რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ?
გააზიარე:
ძალიან დიდხანს მათ არსებობაზეც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა. მერე, როდესაც ბაქტერიები აღმოაჩინეს და მრავალი დაავადების განვითარებაში მათი როლი დადასტურდა, მათი დამარცხება მედიცინის უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა. ანტიბიოტიკების აღმოჩენამ მართლაც რევოლუცია მოახდინა მედიცინაში, მაგრამ გავიდა ხანი და აღმოჩნდა, რომ არც ეს იყო პანაცეა. ბაქტერიები ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომელთაც შეგუებისა და გადარჩენის ძლიერი უნარი აქვთ, და მედიცინა ახალ პრობლემას – რეზისტენტულ (გამძლე) მიკროორგანიზმებს – შეეჯახა.
ალბათ ცოტას თუ უფიქრია, რომ ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენებით, მკურნალობის კურსის საკუთარი შეხედულებისამებრ შეწყვეტით თვითონვე ვუწყობთ ხელს რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.
მაინც როდის უნდა მივცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი და როდის ჯობს თავის შეკავება? ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ობგაიძე გვესაუბრება.
– ინფექციურ დაავადებებს სხვადასხვა მიკრობი იწვევს, უმეტესად – ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები. ორგანიზმში შეჭრილ მიკრობებს ადამიანის იმუნური სისტემა თავდაცვითი მექანიზმების დახმარებით ანადგურებს, თუმცა ყოველთვის ვერ ერევა. ასეთ დროს ანტიბიოტიკებს ვიშველიებთ.
ანტიბიოტიკი ბაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატია. ის აფერხებს ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას ან საერთოდ განადგურებს მათ. ვირუსებსა და სხვა მიკრობებზე ის არ მოქმედებს. ამრიგად, რაკი ყველა ინფექციური დაავადება ბაქტერიით არ არის გამოწვეული, ყოველთვის არც ანტიბიოტიკების გამოყენებაა საჭირო.
პირველი ანტიბიოტიკი, რომელმაც ნამდვილად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, პენიცილინი გახლდათ. ის ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა 1928 წელს, რისთვისაც 1945 წელს ნობელის პრემია მიიღო. დღეს კი ასზე მეტი სახეობის ანტიბიოტიკია ცნობილი, რომელებსაც რამდენიმე კლასად ყოფენ. სამკურნალოდ მათი შერჩევისას ექიმი ითვალისწინებს დაავადების გამომწვევი მიკრობის ბუნებას, დაავადების მიმდინარეობას, ავადმყოფის ორგანიზმის თავისებურებებს.
ანტიბიოტიკების წყალობით კაცობრიობამ მრავალი მძიმე ინფექციური დაავადება დაამარცხა, თუმცა თავი იჩინა სხვა პრობლემამ – დაიწყო ამ პრეპარატების მასობრივი და ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი გამოყენება.
- – რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ?
– ბევრი არასასურველი რამ:
* ანტიბიოტიკებს შესწევთ იმუნიტეტის დაქვეითების უნარი, რაც ზრდის ახალი ინფექციებით დასნებოვნების რისკს;
* მათი უსისტემო გამოყენება იწვევს ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების მედეგობის ზრდას, რასაც ანტიბიოტიკების უეფექტობამდე მივყავართ, ეს კი განაპირობებს დაავადებათა მძიმე ფორმების გავრცელებას, რის გამოც ადამიანს სულ უფრო ხშირად დასჭირდება უფრო ძლიერი და ძვირად ღირებული ანტიბიოტიკების მიღება, გაუხანგრძლივდება ავადმყოფობა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის 2012 წლის მონაცემებით, ანტიბიოტიკრეზისტენტული ინფექციებით ევროკავშირში ყოველწლიურად 25 000 ადამიანი კვდება.
ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების მედეგობის ზრდა კაცობრიობას აუცილებლად დააბრუნებს იმ ეპოქაში, როცა ანტიბიოტიკების არარსებობის გამო ინფექციურ დაავადებებს ათასობით ადამიანი ეწირებოდა.
გარდა ამისა, ანტიბიოტიკების გადაჭარბებულ გამოყენებას ხშირად მოჰყვება გვერდითი ეფექტები, უმეტესად – დიარეა ან ნაწლავთა აშლილობა, პირის ღრუს, საშოს, საჭმლის მონელებელი ტრაქტის სოკოვანი ინფექცია, შარდკენჭოვანი დაავადება, სმენის დაქვეითება, მზის სხივებისადმი მგძრნობელობის მომატება, ცვლილებები სისხლმბად სისტემაში, სისხლის შედედების დარღვევა, ალერგიული რეაქციები. არსებობს მოსაზრება, რომ ადრეულ ასაკში ჩატარებულმა ხშირმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შესაძლოა შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნე გამოიწვიოს.
- – როგორ მოვიქცეთ გრიპისა და გაციების დროს, მივცეთ თუ არა ანტიბიოტიკი პატარას?
– ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარების უმთავრესი მიზეზია სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, რომელთა უდიდესი ნაწილი ვირუსებით არის გამოწვეული. ამ დაავადებებისთვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა, ცხვირით სუთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი. ანტიბიოტიკები ვირუსებზე, როგორ მოგახსენეთ, არ მოქმედებს. ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა არათუ სასარგებლო, არამედ შესაძლოა სახიფათოც კი აღმოჩნდეს.
მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკები გართულებებისგან ვერ გვაზღვევს, ამიტომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად მათი დანიშვნა მიზანშეუწონელია.
სასუნთქი სისტემის ვირუსულ ინფექციებს მხოლოდ სიმპტომური საშუალებებით მკურნალობენ. მიეცით პატარას თბილი სითხეები, ზომიერი ან მაღალი (38,5 0ჩ და მეტი) ცხელებისას – სიცხის დამწევი პრეპარატები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი), სხვა მედიკამენტების დანიშვნა კი ექიმს მიანდეთ.
კიდევ რამდენიმე რჩევა:
* ყოველთვის დაიცავით ექიმის დანიშნულება;
* ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს თვითნებურად;
* ყურადღება მიაქციეთ ანტიბიოტიკების შენახვის წესებს – ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, მომზადებული სუსპენზიები, მაცივარში უნდა ინახებოდეს, ზოგი კი ოთახის ტემპერატურაზე;
* ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშნული კურსი აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქტერიები შესაძლოა სრულად არ განადგურდეს და ცოტა ხნის შემდეგ დაავადებამ ხელახლა იჩინოს თავი.
მარი აშუღაშვილი