ტყუპების მოვლა

გააზიარე:

მაგრამ არა ყოველთვის – ეფექტი ზოგჯერ სამმაგიც არის, ოთხმაგიც... ტყუპებს ვგულისხმობთ, პაწიებს, რომლებმაც ჩასახვის წუთიდანვე არ იციან, რა არის მარტოობა.
სტატისტიკის თანახმად, ტყუპთა 95% წყვილად იბადება. არსებობს ასეთი ვარიანტები: და-ძმა, დები, ძმები. აშშ-ის მონაცემებით, ყოველი 41-ე მშობიარე ტყუპს აჩენს, ანუ ყოველი მესამე ამერიკელი იდენტურ დასთან ან ძმასთან ერთად ევლინება ქვეყნიერებას.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია: უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ტყუპების რიცხვმა აშშ-ში 74%-ით (!) მოიმატა. საიდან იღებს სათავეს ეს გაორმაგებული “ბეიბი ბუმი”?
პირველი მიზეზი ინ ვიტრო (ე.წ. ხელოვნური) განაყოფიერებაა, რომლის შედეგადაც ძალიან ხშირად ტყუპები იბადებიან. მეორე – თუ ქალს უნაყოფობის სამკურნალოდ ჰორმონული პრეპარატების მიღება უხდება, შესაძლოა, ჭარბი სტიმულაციის შედეგად ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედი მომწიფდეს და განაყოფიერდეს.
თუ პატარები ერთი კვერცხუჯრედისგან იშვნენ, მათ იდენტურ ტყუპებს უწოდებენ. ისინი ერთი სქესისანი იქნებიან და ერთმანეთს ემგვანებიან. ასეთ ნაყოფს, წესისამებრ, ერთი პლაცენტა, მაგრამ სხვადასხვა ამნიონური სითხე აქვს. აი, სხვადასხვა კვერცხუჯრედში ჩასახულებს კი თავ-თავიანთი პლაცენტა კვებავთ. ისინი შესაძლოა სხვადასხვა სქესისანიც იყვნენ და იმაზე მეტად არ ჰგავდნენ ერთმანეთს, ვიდრე ჩვეულებრივი დედმამიშვილები.

პირველი კონფლიქტი
ფაქტია, ტყუპ ნაყოფს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მათი მუცლით ტარება უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ორსულობისთვის დამახასიათებელი გართულებები ასეთ დროს უფრო ხშირია. 
ორი ყველაზე გავრცელებული უსიამოვნება, რომელსაც ტყუპის მუცლით ტარებისას უნდა ელოდოს ორსული, არის ნაადრევი მშობიარობა (ტყუპების ნახევარი დროზე ადრე იბადება) და პრეეკლამფსია (ქალს უყალიბდება ჰიპერტენზია, შარდში ცილა ჩნდება, ყოველივე ეს კი ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე ნეგატიურად აისახება).
განსაკუთრებით საყურადღებოა ნაყოფის განვითარების ისეთი პრობლემა, როგორიც ტყუპისცალისგან ტყუპისცალზე ტრანსფუზიის სინდრომია. ეს პრობლემა თავს მაშინ იჩენს, როდესაც პაწიებს საზიარო პლაცენტა აქვთ. ამ დროს სისხლი პლაცენტის გავლით ერთი ნაყოფიდან მეორეში მიედინება, შესაბამისად, ერთი ნაყოფი ზედმეტად მარაგდება სისხლით, ზომითად უფრო დიდია და ამნიონური სითხეც ჭარბად აქვს. სისხლნაკლული კი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება: ნორმაზე პატარაა, ამნიონური სითხეც ცოტაღა შერჩენია... როდესაც კონკურენცია მეტისმეტად მძაფრია, შესაძლოა ოპერაციული ჩარევა გახდეს საჭირო და პაწიები დროზე ადრე მოევლინონ ქვეყნიერებას.

გარანტია არსებობს!
წარმოიდგინეთ, დედა, რომელიც ერთბაშად ორ პაწიას აწოვებს ძუძუს! რა ძნელიც არ უნდა იყოს, დედიკოები ტყუპის ბუნებრივად კვებას მაინც ახერხებენ: ჯერ ერთს მიიწებებენ მკერდზე, მერე მეორეს. პედიატრები დაჟინებით მოითხოვენ, რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, პაწიას ბუნებრივი კვების სიხარულს ნუ მოაკლებთო. პატარა მსუნაგი მოხერხებულად დაისკუპეთ ძუძუსთან, მისი ასლი კი მამიკოს გადაულოცეთ შესაქცევად და მშვიდად, რიგრიგობით გამოკვებეთ ღორმუცელები.
დაიხსომეთ: ორი პაწიას ძუძუთი კვებასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ცნობილია ლაქტაციის მარტივი კანონი – რაც უფრო მეტს მოწოვს ჩვილი, მით მეტი რძე ექნება დედას. ასე რომ, ორის ძუძუთი კვება ორჯერ მეტი რძის ერთგვარი გარანტიაა!

არცთუ მთლად ერთნაირები
ორი თოთოს ერთად დაბანა, თავადაც ხვდებით, უდიდესი გმირობაა. მაგრამ საკმარისია, ტყუპები წამოიზარდონ, რომ ჭყუმპალაობა უდიდეს სიამოვნებად იქცევა.
რაც შეეხება ტანსაცმელს: თუ ბავშვები სხვადასხვა სქესისანი არიან, სავარაუდოდ, სხვადასხვა ფერის სამოსს ჩააცმევენ, თუმცა პირველ თვეებში არც ასეთი ფერ-კოდირებაა აუცილებელი – ყვითელ, ნარინჯისფერ და თეთრ სამოსს ხომ გოგონაც და ბიჭუნაც ერთნაირად მოიხდენენ! შესაბამისად, არც იმის გარჩევაა საჭირო, რომელი ბოდი რომლისაა. მაგრამ როგორც კი წამოიზრდებიან, უთუოდ სხვადასხვანაირი ტანსაცმელი უნდა უყიდოთ, თუნდაც ორივე ერთი სქესისა იყოს.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ტყუპის დედ-მამა ეჯახება, უძილობაა: ჯერ ერთი იღვიძებს, მერე მეორე, თანაც გაღვიძებასაც გააჩნია – რაც შეიძლება ხმამაღლაააა… უძილობით გათანგულ მშობლებს ვურჩევთ, პაწიები ერთდროულად დააძინონ, ანუ მათი ძილის რეჟიმი ერთმანეთს დაამთხვიონ. ამის მოხერხება ძალიან ძნელია, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთ (იქნებ ბედმა გაგიღიმოთ და გამოგადგეთ): როდესაც ერთი გაიღვიძებს და ჭამას მოგთხოვთ, მეორეც შეაღვიძეთ და ისიც გამოკვებეთ. ერთდროულად გამოუცვალეთ საფენიც.
საზოგადოდ კი გირჩევთ:
. დაარქვათ პაწიებს განსხვავებული სახელები (და არა ანდრო-სანდრო ან ანა-ნანა)
. ყოველთვის სახელებით მიმართეთ. ნუ დაუძახებთ: “ტყუპებო, შემომხედეთ”;
. წამოიზრდებიან თუ არა, იზრუნეთ, რომ თავ-თავიანთი, ერთმანეთისგან განსხვავებული ტანსაცმელი და ნივთები ჰქონდეთ;
. ტყუპების ტანსაცმელი სხვადასხვა თაროზე დააწყვეთ;
. დაბადების დღეზეც სხვადასხვა რამ აჩუქეთ.
. რაც მთავარია, ეცადეთ, მათში განსხვავებული ინტერესები და შესაძლებლობები გამოარჩიოთ და მათ განვითარებაში დაეხმაროთ.

აბა, რას ამბობ?!
ამბობენ, ტყუპები ენას გვიან იდგამენ და ხშირად მხოლოდ მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობენო.
სტატისტიკამ ცხადყო, რომ თუ “მარტოხელა” ონავარი დაახლოებით წლის ასაკში იწყებს ლაპარაკს, ტყუპებს ენის ამოდგმის დრო 2-2,5 წლისთვის უდგებათ.
კრიპტოფაზიაც ანუ მხოლოდ მათთვის გასაგები ენით საუბარიც მართლა ბევრ ტყუპს ახასიათებს. “ტყუპური” ენა ჩვეულებრივი მშობლიურისა და გამოგონილი სიტყვების ნაზავია.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ტყუპების აღზრდისას იჩენს თავს, პაწიების მეტყველების უნარის არათანაბარი განვითარებაა. შესაძლოა, ერთი პატარა უფრო თამამად ტიტინებდეს, ხოლო მეორე – ნაკლები ხალისით. თუ დედიკომ ერთ-ერთი მეორის თანდასწრებით ახალი სიტყვების ცოდნის გამო რამდენჯერმე შეაქო, შესაძლოა, ტიტინა კიდევ უფრო გათამამდეს და მეტი მონდომებით ალაპარაკდეს. აი, მეორე კი უთუოდ დაიმორცხვებს, არც ის არის გამორიცხული, პროტესტიც კი გამოთქვას და სიტყვაც აღარ დაძრას.
ამრიგად, ტყუპების მეტყველების ჩამოყალიბების პერიოდში მშობლებმა უდიდესი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ორივეს (სამივეს და, თუ ბედმა გაგიღიმათ, ოთხივესაც!) ცალ-ცალკე ინდივიდუალურად უნდა ესაუბრონ, ტიტინი არასდროს შეაწყვეტინონ, თანაბრად შეაქონ და, რაც მთავარია, თავად ელაპარაკონ გამართულად და არამც და არამც – ენის მოჩლექით. 

გააზიარე: