ვის ემართება პიკა?

გააზიარე:

 ალბათ, ყოველ თქვენგანს ჰყოლია ისეთი თანაკლასელი, შესვენებებზე მასწავლებლისგან მალულად ცარცს რომ შეექცეოდა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მასწავლებლები ამას ყურადღების მიქცევის სურვილით ხსნიდნენ. დღეს მედიცინას უკვე შეუძლია ამ უცნაური მოვლენის მეცნიერულად ახსნა. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ის პიკას კვებითი დარღვევის სახელწოდებით შევიდა. “პიკა” ლათინური სიტყვაა და “კაჭკაჭს” ნიშნავს. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებსაც თურმე კაჭკაჭივით დიდი და განურჩეველი მადა ჰქონიათ. მათ “მენიუს” თვალი რომ გადავავლე, ცარცი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რამ აღმოჩნდა. მიწა, თიხა, საღებავი, ბათქაში, სამრეცხაო სახამებელი,

სოდა, ყავის მარცვლები, სიგარეტის ფერფლი, დამწვარი ასანთის თავები, სიგარეტის ნამწვები, სხვადასხვა ფრინველისა თუ ცხოველის ფეკალიები, ყინული, წებო, თმა, ღილები, ქაღალდი, ქვიშა, კბილის პასტა, საპონი – ეს არასრული ჩამონათვალია კვებისთვის გამოუსადეგარი იმ ნივთებისა და ნივთიერებებისა, რომლებსაც პიკას კვებითი დარღვევის მქონე ადამიანები ეტანებიან. პიკა ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი ქცევა 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების 10-32%-ს ახასიათებს. პიკა ასევე ხშირია ორსულობის პერიოდში – მოგეხსენებათ, ორსულობისას ქალებს გემოვნება ეცვლებათ და ისეთი უცნაური რაღაცეების ჭამა უნდებათ, მანამდე აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ.


ვის ემართება პიკა?
საინტერესოა, რა იწვევს გემოვნების გაუკუღმართებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მისი მიზეზი ორგანიზმში გარკვეულ ნივთიერებათა ნაკლებობაა, მაგალითად, რკინისა ან თუთიისა, თუმცა უცნაური ნივთების ჭამით, რა თქმა უნდა, დეფიციტი ვერ შეივსება. ხშირად პიკა გონებრივი განვითარების დარღვევებთანაა შერწყმული. მაგალითად, აუტიზმთან, შიზოფრენიასა და ობსესიურ-კომპულსიური სინდრომთან. ორსულებში პიკა საკმაოდ ხშირია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი დარღვევა უფრო იმ ორსულებს ემართებათ, რომლებსაც ბავშვობაში ჰქონდათ ეს მავნე ჩვევა ან ვის ოჯახშიც ვინმეს ჰქონია პიკა.
იმისთვის, რომ ადამიანს პიკას დიაგნოზი დავუსვათ, ის, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ეტანებოდეს უცნაური საკვებს. პიკა უმეტესად მათ სჭირთ, ვინც არასრულფასოვნად იკვებება, ვისი საკვები რაციონიც ერთფეროვანია. თუ ასეთი ადამიანი ექიმთან აღმოჩნდა, აუცილებლად სისხლის საერთო ანალიზი დასჭირდება ანემიის გამოსარიცხად. ასევე აუცილებელია სისხლში ტყვიის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტყვიის შემცველ საღებავებს ჭამს ან შესაძლოა ჭამდეს.


საფრთხეების შესახებ
ეს თითქოსდა უწყინარი ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქადის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება ბეზოარებია. ბეზოარი ერთგვარი ქვაა, რომელიც კუჭში გადაუმუშავებელი მასალის (მაგალითად, თმის) დაგროვებისა და ერთმანეთთან შეწებების შედეგად წარმოიქმნება. კუჭის ბეზოარები შესაძლოა დიდხანს ჰქონდეს ადამიანს და არაფერი დაუშაოს, მაგრამ ხდება ისეც, რომ ვითარება რთულდება – “კენჭი” გაუვალობის მიზეზად იქცევა.
ტყვიით მოწამვლა უკვე ვახსენეთ. ის პიკას სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა. კვებისთვის გამოუსადეგარი ნივთების ყლაპვამ შესაძლოა ნაწლავების დაზიანებაც გამოიწვიოს (მაგალითად, ნივთი ნაწლავის სანათურში გაიჭედოს). ხშირად იზიანებენ კბილებსაც. მართლაც, რა კბილები გაუძლებს ასეთი ნივთების ღეჭვას?! არც პარაზიტული ინფექციაა გამორიცხული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვებად მიწას ან ცხოველთა ფეკალურ მასებს იყენებენ.


მკურნალობა საჭიროა?
თუ რაიმე გართულება არ განვითარდა, პიკა განსაკუთრებულ მკურნალობას არ მოითხოვს. ანემიის შემთხვევაში ამ უკანასკნელის კორექციას მიმართავენ, ტყვიით მოწამვლის დროს კი დეტოქსიკაციურ თერაპიას იწყებენ. მთავარი მაინც დაავადებულის მავნე ჩვევების შეცვლა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ზოგჯერ ფსიქოლოგის კონსულტაცია საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ამ დროს შეიძლება. მედიკამენტური თერაპია მაშინ არის საჭირო და ეფექტური, როდესაც პიკა გონებრივი განვითარების დარღვევის გამოვლინებაა. მკურნალობის ეფექტურობა განსხვავებულია. 
საბედნიეროდ, პიკა უმეტესად დროებითი მოვლენაა – რამდენიმე თვე გრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის, თინეიჯერობის ან მოწიფულ ასაკამდე იშვიათად გრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის განვითარების დარღვევებთან ერთად ჩნდება.

გააზიარე: