ყავის, წვნიანის) სახით, 1-1,5 ლ-ს – საკვების მეშვეობით, 0,3-0,4 ლიტრს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენლობის 90%-ზე მეტი წყალია. ადამიანის ორგანიზმში მისი შემცველობა 60%-ს აღწევს. მხოლოდ ტვინში 70% წყალია, ფილტვებში – 90%, ხოლო სისხლში – 83%. წყლის ასეთი ოდენობა აუცილებელია საჭმლის მონელებისა და სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის.

ბოსტნეულში, ხილსა და კენკრაში წყლის შემცველობა 85-95%-ს უტოლდება, რძეში – 88%-ს, ყველში – 40-50%-ს, კვერცხში – 74%-ს, თევზში – 75-80%-ს, ხორცში – 60-70%-ს, პურში 40-45%-ს. ასე რომ, ბევრიც ვეცადოთ, მთლად უწყლოდ ვერ დავრჩებით, თუმცა საჭირო ოდენობით მის მიღებას ჯანმრთელობისთვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა პათოლოგიურ პროცესებს აძლევს დასაბამს, თუმცა მანამდე ორგანიზმი სიგნალს გვაძლევს – გვეუფლება წყურვილის შეგრძნება. ისეც ხდება, რომ წყურვილს იწვევს არა სითხის ნაკლებობა, არამედ ნერწყვის გამოყოფის შემცირება. ამ შემთხვევაში საკმარისია პირის ღრუში სითხის გამოვლება. ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს ლიმონის, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები, ამიტომ მჟავე ხილი და წვენი წყურვილს წყალზე უკეთ კლავს. ასევე კარგია ასკილის უშაქრო წვენი, უშაქრო მწვანე ჩაი, უცხიმო, უშაქრო რძემჟავა სასმელები.

წყურვილის მოსაკლავად წყალი ყლუპობით უნდა ვსვათ 5-10 წუთში ერთხელ და არა ერთბაშად. ისიც უნდა ითქვას, რომ წყალი წყურვილს კლავს არა დალევისთანავე, არამედ მიღებიდან 10-12 წუთის შემდეგ, როცა მას საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიწოვს.

თეორიულად, ჭამის დროს წყლის ან რომელიმე სხვა სითხის მიღება უნდა ანელებდეს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის განზავების ხარჯზე, თუმცა უახლესმა კვლევებმა ეს თეორია არ დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის კონცენტრაციაზე, საკვების შემადგენლობაზე.

მრავალი ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაში კერძისთვის სასმლის მიყოლება მიღებულია. ეს შეიძლება იყოს წყალი, განზავებული ან განუზავებელი ღვინო, ჩაი ან ბურახი, უცხიმო, განზავებული რძემჟავა სასმელი. გამონაკლისია სამკურნალოდ დანიშნული მინერალური წყლები, რომელთა მიღება ჩვენებისა და დანიშნულებისამებრ უნდა მოხდეს.

 

მინერალური წყლის მადლი

ნამდვილად მოგვეთხოვება, მინერალური წყლების შესახებ მეტი ვიცოდეთ – საქართველო ხომ მდიდარია ასეთი წყლებით! იმდენად მდიდარი, რომ ბორჯომსა თუ ლიკანს სამკურნალო საშუალებად ვეღარც კი აღვიქვამთ – მათ ლამის ჩვეულებრივი სასმელი წყლის ფუნქცია მივანიჭეთ...

მინერალური წყლები შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ერთი რამ საერთო აქვთ – მინერალური ნივთიერებები ყოველ მათგანში უხვადაა. სწორედ ეს სძენს მათ სამკურნალო თვისებებს.

რა უნდა ვიცოდეთ მინერალური ნივთიერებების შესახებ

მოდი, გავიხსენოთ, რა ფუნქცია აკისრია მინერალურ ნივთიერებებს.

მინერალური ნივთიერებები მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიურ პროცესში და ყველა ორგანოსთვის აუცილებელია. მაგალითად, კალციუმი ძვლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რკინა და მაგნიუმი ცილების ტრანსპორტირებისთვისაა საჭირო, რკინა სისხლის მიერ აირების გადატანას უზრუნველყოფს.

ადამიანის ორგანიზმი მინერალურ ნივთიერებებს თავად ვერ გამოიმუშავებს, მხოლოდ საკვებიდან იღებს, ამიტომ ჩვენი რაციონი იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ ყველა აუცილებელი ნივთიერებით მოგვამარაგოს. ამა თუ იმ მინერალური ნივთიერების ნაკლებობისას ირღვევა ორგანიზ

საკვებმა მაქსიმალური სარგებლობა რომ მოგვიტანოს, უნდა დავიცვათ როგორც თავად მინერალურ ნივთიერებათა თანაფარდობა, ისე სხვა კომპონენტებთან მათი შეფარდებაც. მაგალითად, კალციუმის ათვისებას ხელს უშლის ფოსფორისა და მაგნიუმის, ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების უკმარისობა. ფოსფორის, კალ

ციუმისა და მაგნიუმის ოპტიმალურ თანაფარდობად მიიჩნევა 3:2:1.მის ნორმალური ფუნქციობა. მაგალითად, ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, ქლორის, ბრომის დეფიციტმა შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები გამოიწვიოს, იოდის უკმარისობა კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას არღვევს. ცხადია, არც მინერალურ ნივთიერებათა სიჭარბეა სასურველი, ისიც ვნებს ორგანიზმს.

მინერალური ნივთიერებებით მდიდარია ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის მრავალი პროდუქტი, მაგრამ მცენარეულ საკვებში მინერალური ნივთიერებების თანაფარდობა უმეტესად დაუბალანსებელია. ცხოველური სურსათი ამ კუთხით გაცილებით უკეთაა დაბალანსებული. მინერალური ნივთიერებების თანაფარდობა ოპტიმალურია რძესა და რძის ნაწარმში.

 

ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნა მინერალურ ნივთიერებებზე (მილიგრამებში)

ფოსფორი         1000-1500

ნატრიუმი         4000-6000

კალიუმი           2500-5000

ქლორიდები      5000-7000

მაგნიუმი           300-500

რკინა                15

თუთია              10-15

მანგანუმი           5-10

ქრომი                0,2-0,25

სპილენძი            2

კობალტი            0,1-0,2

მოლიბდენი         0,5

სელენი               0,5

ფთორიდები        0,5-1

იოდიდი             0,1-0,2

უნიკალური შემადგენლობის წყალობით მინერალურ წყლებს ორგანიზმისთვის უამრავი სიკეთე მოაქვს.

 

ორგანიზმის გაწმენდა

კვების ჰიგიენის სპეციალისტთა თანახმად, არასახარბიელო ეკოლოგიური პირობები და დაუბალანსებელი კვება არღვევს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობას (pH), მინერალური წყლების უმრავლესობა კი რეგულარული მიღების შემთხვევაში აბალანსებს pH-ს და ნივთიერებათა ცვლისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის, ამასთან, აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა. ამრიგად, მინერალური წყლები ორგანიზმისთვის ერთგვარი “შინაგანი შხაპია”.

 

წონის კლება

დიეტოლოგები ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევენ, ჩვეულებრივზე მეტი მინერალური წყალი სვან – ის დადებითად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე და წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ), რომლის დაშლის დროსაც გამოიყოფა ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის საჭირო ენერგია.

ამავე რეკომენდაციის თანახმად, ჭარბწონიანები უნდა ერიდონ ძლიერ გაზიან წყალს, რადგან აირი კუჭის წვენის გამოყოფას ასტიმულირებს და შიმშილს აღძრავს. თუ გახდომა გსურთ, მინერალური წყლის მიღებამდე გაზი გამოუშვით.

კბილები

დადგენილია, რომ მინერალური წყლები კბილებისთვისაც სასარგებლოა. მათი უმრავლესობა შეიცავს ფთორიდისა და იოდიდის იონებს, რომლებიც ამცირებს კარიესის განვითარების ალბათობას.

მინერალურ წყლებს, გარდა იმისა, რომ ავადმყოფობის პრევენციას ეწევა, სამკურნალო თვისებებიც აქვს. გთავაზობთ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელთა დროსაც სასარგებლოა მათი მიღება:

* ქრონიკული გასტრიტი;

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

* კოლიტი და ენტეროკოლიტი;

* ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები;

* პანკრეატიტი;

* ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული დაავადებები;

* შაქრიანი დიაბეტი.

 

გაითვალისწინეთ: მინერალური წყლების ურეჟიმოდ და განუსაზღვრელი ოდენობით მიღება, მეტადრე – დაავადებულთათვის, არ შეიძლება. თუ ჯანმრთელობას უჩივით, ექიმის ჰკითხეთ, რომელი წყალი სვათ, რამდენი და როგორი წესით. სანატორიუმში, სამკურნალო წყლების სიახლოვეს დასვენებისა და მკურნალობის ტრადიციაც ნელ-ნელა ისევ იკიდებს ფეხს.

 

კანი, მზე და ცოტაოდენი ტენი

ზღვაზე დასვენების ერთ-ერთ ნეგატიურ მხარედ მზეზე დიდხანს ყოფნას მიიჩნევენ. უმთავრესად იმიტომ, რომ ამ დროს კანი მეტისმეტად ბევრ ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს.

დიდი ხანია აღარავინ უარყოფს, რომ ულტრაიისფერი (UV) სხივები სასარგებლოა: ხელს უწყობს კანში D ვიტამინის წარმოქმნას, D ვიტამინი კი, თავის მხრივ, საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აუმჯობესებს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩონჩხის ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის ფუნქციობასა და სისხლის უჯრედების ფორმირებაში, – მაგრამ ექიმები ამტკიცებენ, რომ ამისთვის საკმარისია, ზაფხულობით კვირაში ორჯერ ან სამჯერ ხელებსა და სახეზე 5-10 წუთით დაგვხედოს მზემ.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, UV სხივების უკმარისობა თუ ჩონჩხის პათოლოგიებსა და D ვიტამინის დეფიციტს იწვევს, სიჭარბე გაცილებით მძიმე დაავადებებს აძლევს დასაბამს. ასე რომ, თავად განსაჯეთ, შეგიძლიათ თუ არა ულტრაიისფერი გამოსხივების დოზირების მართვა და მისცეთ თუ არა თავს მზის აბაზანების მიღების უფლება.სფერი (UV) სხივები სასარგებლოა: ხელს უწყობს კანში D ვიტამინის წარმოქმნას, D ვიტამინი კი, თავის მხრივ, საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აუმჯობესებს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩონჩხის ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის ფუნქციობასა და სისხლის უჯრედების ფორმირებაში, – მაგრამ ექიმები ამტკიცებენ, რომ ამისთვის საკმარისია, ზაფხულობით კვირაში ორჯერ ან სამჯერ ხელებსა და სახეზე 5-10 წუთით დაგვხედოს მზემ.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ “ჯანსაღი ნამზეური” არ არსებობს. მუქი პიგმენტი, მელანინი, გაძლიერებულად იმისთვის წარმოიქმნება, რომ სხეულს ფარად გადაეფაროს და კანის შემდგომ დაზიანებას შეუშალოს ხელი. მართლაც, გარუჯული კანი უფრო ნაკლებად იწვება მზეზე, ვიდრე თოვლივით ქათქათა. მაგრამ UV გამოსხივების შორეული შედეგებისგან (მაგალითად, ნაადრევი დაბერებისა და კანის კიბოსგან) ნამზეური ვეღარ დაგვიცავს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ UV გამოსხივება აკუმულირდება და წლევანდელმა ნამზეურმა შესაძლოა 10-20 წლის შემდეგ მოგიძღვნათ უსიამო საჩუქარი – უდროოდ დანაოჭებული კანი და სიმსივნე.

UVA სხივები ღრმად აღწევს კანში და შემაერთებელქსოვილოვან ელემენტებს, კოლაგენსა და ელასტინს, აზიანებს. სწორედ იმ ნივთიერებს, კანს სიმკვრივესა და ახალგაზრდულ იერს რომ ანიჭებს. სწორედ ამის დამსახურებაა ნაოჭები და თვალის უპეებთან გაჩენილი ტომრები. მელანინის ჰიპერპროდუქცია მუქი ლაქების გაჩენასაც იწვევს. გარდა ამისა, მზის სხივები აშრობს და აუხეშებს კანს.

UV სხივების თვალებზე ზემოქმედების შედეგია კატარაქტა (ბროლის შემღვრევა), ფტერიგიუმი (მოთეთრო წანაზარდი რქოვანაზე) და თვალის ანთება – ფოტოკერატიტი და ფოტოკონიუქტივიტი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა “მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაავადებების გლობალური ტვირთის” შესახებ, რომლის თანახმად, გარემოს დაბინძურებისა თუ სხვა მიზეზების გამო მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მილიონი DALY (ინვალიდობასთან დაკავშირებული სიცოცხლის წელი) იკარგება. ოზონის შრის გათხელება ვითარებას უფრო მეტად ამძიმებს. მაგალითად, ატმოსფეროს ზედა შრეებში ოზონის კიდევ 10%-ით შემცირება კანის არამელანომური კიბოს სამასი ათას, მელანომური კიბოს ოთხი ათას ხუთას და კატარაქტის 1.6-დან 1.75 მილიონამდე შემთხვევას გამოიწვევს.

  • უსაფრთხო გარუჯვისთვის მზისგან დამცავი კრემი წაისვით შინიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე.
  • კრემმა სათანადო ეფექტი რომ მოახდინოს, დაახლოებით 30 გრამი (ნაკლული არყის ჭიქა) უნდა წაისვათ.
  • აუცილებლად გადაისვით ტუჩის ბალზამიც, რომლის SPF ინდექსი 15-ს მაინც უდრის.
  • ზაფხულში მზისგან დამცავი კრემის წასმა დღეში რამდენიმეჯერ მოგიხდებათ, განსაკუთრებით – თუ ცურვას აპირებთ ან მეტისმეტად ოფლიანდებით. თუნდაც კრემის ეტიკეტზე მითითებული იყოს, წყალგამძლეაო (water-resistant), ცურვის შემდეგ მისი განახლება მაინც აუცილებელია.
  • მზისგან დამცავ საშუალებებს ძირითადად SPF-ის მიხედვით ვარჩევთ და ვიცით, რომ რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, დამწვრობისგან მით უფრო უკეთ ვიქნებით დაზღვეულნი. მოსალოდნელი ეფექტის გასაგებად SPF ინდექსი უნდა გამრავლდეს იმ დროზე, რომელიც საჭიროა დამწვრობის მისაღებად. მაგალითად, კანი 10 წუთში გიწითლდებათ, მზისგან დამცავი კრემი, რომლის SPF ინდექსიც 15-ის ტოლია, მას დამწვრობისგან 150 წუთის განმავლობაში (10X15) დაიცავს.

  • ნამზეურმა დიდხანს რომ გაძლოს, კანის დანოტივება არ უნდა დაიზაროთ. სპეციალისტები გვირჩევენ E, F, B 5, ჩ ვიტამინებით გამდიდრებულ ნელსაცხებლებს და ისეთ დამატენიანებელ კრემებს, რომლებიც საგანგებოდ გარუჯული კანისთვის არის განკუთვნილი. დამანოტივებელი საშუალება სახეზე დილით  უნდა წაისვათ. თუ კანმა კრემი  მყისიერად შეიწოვა, გადაისვით მეორე, უფრო თხელი ფენა, ნარჩენი კი ხელსაწმენდით მოიცილეთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სხეულის დატენიანებაც, განსაკუთრებით – დეკოლტეს ზონაში და სხვა მგრძნობიარე უბნებზე. სხეულის დატენიანება ყოველდღეა საჭირო. შხაპის შემდეგ აუცილებლად წაისვით გარუჯული კანისთვის განკუთვნილი სხეულის დამანოტივებელი საშუალება, მით უფრო – თუ იმ დღეს შინიდან გასვლას აპირებთ.

გარუჯული კანით დიდხანს რომ მოიწონოთ თავი, გაწმენდა-დატენიანებასთან ერთად კიდევ  რამდენიმე ფაქტორს უნდა მიაქციოთ ყურადღება:

* სვით რაც შეიძლება მეტი სითხე. უპირატესობა ახალგამოწურულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს მიანიჭეთ.

* ეცადეთ, ხშირად მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს A ვიტამინს.

* ერიდეთ  მათეთრებელ ნიღბებს და ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც ლიმონმჟავას, რძის შრატს და კიტრს შეიცავს.

* ერიდეთ საუნას და ცხელ აბაზანას – ცხელი წყალი კანის ფორებს აფართოებს, ეს კი ნამზეურისთვის არცთუ ხელსაყრელია.

გაუწყლოება

არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც გაუწყლოება ეწოდება. ის მაშინ წარმოიშობა, როცა ორგანიზმს წყალი აკლია. გაუწყლოების მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც წყლის არასაკმარისი ოდენობით მიღება, ისე მისი გაძლიერებული გამოყოფაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანიდან, თირკმელებიდან, ფილტვებიდან...

გაუწყლოება ვლინდება სხეულის მასის შემცირებით, წყურვილით, ლორწოვანი გარსების გამოშრობით, კანის ელასტიკურობის დაქვეითებით, თვალების ჩაცვენით, არტერიული წნევის დაცემით, ტაქიკარდიით, ჰიპერნატრიემიით, გულის წასვლით, კომით.

განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს გაუწყლოება ბავშვებთან. შეინიშნება მოდუნება, პირის ღრუსა და ტუჩების გამოშრობა, უცრემლო ტირილი, 7-8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შარდის გამოყოფის შეფერხება. შარდი მუქია და ჩვეულებრივზე მძაფრსუნიანი.

მცირე ასაკის ბავშვებთან საკმაოდ სწრაფად ვითარდება გაუწყლოების მძიმე ფორმა, ამიტომ საჭიროა ექიმთან დროულად მისვლა. შესაძლოა, საჭირო გახდეს სითხის ინტრავენური გადასხმა მანამდე, სანამ არ დაიწყება ორგანიზმის რეჰიდრატაცია.

საშუალო სიმძიმის გაუწყლოების შემთხვევაში ინიშნება სპეციალური ელექტროლიტური ხსნარები (რეჰიდრონი, აისოლი), რომლებიც შეავსებს დაკარგული სითხისა და მარილების მარაგს. არ შეიძლება ელექტროლიტური ხსნარის ნაცვლად სპორტული სასმელების გამოყენება. ასეთი სასმელები მართლაც უხვად შეიცავს ელექტროლიტებს, მაგრამ მათში ბევრია შაქარიც.

გაუწყლოება მოსალოდნელია:

* ორგანიზმის გადახურების დროს. ცხელ დღეებში ჭარბი ფიზიკური აქტიურობა, ასევე – მზის გულზე ან ჩახუთულ ოთახში დიდხანს ყოფნა ოფლიანობას და დიდი რაოდენობით სითხის კარგვას იწვევს.

* ფაღარათის დროს. სითხე აქტიურად იკარგება პირღებინებისა და კუჭის მოქმედების შედეგად. არ არის მიზანშეწონილი ტკბილი წვენების მიცემა. ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიცემასაც ერიდეთ – ეს უფრო მეტად დაამძიმებს მდგომარეობას. სამაგიეროდ, აუცილებელია წყალი.

* პირღებინების დროს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სითხის მცირე ულუფებით სმა (საუკეთესოა ელექტროლიტური ხსნარი). დაიწყეთ ორი ჩაის კოვზით 5 წუთში ერთხელ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დოზა გააორმაგეთ.

 

საჭყუმპალაო განწყობა

წყალი ახალშობილისთვის ყველაზე ნაცნობი გარემოა – მან ხომ ყველაზე უზრუნველი ცხრა თვე სწორედ წყალში გაატარა! ამიტომაც არის, რომ ამ გარემოში თევზივით გრძნობს თავს და ჰარმონიულად ვითარდება. წყლის პროცედურები დადებითად მოქმედებს კუნთოვან ტონუსზე, ნივთიერებათა ცვლაზე, რაც, თავისთავად ცხადია, პატარას გონებრივ განვითარებაზეც პოზიტიურად აისახება. რაც მთავარია, ბავშვს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის ჭყუმპალაობა.

შეგიძლიათ, წყლის პროცედურების პარალელურად ბავშვს მზისა და ჰაერის აბაზანებიც მიაღებინოთ, მაგრამ თანმიმდევრობის დაცვა მოგიწევთ: ჯერ – მზის ან ჰაერის აბაზანა, მერე – წყლის პროცედურები. საზოგადოდ კი გირჩევთ, ვიდრე ბავშვის გაკაჟებას დაიწყებდეთ, კონსულტაციისთვის პედიატრს მიმართოთ. ის პატარას შეურჩევს მისთვის შესაფერის პროცედურათა კომპლექსს, რომლის ჩატარება შინაც შეიძლება და ამბულატორიაშიც.

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხული ბავშვის გასაკაჟებლად საუკეთესო დროა: წყალში ჭყუმპალაობა სუფთა ჰაერზეა შესაძლებელი, მზის სხივებიც უხვად ხვდება ფაფუკ კანს და მშობლებსაც მეტი დრო აქვთ პატარა ონავართან გასატარებლად.

 

ვიწყებთ ასე

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბავშვს ჭყუმპალაობას არაფერი ურჩევნია, არიან ისეთებიც, რომლებსაც წყალში ფეხსაც ვერ ჩააყოფინებ. ან, თუ მოახერხეთ, ჭიდაობისა და ტირილის ხარჯზე. პატარა წყლისადმი პოზიტიურად რომ განეწყოს, ასე მოიქეცით:

* მიმზიდველი გახადეთ გარემო. შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა (ახალშობილისთვის ოპტიმალურია 35-40ºC, ჩვილისთვის ოდნავ გრილიც შეიძლება, თუმცა განუწყვეტლივ თერმომეტრის ყურება აუცილებელი არ არის – ცოტაოდენ გამოცდილებას რომ შეიძენთ, მის მაგივრობას იდაყვიც მშვენივრად გაგიწევთ). ჩაუყარეთ საყვარელი სათამაშოები, რაც მთავარია, ღიმილი და ალერსიანი სიტყვები არ მოაკლოთ. მიეცით უფლება, ჯერ მხოლოდ ხელები ან ფეხები ჩაყოს და სათამაშოს წაეპოტინოს.

* შეარჩიეთ დრო. იქნებ იმიტომ ტირის, რომ, მთელი დღის განცდებით დაღლილს, ახალი ემოციები აღარ სურს? მაშინ გვიანი საღამოს ნაცვლად დღის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, შუადღისას ან დილით აჭყუმპალავეთ. მერე რა, რომ პატარაა – მიეცით საშუალება, თავად გადაწყვიტოს, როდის ურჩევნია.

* დააშორეთ კვებას. ბუნებრივია, ახალნაჭამზე ბანაობა სასურველი არ არის. არც შიმშილით გამგელებული ბავშვის წყალში გადაშვება ივარგებს. დანარჩენი კი თქვენსა და თქვენი შვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნურც იმას დაიჟინებთ, ბავშვმა ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა იბანაოსო – იქნებ თავად სულაც არ სურს...

 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა

სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერია, ამიტომ რამდენიმე მარტივი წესი დაიმახსოვრეთ:

* ვიდრე ბავშვს წყალში ჩასვამდეთ, გულდასმით შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. ამერიკელი პედიატრები გვირჩევენ, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ის არ აღემატებოდეს 49 0ჩ-ს.

* თუ ბავშვის გასაკაჟებლად წყლის გაცივება განიზრახეთ, ცივი წყლის ონკანი პირდაპირ აბაზანაში ჩაუშვით, ისე, რომ პაწია წყლიდან არ ამოიყვანოთ. პირველ ჯერზე წყალს მეტისმეტად ნუ გააგრილებთ, მხოლოდ 2-3 გრადუსი “მოპარეთ”. პირიქით მოქცევა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ცხელის დამატებისას ბავშვი აუცილებლად ამოიყვანეთ წყლიდან.

* წყლის სიღრმე აბაზანაში 8-10 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

* თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვმა აბაზანის კიდეზე ხელის მოჭიდება არ ისწავლოს. თუ პატარამ საყრდენს მიაგნო, შესაძლოა, ფეხზე დადგომაც გაბედოს, აქანავდეს და აბაზანა გადმოაყირაოს. ამაში სათამაშოები დაგეხმარებათ – ბავშვს გაართობს და წამოდგომის სურვილს დაუკარგავს.

* საპონი, ნეჭა და სხვა საბანი საშუალებები ბავშვისგან მოშორებით დააწყვეთ, – გამორიცხული არ არის, პატარა ონავარმა ხელი სტაცოს და პირისკენ წაიღოს, – ოღონდ ისე, რომ თავად ადვილად მისწვდეთ.

* რაც უნდა მყარად იჯდეს ბავშვი აბაზანაში, არამც და არამც არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ. თუ სააბაზანოდან გასვლა მოგიხდათ, პაწია პირსახოცში გაახვიეთ და თან წაიყვანეთ.

 

ვიწყებთ ცურვას

ჩვილების ცურვას კარგა ხანია ვეღარ დავარქმევთ ნოვატორულ იდეას. ექიმები მას მხოლოდ მიესალმებიან. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ცურვის დასაწყებად საუკეთესო ასაკი მეორე-მეოთხე თვეა. კარგი იქნება, ბავშვს პირველი გაკვეთილები კვალიფიციურმა ინსტრუქტორმა ჩაუტაროს. ამისთვის პოლიკლინიკის აუზიც გამოდგება და საოჯახო აბაზანაც. თუ გაკვეთილებს ყურადღებით ადევნებთ თვალს, ორიოდე კვირაში შეგეძლებათ, დამოუკიდებლად შეასწავლოთ შვილს ცურვის ილეთები. განსაკუთრებით გაბედულ და თავდაჯერებულ მშობლებს კი მცირე ინსტრუქტაჟს ჩვენც ჩავუტარებთ.

ბავშვს თავდაპირველად წყალზე ტივტივს ვასწავლით. თავით თქვენკენ შემოაბრუნეთ, ცერა და საჩვენებელი თითებით მხრები დაუჭირეთ, დანარჩენები კეფაზე ამოსდეთ, ხელისგულებით კი თავი დაუკავეთ, რომ აქეთ-იქით არ ატრიალოს. ასე მიაცურეთ აბაზანის კიდესთან, ვიდრე ტერფებს კედელს არ მიაბჯენს და ბაყაყივით არ მოხრის. შემდეგ ნორჩი მოცურავე თავისთავად გაასწორებს კიდურებს, ფეხს ჰკრავს აბაზანის კედელს და უკან გამოცურავს.

როცა წყალს შეუთამამდებით, შეგიძლიათ მუცელზე ტივტივის ათვისებაზე გადახვიდეთ: თავი წყლიდან ამოაყოფინეთ, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნიკაპი დაუჭირეთ, დანარჩენებით – კისერი და თავი, მარცხენა ხელი მუცლის ქვეშ ამოუდეთ და წრეზე აცურავეთ.    რამდენიმე წრის შემდეგ შუბლსა და ლოყებზე პეშვით წყალი შეასხით. ამ დროს პაწია თვალებს დახუჭავს და სუნთქვას შეიკავებს. ასე ის მომდევნო ეტაპისთვის – ყვინთვისთვის – მოემზადება.

ეს ეტაპი კი მართლაც მაგარი ნერვების მქონე მშობლებისთვისაა: დაიკავეთ პაწია ნიკაპით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ, ერთი-ორი წრის შემდეგ თავი წამით წყალქვეშ ჩააყოფინეთ და ხმამაღლა უთხარით: “ვყვინთავთ”.

თუ ეს ყველაფერი კარგად ავითვისეთ, წყალბურთისა და ოლიმპიური რეკორდებისთვის ბრძოლა ერთი-ორი წლით გადავდოთ, თუმცა იმედი გვაქვს, არც ეს დღე იქნება ძალიან შორს.

 

როგორ მოვიქცეთ ზღვაზე

არსებობს მოსაზრება, რომ მცირე ასაკის ბავშვის ზღვაზე წაყვანა მიზანშეწონილი არ არის. ეს აზრი სიმართლეს არ შეესაბამება. თოთო პაწიასთან ერთად პლაჟზე ნებივრობა მართლაც ძნელია, მაგრამ თუ დედიკო მოინდომებს (და, რა თქმა უნდა, მამიკოც ხელს შეუწყობს), პაწაწინაც ისიამოვნებს ალერსიანი ტალღების შეხებით.

თურმე, ნუ იტყვით და, ზღვის წყალი საუკეთესო მკურნალი ყოფილა. ასე რომ არ იყოს, არავინ გამოიგონებდა მკურნალობის ისეთ მოდურ მეთოდს, როგორიც თალასოთერაპიაა.

მაინც რა შეუძლია ზღვას?

* აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას.

ზღვის წყალი მდიდარია სამკურნალო მაკრო- და მიკროელემენტებით (იოდით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, გოგირდით და ა.შ.), რომელთა ნაერთებიც ასტიმულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ამდენად, ზღვაში ბანაობა ორგანიზმის გაძლიერებასა და გაკაჟებას უწყობს ხელს.

* დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ინტელექტზე.

ზღვის მარილში შემავალი ბრომი და მაგნიუმი ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს. ზღვაში ერთკვირიანი ჭყუმპალაობაც კმარა, რომ მომატებული ქალაშიდა წნევა, რომელიც ბოლო ხანს საგრძნობლად გახშირდა, უკვალოდ გაქრეს, ხოლო იოდი, რომლითაც გაჯერებულია ზღვაც და მისი ანაორთქლიც, აუცილებელი ელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისთვის. თირეოიდული ჰორმონები, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. ამიტომ არის, რომ ბავშვი, რომელსაც იოდის უკმარისობა აღენიშნება, ზრდითაც ჩამორჩება და გონებრივი განვითარებითაც.

* ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

ზღვის მარილი აუმჯობესებს ძვლის ტვინის ფუნქციას. ამის კვალობაზე, ჰემოგენეზიც (სისხლის წარმოქმნა) აქტიურად მიმდინარეობს და ერითროციტებიც (ჰემოგლობინის შემცველი სისხლის უჯრედები) სათანადო რაოდენობით წარმოიქმნება. ამდენად, ზღვაზე დასვენება ბავშვისთვის ანემიის (სისხლნაკლებობის) პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

* ახდენს ბრონქებისა და ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკას.

შეამჩნევდით, რომ ზღვისპირეთში შვებით ვსუნთქავთ. ეს იმიტომ, რომ ზღვის ჰაერი სუფთაა და, რაც მთავარია, გაჯერებულია ზღვის მარილის თვალით უხილავი ნაწილაკებით, რომლებიც მალამოდ ედება სასუნთქ გზებს. დღის განმავლობაში ბავშვი 10 მილიონამდე ასეთ ნაწილაკს ჩაისუნთქავს. ამგვარი “ინჰალაცია“ პაწიას ორგანიზმს დიდად წაადგება.

ქვიშაში თამაში პლაჟზე გამოფენილი პატარებისთვის საუკეთესო თავშესაქცევია. გარდა ამისა, ქვიშას საკმაოდ ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს – მისი თითოეული ნაწილაკი ზღვის მარილის აპკით არის დაფარული. ერთი სიტყვით, რაღა ზღვაში უჭყუმპალავია ონავარს და რაღა პლაჟის ბარხანებში უნებივრია! ოღონდ თვალი ადევნეთ, რომ ღრმად არ ჩაეფლოს, რადგან ქვიშის ქვედა ფენა ცივი და ნოტიოა. უმჯობესია, ბავშვს თბილი ქვიშა ფეხებსა და მუცელზე დააყაროთ, თავი, ხელები და გულმკერდი ამოაყოფინოთ და ასე დატოვოთ 5-7 წუთს. ასეთი თერაპია კანს, სახსრებსა და კუნთებს დაამშვიდებს, მოადუნებს და გაათბობს.

და კიდევ: რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ზღვის წყლის მარგებლობაზე, მისი გადაყლაპვა არამც და არამც არ შეიძლება. ყველაზე კამკამა წყალიც კი სავსეა ნაწლავური ინფექციისა და A ჰეპატიტის (ბოტკინის დაავადების) გამომწვევი მიკროორგანიზმებით. თუ ბავშვს ზღვის მარილის ინჰალაცია ან სავლები დაუნიშნეს, ხსნარი შინ მოამზადეთ: აფთიაქში შეიძინეთ ზღვის მარილი, დაასხით ჭიქა მდუღარე და გამოავლეთ ან ასუნთქეთ პატარას.

 

განსაზღვრულ ასაკამდე

ამრიგად, ზღვაზე დასვენება ბავშვისთვის მეტად სასარგებლოა, თუმცა წლამდე ასაკის პატარებისთვის დიდად სასურველი არ არის. თუ მაინც გადაწყვეტთ, ჩვილი აზვირთებული ტალღების მშვენიერებას აზიაროთ, უსაფრთხოების წესებიც უნდა დაიცვათ.

უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდეთ, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მზის პირდაპირი სხივები მავნეა. გამოსხივების საჭირო დოზას ის ჩრდილშიც შესანიშნავად მიიღებს.

პაწიას კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე და სათუთია: მასში ცოტაა მელანოციტი – პიგმენტ მელანინის შემცველ უჯრედი. რაც უფრო მეტია ასეთი უჯრედი (და, შესაბამისად, მელანინი) კანში, მით უფრო ინტენსიურია რუჯი. მცირე ასაკის ბავშვებს (ისევე, როგორც ქერებსა და წითურებს) კი გარუჯვისთვის პიგმენტი არ ჰყოფნით, კანს ვეღარაფერი იცავს მზის სხივებისგან. მის დაზიანებას ისიც უწყობს ხელს, რომ პატარებს კანის ზედაპირული შრე მოზრდილებთან შედარებით ორჯერ თხელი აქვთ. ასე რომ, მცირე ასაკის ბავშვის კანს მეტად სათუთი მოვლა სჭირდება:

* თუ პატარა ჯერ წლისაც არ არის, შეუხსენით საფენი და ქოლგის ქვეშ წამოაკოტრიალეთ, კანის ნაკეცებზე კი პუდრი მიაყარეთ. აჯობებს, ბავშვი გაუნძრევლად კი არ იწვეს ერთ ადგილას, არამედ ითამაშოს, იხოხოს, წამოჯდეს... ასე მზის სხივები კანზე უფრო ეფექტურად იმოქმედებენ.

* ბავშვმა, ისევე როგორც მოზრდილმა, მზეზე თავდაპირველად ძალიან ცოტა დრო უნდა გაატაროს. მისი ორგანიზმი მზის სხივებს (თუნდაც მოჩრდილულსა და გაბნეულს) რომ შეაჩვიოთ, თავდაპირველად 15-20 წუთით (თუ შავგვრემანია, ნახევარი საათითაც) გააჩერეთ პლაჟზე, მერე და მერე – უფრო და უფრო მეტხანს.

* წლის შემდეგ სასურველია, ბავშვს კანზე გარუჯვის საწინააღმდეგო სპეციალური საბავშვო კრემი გადაუსვათ, რომლის დამცავი ინდექსი 20-30-ს მაინც უდრის. დამცავი კრემის წასმა სასურველია ყოველი ბანაობის შემდეგ. გაითვალისწინეთ, ბავშვს არამც და არამც არ გამოადგება მოზრდილებისთვის განკუთვნილი კანის მოსავლელი საშუალებები – შეუფერებელი კოსმეტიკა კანს გაუღიზიანებს და შესაძლოა, ალერგიაც დამართოს.

* პლაჟიდან დაბრუნდებით თუ არა, ბავშვს კანზე გარუჯვის შემდგომ სახმარი კრემი გადაუსვით. უმჯობესია, ის E ვიტამინს შეიცავდეს.

 

გაითვალისწინეთ!

სადაც არ უნდა ჭყუმპალაობდეს ბავშვი – ზღვის ტალღებში თუ კამკამა აუზში, ყველგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. უპირველესად – იმისთვის, რომ არ დაიხრჩოს, მაგრამ ამჯერად კანის დაცვას ვგულისხმობთ.

* პატარას მზის აგრესია ცურვის დროსაც ემუქრება. ნუ გეგონებათ, რომ წყალი ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს.

* თუ ონავარი წყლიდან ვერ ამოგყავთ, ეცადეთ, წყალმედეგი დამცავი საცხი შეურჩიოთ. ასეთ კრემს წარწერა “ჭატერპროოფ” ამშვენებს.

* ბანაობის შემდეგ, დააპირებთ თუ არა შინ წასვლას, ბავშვს გულდასმით შეუმშრალეთ ტანი (ოღონდ ნუ დაზელთ) და გარუჯვის შემდგომ სახმარი კრემი ან საბავშვო კოსმეტიკური რძე გადაუსვით.

ვივარჯიშოთ წყალში

ძველ ჩინეთში აღმოსავლური ორთაბრძოლების მიმდევარი ბერები წყალში ვარჯიშობდნენ, რათა წონასწორობის უკეთ შენარჩუნება ესწავლათ და ძლიერი და ზუსტი დარტყმისთვის მიეღწიათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი ჰიდროკინეზოთერაპიას – წყალში ვარჯიშით მკურნალობის მეთოდს – უკვე ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი. ასე მკურნალობდნენ პოლიომიელიტით დაავადებულებს – ეს დაავადება იმ წლებში მასობრივად იყო გავრცელებული.

“ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციის ცენტრში უკვე წელიწადზე მეტია მოქმედებს აკვააერობიკისა და აკვათერაპიის (ასე უწოდებენ წყალში ფიზიკურ თერაპიას) სამსახური. ამ თერაპიის გამაჯანსაღებელ მოქმედებაზე ცენტრის მეთოდისტი ქეთი ფრიდონიშვილი გვესაუბრება, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში აკვათერაპიის ეფექტიანობაში მრავალჯერ დარწმუნდა:

– წყალში ვარჯიშს ხმელეთზე ვარჯიშთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. ამას განაპირობებს წყლის სიმკვრივე, ჰიდროსტატიკური წნევა, ამომგდები ძალა, ვისკოზურობა და თერმოდინამიკა. თავად გარემო რეაბილიტაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორია: ადამიანისთვის, რომელიც გამუდმებით განიცდის გრავიტაციის ზემოქმედებას, წყალი ხდება თავისებური სამკურნალო “უწონადობა”. ასეთ უწონადობაში ვარჯიში დადებითად მოქმედებს სხეულის საყრდენი კონსტრუქციის (ხერხემლის, სახსრების) სისხლის მიმოქცევაზე. ფიზიკისა და ნორმალური ფიზიოლოგიის კანონებიდან გამომდინარე, ვარჯიშის ეფექტურობა მრავალჯერ იზრდება. მცირე სიღრმეზე ვარჯიშის დროსაც კი სისხლძარღვებზე ანტიგრავიტაციული ზემოქმედება (წყლის სიმკვრივე ჰაერისაზე 800-ჯერ მეტია) ფასდაუდებელია არასტაბილური არტერიული წნევისა და ვეგეტატური დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის. ვინაიდან წყლის სითბოგამტარობა 30-ჯერ აღემატება ჰაერისას, ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშიც კი ორგანიზმისგან მეტი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. დადგენილია, რომ 25 0ც ტემპერატურის წყალში 4-წუთიანი დატვირთვა 50-70%-ით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. წყალში ენერგიის დანახარჯი 2-ჯერ მეტია, ვიდრე დარბაზში ვარჯიშის დროს. აქედან გამომდინარე, წყალში ვარჯიში უფრო ეფექტურია ჭარბწონიანთათვის, განსაკუთრებით – რეაბილიტაციის ადრეულ ეტაპზე.

– უმთავრესად როდის მიმართავენ აკვათერაპიას, როდის არის ის შედეგიანი?

– ჩვენს კლინიკას აქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ერთმანეთს შეუხამოს კინეზოთერაპია დარბაზსა და აუზში. ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოში აპრობირებული სქემებით, როდის და რა დოზით ჩაერთოს მკურნალობაში აკვათერაპია ამა თუ იმ დაავადების დროს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს ექიმი წყვეტს.

დაავადებათა სპექტრი ძალზე ფართოა. უპირველესად, უნდა ვახსენოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. ეს ეხება როგორც ტრავმატოლოგიურ, ისე ორთოპედიულ პაციენტებს, განურჩევლად ასაკისა. ბავშვებისთვის ასეთი მკურნალობის ჩვენებად მიიჩნევა ტანდეგობის დარღვევა, სკოლიოზი, ძვალ-სახსართა სხვა დისპლაზიური დაავადებები, ზრდასრულებისთვის – ართროზები, ენდოპროთეზირებისა და სახსრებზე ჩატარებული სხვა ოპერაციების შემდგომი პერიოდი, მოტეხილობები და სხვა ტრავმული დაზიანებები, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კუნთოვანი ატროფიები, კონტრაქტურები, დეფორმაციები. ცალკე გამოვყოფ ნევროლოგიურ პათოლოგიებს. აკვათერაპია უხდება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებს – ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი), ქალა-ტვინის ტრავმები და ზურგის ტვინის დაზიანებები, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებსაც – ნეიროპათიებს, რადიკულარულ სინდრომს (მათ შორის – დისკოგენურს), სხვადასხვა გენეზის პარეზებს და ა.შ. როგორც აღვნიშნე, აკვააერობიკა შეუცვლელია ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა ჭარბი წონა, ასთენია, ფსიქოფიზიკური გადატვირთვა. აკვაკინეზოთერაპია შესანიშნავი გამოსავალია მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს, აგრეთვე ძალზე სასარგებლოა სპორტმენებისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად.

რასაკვირველია, არსებობს ფაქტორთა წყება, რომელთა დროსაც წყალში ვარჯიში არ შეიძლება. მაგალითად, ღია ჭრილობები, კანის დააავადებები, თვალის, ყურისა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებები, შარდის შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის სფინქტერის ფუნქციის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებათა დეკომპენსაცია... ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მკურნალობის ეს მეთოდი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს ცალკეული პაციენტის ანამნეზური და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით.

– როგორ ტარდება ვარჯიში წყალში?

– ისევე, როგორც კლასიკური სამკურნალო ფიზკულტურის დროს, ვარჯიშს ვიწყებთ შესავალი ნაწილით, შემდეგ ვატარებთ ძირითად ნაწილს და სუნთქვით ვარჯიშებს. ვარჯიშთა კომპლექსი ისეა შედგენილი, რომ სხეულის ყველა კუნთი სათანადოდ დაიტვირთოს. თითოეული სავარჯიშოს შესრულების ხარისხს თვალყურს ადევნებს მეთოდისტი. ვარჯიშის დროს გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობა: წყლის ჰანტელები, სიმძიმეები კიდურებისთვის, სპეციალური ჯოხები, პენოპლასტის დაფები... გარდა ამისა, ჩვენი აუზი აღჭურვილია წყლის ტრედმილითა და ველოტრენაჟორით. სარბენ ბილიკზე ვარჯიში წყალში გაცილებით ადვილია და, ამასთან, უსაფრთხოც მოტორიკის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის – არ გვეშინია წაქცევის, გადატვირთვის... უფრო ეფექტურია კარდიოვარჯიშებიც – დარბაზთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებ ხანში ვიღებთ იმავე ეფექტს. ბილიკის სიჩქარის ოდნავ მომატებაც კი საგრძნობლად ზრდის კუნთოვანი აპარატის დატვირთვას, ააქტიურებს კუნთთა უფრო დიდ ჯგუფს. იგივე ითქმის ველოტრენაჟორზეც.

ვარჯიში ტარდება როგორც ინდივიდუალურად (თუ პაციენტის დაავადების სიმძიმე მოითხოვს, მეთოდისტი ჩადის აუზში), ისე ჯგუფურადაც. ვარჯიში მუსიკის ფონზე მიმდინარეობას, რაც განწყობაზეც დადებითად აისახება.

– საჭიროა თუ არა სპეციალური პირობები აკვათერაპიისთვის?

– მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტებითაა განსაზღვრული წყლის ტემპერატურა – 30-32 0ც. იგულისხმება, რომ ადამიანს, რომელსაც წყალში თერაპია სჭირდება, მოძრაობა უჭირს, ამიტომ აუზში ჩასვლის შემდეგ სწრაფად ვერ გახურდება, ეს ტემპერატურა კი კუნთებს საშუალებას აძლევს, მოეშვას, არ დაიჭიმოს და, შესაბამისად, სწორად შეასრულოს საჭირო მოძრაობა.

მოძრაობაშეზღუდულ პაციენტებს წყალში სპეციალური ლიფტით ვუშვებთ, რაც ძალიან მოხერხებულია.

– შეიძლება თუ არა წყალში ვარჯიში ორსულებისთვის?

– არათუ შეიძლება, სასარგებლოცაა. არსებობს ვარჯიშთა კომპლექსები თითოეული ტრიმესტრისთვის. მოგეხსენებათ, რა ძლიერ იტვირთება ორსულობის დროს ხერხემალი, მენჯ-ბარძაყისა და ქვედა კიდურების სახსრები. წყალში ვარჯიში მათ განტვირთავს და ასვენებს. ამასთან, ვარჯიშდება კუნთები. კომპლექსი შეიცავს სუნთქვით ვარჯიშებსაც, რომელთა შესრულება შემდგომ აადვილებს მშობიარობის პროცესს.

– რამდენი პროცედურაა აუცილებელი შედეგისთვის?

– გააჩნია აკვათერაპიის დანიშვნის მიზეზს, მაგრამ, წესისამებრ, 15 პროცედურის შემდეგ შედეგი უკვე თვალსაჩინოა. პირველ სასიკეთო ცვლილებებს კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, პაციენტი 3-5 ვარჯიშის შემდეგ ამჩნევს. კარგი იქნება, ჯანმრთელმა თუ ავადმყოფმა მუდმივად იარონ აკვააერობიკასა თუ აკვათერაპიაზე, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებენ, ქრონიკული დაავადების შემთხვევაში უნდა შეძლონ და წელიწადში ორჯერ მაინც ჩაიტარონ ეს კურსი, რათა შედეგი უფრო გამყარდეს.

“ავერსის კლინიკაში” ფართოდ იყენებენ წყალქვეშა მასაჟსაც. როგორც „ავერსის კლინიკის“ სარეაბილიტაციო სამსახურის საპროცედურო მედდამ გიული მამადაშვილმა გვითხრა, წყალქვეშა მასაჟი სპეციალურ აბაზანაში წყლის ძლიერი ჭავლით ტარდება. ამ ჭავლით მუშავდება მთელი სხეული, განსაკუთრებით – პრობლემური ზონები, გარდა გულმკერდისა. წნევა და ტემპერატურა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ირჩევა. წყალქვეშა მასაჟი აუმჯობესეს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კუნთებს, ამკვრივებს და ელასტიკურობას უბრუნებს ჩამოკიდებულ კანს, უხდება ცელულიტს.

გარდა იმის, რომ წყლის პროცედურები ჯანმრთელობის აღდგენაში გვეხმარება, წყალში ვარჯიშიც და მასაჟიც იმდენად სასიამოვნოა, რომ კურსის ჩამთავრების შემდეგ ყველას უჩნდება სურვილი, აქტიური განტვირითვის ამ შესანიშნავ საშუალებას მუდმივად თუ არა, პერიოდულად მაინც დაუბრუნდეს.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: